Thumbnail
  • პოლონეთს და სერბეთს არგენტინა და ესპანეთი შეუერთდნენ
  • ხვალ 2 სუპერმატჩი გველის: საფრანგეთი-ლიტვა, აშშ-საბერძნეთი

ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 ჯგუფური ეტაპის მხოლოდ სასტარტო მატჩები მიილია, I და J ჯგუფებიდან კი უკვე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, პლეი-ოფში უკვე გასულ პოლონეთს და სერბეთს, შესაბამისად, არგენტინა და ესპანეთი შეუერთდნენ.

სერხიო ერნანდესის შეგირდებმა ტურნირზე მიჯრით მე-4 გამარჯვება სამხრეთამერიკულ ჯახში ვენესუელასთან იზეიმეს და თან ისე, რომ დიდი ენერგიაც არ დაუხარჯავთ.

ვენესუელელები მეტოქეთა შეჩერებას მხოლოდ ფოლების ხარჯზე ახერხებდნენ, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ არგენტინამ 29-დან 27 საჯარიმოს ჩაგდება მოასწრო. შეუჩერებელი იყო მადრიდის რეალის მსუბუქი ფორვარდი გაბრიელ დეკი, რომელმაც 25 ქულა მიითვალა.

გაცილებით რთული მატჩი ჰქონდა ესპანეთს, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ მებრძოლ იტალიას მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 52:56 ჩამორჩა, თუმცა, დარჩენილი პერიოდი 15:4 მოიგო და 67:60 იმარჯვა.

კატასტროფული თამაში ჩაატარა ვეტერანმა ცენტრმა მარკ გასოლმა, რომელმაც 27:05 წუთში მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო, სამაგიეროდ, ყოჩაღად გამოიყურებოდნენ პირენეელთა ვარსკვლავური უკანახაზელები: რიკი რუბიომ 15 ქულა მიითვალა, სერხიო ლულმა კი – 11.

იტალიელები უმთავრეს იმედებს “დამრტყმელ” ტრიოზე ამყარებდნენ, რომელთაგან ორმა – დანილო გალინარიმ და ლუიჯი დატომემ, ასე თუ ისე გაამართლა (პირველმა 15 ქულა ჩააგდო, მეორემ – 12), აი, მესამემ კი გუნდი დაღუპა. მარკო ბელინელი ურთულესი პოზიციებიდან უტევდა, ექვსივე სამქულიანი ააცილა, სულ კი თამაშიდან 16-დან მხოლოდ 3 ტყორცნა გამოიყენა და იტალია მეოთხედფინალს მიღმა დატოვა.

შაბათს, 7 სექტემბერს კიდევ 8 მატჩი ჩატარდება და გულშემატკივარი ორ სუპერდაპირისპირებას იხილავს: ნანჯინგში საფრანგეთი ლიტვას შეერკინება, ხოლო შანხაიში აშშ და საბერძნეთი ითამაშებენ.

11:30 ახალი ზელანდია – იაპონია
12:00 კანადა – იორდანია
12:00 ავსტრალია – დომინიკის რესპუბლიკა
12:30 ბრაზილია – ჩეხეთი
15:30 თურქეთი – მონტენეგრო
16:00 გერმანია – სენეგალი
16:00 საფრანგეთი – ლიტვა
16:30 აშშ – საბერძნეთი

კომენტარები

ბოლო ამბები