Thumbnail
  • აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ბიანკა ანდრეესკუმ სერენა უილიამსი დაამარცხა
  • 19 წლის კანადელმა 37 წლის ამერიკელს 2 სეტში, 6:3, 7:5 მოუგო
  • სერენამ მარგარეტ კორტის რეკორდი ისევ ვერ გაიმეორა

კიდევ ერთი დრამა ფინალში სერენა უილიამსისთვის: 37 წლის ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა US Open-ის ფინალი თინეიჯერ ბიანკა ანდრეესკუსთან წააგო!

სერენასთვის დიდი სლემის ფინალში ეს ზედიზედ მეოთხე მარცხია - უილიამსმა 24-ე ტიტული ისევ ვერ მოიგო და მარგარეტ კორტის რეკორდი ვერ გაიმეორა.

შარშანდელი სკანდალური ფინალიდან 1 წლის შემდეგ, 19 წლის ანდრეესკუმ სერენა 1 საათსა და 40 წუთში, ორ სეტში, 6:3, 7:5 დაამარცხა. 

“ბიანკა მომწონს. ვფიქრობ, რომ ის ძალიან მაგარი ქალია, მაგრამ ეს ჩემი ყველაზე ცუდი თამაში იყო მთელი ტურნირის განმავლობაში და ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ ვიცი, გაცილებით უკეთ თამაში შემიძლია. ვფიქრობ, 20 წლის შემდეგ აუცილებლად ვიტყვი, რომ არცისე ცუდი კარიერა მქონდა, მაგრამ დღეს ამ მარცხის მიღება ჩემთვის რთულია,” - განაცხადა სერენა უილიამსმა მატჩის შემდეგ.

ქალიშვილის დაბადების შემდეგ (2017 წლის სექტემბერი) სერენა 4-ჯერ გავიდა დიდი სლემის ფინალში და ოთხჯერვე დამარცხდა. უიმბლდონის ფინალები მან ანჟელიკ კერბერთან და სიმონა ჰალეპთან წააგო, შარშან კი, აშშ-ის ღია პირველობის სკანდალურ ფინალში ნაომი ოსაკასთან დამარცხდა.

როცა სერენამ კარიერაში პირველად მოიგო US Open (1999), ბიანკა ანდრეესკუ იმ დროს დაბადებულიც კი არ იყო. 19 წლის კანადელმა სეზონი მსოფლიოს 152-ე ჩოგნის რანგში დაიწყო და აშშ-ის ღია პირველობამდე რეიტინგში მე-15 პოზიციამდე დაწინაურდა. ამ დროში ტოპ 10-ის მოთამაშეებს 7-ჯერ შეხვდა და შვიდივე მატჩი მოუგო.

📺 ვიდეო: ბიანკა ანდრეესკუ 6:3, 7:5 სერენა უილიამსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები