Thumbnail
  • 📅 8 სექტემბერი | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V დანია | 📺 პირველი არხი
  • ვლადიმირ ვაისის გუნდს კოპენჰაგენში წაგებისთვის რეაბილიტაცია სჭირდება
  • დანიის ნაკრები თბილისში სათამაშოდ მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩამოვიდა 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეხუთე მატჩს ჩაატარებს - თბილისში, "დინამო არენაზე" დანიის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელთანაც სტუმრად კოპენჰაგენში ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

ივნისში ჩატარებულ იმ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გუნდმა ვერაფერი დაუპირისპირა მეტოქეს. იყო მხოლოდ 25-ე წუთზე საბა ლობჟანიძის მიერ გატანილი გოლი, რომლის შემდეგაც ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ქულის მოპოვების იმედის ნაპერწკალი პირველსავე ტაიმში კრისტაინ ერიქსენმა ჩაგვიქრო…

საბა ლობჟანიძემ დანიას სტუმრად გაუტანა და იმავეს თბილისშიც შეეცდება 

კოპენჰაგენში ჩატარებული იმ უსიამოვნოდ მოსაგონებელი შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა ნაკრები ახლახან სტამბოლში ავარჯიშა - სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ დაპირისპირებაში, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.

გვიჭირს ჩავწვდეთ, რა იყო დანიასთან თბილისურ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე აზიელებთან ამხანაგურის დაგეგმვის მიზანი და რა დასკვნები გამოიტანა სლოვაკმა სპეციალისტმა. რაც მთავარია, თავად ვაისი სტამბოლში ჩატარებული თამაშის შედეგით და კონკრეტული ფეხბურთელების გარჯით, მთლიანობაში კმაყოფილი დარჩა, ოღონდ დასძინა, რომ დანიასთან მატჩის შემადგენლობაში ცვლილებებს მაინც განვახორციელებო

ვაისი სტამბოლში ჩატარებული ამხანაგური მატჩით უკმაყოფილო არ დარჩა 
📷 GFF.GE

და კიდევ, ახლახან ყაზახურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაისის ყაზახეთში დაბრუნებით ამ ქვეყნის კლუბი ასტანაა დაინტერესებული და მოლაპარაკებაც მიმდინარეობსო. თუკი ამ ცნობაში სიმართლის მარცვალი მაინც ურევია, მაშინ გამორიცხული არაა, დანიასთან თბილისური მატჩი სლოვაკი სპეციალისთვის საქართველოს ნაკრებში უკანასკნელიც იყოს. 

საქართველოს ნაკრები

დანიასთან თამაშს საქართველოს ნაკრები დანაკლისით ხვდება და განსაკუთრებული პრობლემა ვაისს დაცვის ხაზში აქვს. გაზაფხულზე მიღებული ტრავმის შემდეგ, ფორმაში ვერ ჩადგა საბა კვერკველია, დავით ხოჭოლავამ კი მხარი ცოტა ხნის წინ, შახტარის ვარჯიშზე ამოიგდო. ნაკრების შეკრებაზე მხოლოდ ინდიდუალურად ვარჯიშობდა ლაშა დვალი, რომელიც დანიასთანაც ვერ ითამაშებს.

18 წლის ზურიკო დავითაშვილს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი სამხრეთ კორეასთან ჰქონდა

დანაკლისია ნახევარდაცვაშიც. ყვითელი ბარათების გამო, სკანდინავიელებთან არც ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ითამაშებს და არც მისი თანაგუნდელი ყაზახურ ტობოლში, ნიკა კვეკვესკირი, რომელსაც ტრავმა აქვს. კორეასთან თამაშის შემდეგ პრობლემა შეექმნა ზურიკო დავითაშვილსაც.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ D ჯგუფში ჩატარებული ოთხი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო (შინ გიბრალტართან - 3:0), წააგო თბილისში შვეიცარიასთან (0:2), ხოლო სტუმრად - ირლანდიასა (0:1) და დანიასთან (1:5).

დანიის ნაკრები

"დანიურ დინამიტს" ევროპირველობაზე გამარჯვება 1992 წელს აქვს მოპოვებული, 1984 წლიდან მოყოლებული კი, მხოლოდ ორი ევრო აქვს გამოტოვებული - 2008 და 2016 წლებში. სკანდინავიელთა ამბიციები ამჯერადაც მაღალია და მიზანი, მინიმუმ, ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა.

ჰარეიდეს ნაცვლად, თბილისში დანიას იონ დალ ტომასონი უთავკაცებს

სკანდინავიელების მთავარი დანაკლისი თბილისურ მატჩში, გუნდის მთავარი მწვრთნელი ოგე ჰარეიდეა. ნორვეგიელმა სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა და ექიმებმა მას მგზავრობისგან თავის შეკავება ურჩიეს. შესაბამისად, გუნდიც მისმა თანაშემწემ, წარსულში ცნობილმა დანიელმა ფეხბურთელმა, იონ დალ ტომასონმა ჩაიბარა და გულშემატკივრებს იმედი არც გაუცრუა - თბილისურ მატჩამდე, 5 სექტემბერს, ნაკრები სტუმრად გიბრალტართან ათამაშა. დანიამ მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანა და ახლა ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, 4 მატჩში მოპოვებული 8 ქულით (2-2 მოგება და ფრე).

გიტკიაერმა და ერიკსენმა გიბრალტართან 2-2 გოლი მიითვალეს

8 სექტემბერს, ჩვენს ჯგუფში პარალელურად ასევე ითამაშებენ შვეიცარია და გიბრალტარი, ირლანდია კი ამჯერად დაისვენებს.

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს და დანიის ნაკრებები ერთმანეთს მეხუთედ ხვდებიან. წინა 4-იდან 3 მატჩი დანიელებმა მოიგეს, ერთი კი ფრედ დასრულდა.

⚽ საქართველოს და დანიის ნაკრებების ურთიერთშეხვედრებში ბურთების სხვაობა სოლიდურია - 15:5, მეტოქის სასარგებლოდ.

⚽ საქართველოს ნაკრებმა დანიასთან ერთადერთი ქულის მოპოვება 2006 წლის მუნდიალის შესარჩევში, თბილისში შეძლო - 2:2.  

⚽ იმავე შესარჩევში, სტუმრად დანიაში 1:6 წაგება საქართველოს ნაკრების ანტირეკორდია. ამხელა სხვაობით ისტორიაში მეორედ წავაგეთ (მანამდე 1996 წელს, რუმინეთთან - 0:5).

⚽ საქართველოს და დანიის ნაკრებებს შორის ჩატარებულ ოთხივე მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა და ორივე გუნდი იტანდა.

⚽ საქართველოს ნაკრებმა დანიასთან ჩატარებულ ოთხივე შეხვედრაში მინიმუმ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

⚽ საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 ოფიციალური საშინაო მატჩიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 წააგო.

⚽ საქართველოს ნაკრების ბოლო 10 ოფიციალურ საშინაო მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი ხუთში დაფიქსირდა.

⚽ საქართველოს ნაკრები ბოლო 10 ოფიციალური საშინაო მატჩიდან 8-ში, მინიმუმ, ერთი გოლის გატანას ახერხებდა. 

⚽ დანიელთა ამჟამინდელ თავკაცს, იონ დალ ტომასონს, ფეხბურთელობის დროს თბილისში დუბლი აქვს შესრულებული - 2004 წელს (2:2).

⚽ დანიის ნაკრებმა შარშან სექტემბერში ამხანაგური სლოვაკეთთან წააგო (0:3). მას შემდეგ ჩატარებული 5 მატჩდან 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

⚽ დანიის ნაკრების ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამში ექვსი გოლი გავიდა, ჰარეიდეს გუნდი კი, მინიმუმ, 3 გოლს იტანდა.

სავარაუდო შემადგენლობა

საქართველოს ნაკრები (4-3-2-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე - აბურჯანია, გვილია, დაუშვილი (ან კიტეიშვილი) - ყაზაიშვილი, ანანიძე - ქვილითაია. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები