Thumbnail

ემოციური ფონი, კატასტროფული ჩაწოდება - რატომ წააგო სერენამ 19 წლის კანადელთან

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ემოციური ფონის გამო დიდი სლემის ფინალები სერენასთვის რთული სათამაშოა
  • პირველი ჩაწოდების გარეშე სერენას შანსი არ ჰქონდა
  • ბიანკა ანდრეესკუ ქალთა ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავია

აშშ-ის ღია პირველობის ფინალი სერენა უილიამსმა ორ სეტში დათმო კანადელ ანდრეესკუსთან. სერენა ფინალამდე ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ფინალში შანსი ფაქტობრივად არ ჰქონია. რატომ წააგო სერენამ? ხუთი ძირითადი ფაქტორი.

1. ემოციური ფონი

სერენამ ზედიზედ მეოთხე დიდი სლემის ფინალი წააგო - თან ისე, რომ ამ ფინალებში ერთი სეტიც კი არ მოუგია, ტაი -ბრეიკზეც კი არ ყოფილა და საერთოდაც, მხოლოდ ერთხელ ავიდა 5 გეიმამდე (გუშინდელ მეორე სეტში 5-7). არადა, აქამდე 29 ფინალიდან მას მხოლოდ 23 ჰქონდა მოგებული და 6 წაგებული. მან ოთხივე ფინალი სხვადასხვა მეტოქესთან დათმო. ანუ ერთი კონკრეტული, რომელიმე მოწინააღმდეგის პრობლემა არ ჰქონია.

ეს ფაქტორები ადასტურებს, რომ ბოლო ფინალებში სერენა მუდამ იმაზე ბევრად უარესად თამაშობს, ვიდრე შეუძლია. ეს ნერვული და ემოციური ფონით უნდა აიხსნას. ემოციები ქალების ჩოგბურთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მშობიარობიდან დაბრუნების შემდეგ სერენას ძალიან უნდა თავისი სარეკორდო 24-ე დიდი სლემი მოიგოს და ფინალებს ემოციურად გამძაფრებული ფონით თამაშობს. განსაკუთრებით ეს ამერიკის ღია პირველობაზე ჩანს, სადაც სერენა, ფაქტობრივად, სახლში თამაშობს - ნიუ იორკში ის ძალან უყვართ და მთელი კორტი ყოველთვის მისკენაა. სწორედ ზედმეტი ემოციების და ნერვების ბრალია, რომ სერენა ფინალებში ზედმეტად ღელავს, ჩხუბობს მსაჯებთან, აწყობს სკანდალებს, არ მისდის თამაში. ასე იყო გუშინაც, თამაშის დიდი ნაწილი სერენა ზედმეტად ემოციური იყო და თავის თავს არ ჰგავდა.

ერთი სტატისტიკური დეტალი: 8 ორმაგი შეცდომა - უხერხული დამწყები ჩოგბურთელისთვისაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ თავის ჩაწოდებაზე ორი გეიმი სერენამ მხოლოდ ორმაგი შეცდომებით აჩუქა მეტოქეს.

მისგან განსხვავებით, ანდრეესკუ ფსიქოლოგიურად თავისუფალი იყო - მისგან ფინალში ბევრს არავინ ელოდა. შემთხვევითი არ არის, რომ სერენამ თავისი ჩოგბურთი მხოლოდ ერთ მონაკვეთში ითამაშა - როცა მეორე სეტში 1:5-ს აგებდა, ყველაფერი უკვე წაგებული იყო და მანაც ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე გააგრძელა თამაში. შედეგად: ზედიზედ 4 მოგებული გეიმი!

2. კატასტოფული პირველი ჩაწოდება

სერენას თამაში ძალიან დიდი პროცენტით დამოკიდებულია მის ჩაწოდებაზე. სერენას პირველი ჩაწოდება ქალთა ჩოგბურთში, ფაქტობრივად, აუღებლად მიიჩნევა. გუშინდელ ფინალში სერენამ პირველივე მოწოდებაზე თავისი ჩაწოდების მხოლოდ 44 პროცენტი მოაწოდა - ეს კატასტროფული მაჩვენებელია (საშუალო მაჩვენებელი 60-70 პროცენტია). უილიამსის სტაბილური და ძალიან ძლიერი პირველი ჩაწოდება ფინალში სადღაც გაქრა.

მეორე ჩაწოდებაზე კი ინიციატივა და უპირატესობა უკვე ანდრეესკუს ჰქონდა - მეორე ჩაწოდებაზე სერენა ბურთების მხოლოდ 30 პროცენტს იგებდა, მაშინ, როცა თავის პირველ ჩაწოდებაზე სერენამ ბურთების აბსოლუტური უმრავლესობა, 74 პროცენტი მოიგო. მეორე სეტში სერენამ საერთოდაც 4-ჯერ დათმო თავისი ჩაწოდება. პირველი ჩაწოდების გარეშე სერენას ფინალში შანსი არ ჰქონდა.

3. ანდრეესკუ ბევრად უკეთ მოძრაობდა

ჩოგბურთელებს შორის ასაკში სხვაობა 18 წელია და არც არის გასაკვირი, ანდრეესკუ ბევრად უკეთ, მეტს და სწრაფად, რომ მოძრაობდა. პირველი ჩაწოდების გარეშე სერენას თავისი საყვარელი მოკლე გათამაშებები არ გამოსდიოდა. გრძელ გათამაშებებში კი, სადაც ბევრი მოძრაობაა, საჭირო მისი კანადელი ვიზავი სერენას შანსს არ უტოვებდა.

4. უნებლიე შეცდომები

სერენამ გათამაშებებში თავისი აქტიური ქმედებით 33 ბურთი მოიგო, ანდრეესკუმ მხოლოდ -19. პრობლემა ის არის, რომ სერენა თავისი შეცდომებით ძალიან ბევრ ქულას ჩუქნიდა თავის მეტოქეს. მან 33 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ანდრეესკუმ კი მხოლოდ -17. სერენა, ტრადიციულად, რისკიან და აგრესიულ ჩოგბურთს თამაშობს, მაგრამ მაშინ, როცა ის ამდენ შეცდომას უშვებდა, ანდრეესკუს მხოლოდ ის სჭირდებოდა, რომ ბურთი თამაშში შეენარჩუნებინა - სერენა შეცდომას თავისით დაუშვებდა.

5. ანდრეესკუ მომავალი ვარსკვლავია

ანდრეეკუს ძალიან კარი ჩოგბურთელია, უბრალოდ მისი სახელი, ფართო აუდიტორიისთვის ჯერ კიდევ ისე ნაცნობი არ არის, რადგან იგი დიდ ჩოგბურთში მხოლოდ ერთი წელია. ამ წლის დასაწყისში იგი მხოლოდ 147-ე ჩოგანი იყო, წელს კი მან თავისი თამაშების 92 პროცენტი მოიგო - 45 მოგება და 4 მარცხი!

ეს ფედერერის და ჯოკოვიჩის ისტორიული სეზონების მსგავსი სტატისტიკაა. თუ ტრავმის გამო წაგებებს არ ჩავთვლით, ბოლოს იგი ამ წლის მარტში დამარცხდა. მას ყველაფერი აქვს, რომ ქალთა ჩოგბურთის შემდეგ დიდ ვარსკვლავად იქცეს - კარგი ჩაწოდება, ძალიან კარგად მოძრაობს კორტზე, ემოციურად სტაბილურია, ძალიან კარგი ფორჰენდი და ა.შ.

📺 ვიდეო: ბიანკა ანდრეესკუ 6:3, 7:5 სერენა უილიამსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები