Thumbnail
  • 📅 8 სექტემბერი | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V დანია | 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა

8 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს გამართავს და თბილისში, "დინამო არენაზე", დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მეტი ამ თემაზე: PREVIEW | რეაბილიტაციის შანსი ვაისს - დანია მთავარი მწვრთნელის გარეშეა

ვლადიმირ ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილითან ერთად წარსდგა

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

ვაისი: მზადება სტამბოლში დავიწყეთ, სადაც კარგი მატჩი ჩავატარეთ სამხრეთ კორეასთან. ოქრიაშვილი, ანანიძე და ქვილითაია დაბრუნდნენ. კარგი მატჩი ჩაატარეს და ეს მნიშვნელოვანია. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ შეხვედრით. დანიასთან მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ.

ტრავმირებულების მხრივ, რა მდგომარეობაა გუნდში და იქნებ გიორგი ჩაკვეტაძეზეც მოგვაწოდოთ ინფორმაცია...

ვაისი: სამწუხაროდ, ლაშა დვალი და ზურიკო დავითაშვილი ტრავმის გამო დაგვაკლდებიან. არადა, ზურიკომ კარგად ითამაშა სამხრეთ კორეასთან. ასევე, ვერ იქნება დავით ხოჭოლავა. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, კარგად მიმდინარეობს აღდგენის პროცესი, გენტშია და სავარაუდოდ, ორ თვეში დაუბრუნდება მოედანს.  

რა მიზეზით არ არის გიორგი ხარაიშვილი საქართველოს ნაკრების განაცხადში?

ვაისი: იმიტომ, რომ მე სხვა ფეხბურთელები გამოვიძახე. ხარაიშვილი კარგი მოთამაშეა, მაგრამ არჩევანი უფრო გამოცდილ მოთამაშეებზე შევაჩერე.

ვლადიმირ ვაისი გიორგი ხარაიშვილს გამოუცდელობის გამო იწუნებს

როდის მიიღებს გამოცდილებას, თუ არ გამოიძახებთ?

ვაისი: შეიძლება სხვა მწვრთნელი მოვიდეს და ის მისცემს შანსს. იგივე შემიძლია ვთქვა ზარანდიასა და არაბიძეზე. თითოეული მათგანი ჩემი თვალთახედვის არეშია, მაგრამ ამ ეტაპზე, სხვა მოთამაშეებზე შევაჩერე არჩევანი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებს ტოვებთ და ყაზახურ ასტანაში აპირებთ მუშაობას. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

ვაისი: კულისებში ყოველთვის მიდის გარკვეული პროცესები. მთავარი ის არის, რომ მე დღეს აქ ვარ და ვემზადებით მომდევნო მატჩისთვის.

სამხრეთ კორეასთან ბევრი საგოლე მომენტი გაფუჭდა. რას იტყვით ამ თემაზე და იგეგმება თუ არა ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები?

ვაისი: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საგოლე მომენტების გამოუყენებლობაა. სამხრეთ კორეასთან მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. რაც შეეხება შემადგენლობას, მომიწევს ორ-სამ პოზიციაზე ცვლილების გაკეთება. კვეკვესკირი და კანკავა გვაკლია, ნახევარდაცვის ცენტრში კი რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია თამაში: კიტეიშვილს, გვილიას, დაუშვილს.

ოთარ კიტეიშვილს დანიელებთან შინ უკეთესი თამაშის მოლოდინი აქვს

ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრები)

კიტეიშვილი: არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რაც დანიაში იყო. მაშინ მსაჯმაც დაუშვა შეცდომები და ამანაც იქონია გავლენა ანგარიშზე. შეგვიძლია შევუტიოთ და გაცილებით უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები