Thumbnail
  • ბელარუსების ახალმა თავკაცმა საქართველოსთან მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყო
  • მიხაილ მარხელი ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლს მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს 
  • ერთა ლიგაში საქართველო-ბელარუსის დაპირისპირება 2020 წლის მარტში შედგება 

ბელარუსის ნაკრები, რომელიც უეფას ერთა ლიგაში საქართველოს მეტოქეა, ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლს მომავალი დაპირისპირებისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს. 

ბელარუსის ეროვნულ გუნდს ამ ზაფხულს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს - მიხაილ მარხელი, რომელიც მანამდე ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა. 52 წლის სპეციალისტმა გუნდი არცთუ სახარბიელო მდგომაროებაში ჩაიბარა. ბელარუსი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო C ჯგუფში გამოდის, სადაც მანამდე ოთხი მატჩი ჩაატარა და ყველა წააგო. წინა მწვრთნელის, იგორ კრიუშენკოს ხელში გუნდმა სტუმრად ჰოლანდიასთან (0:4) და შინ გერმანიასთან (0:2), შინ და გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან (1:2, 0:1) წააგო. ბელარუსებს 0 ქულით (ბურთები: 1-9) ცხრილში მეოთხე ადგილი უკავიათ და პრაქტიკულად, ევროშესარჩევ ციკლზე ხელიც აქვთ ჩაქნეული.

მიხაილ მარხელის მთავარი მიზანი ბელარუსის ნაკრების თბილისური მატჩისთვის მომზადებაა

საქართველოს და ბელარუსის ნაკრებების ½-ფინალური დაპირისპირება უეფას ერთა ლიგაში, რომელიც ევრო 2020-ის საგზურისთვის ბრძოლის შანსს იძლევა, მომავალი წლის მარტში, თბილისში გაიმართება. აქ გამარჯვებული კი ფინალში კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს უკვე საგზურისთვის დაუპირისპირდება.

ახლა მიხაილ მარხელი პირდაპირ და დაუფარავად აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი საქართველოსთან თამაშისთვის გუნდის სათანადოდ მომზადებაა და ეროვნულ ნაკრებში ნიჭიერ ახალგაზრდებსაც თამამად იწვევს:

"უახლოეს მატჩებს, ერთა ლიგაში საქართველოსთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად განვიხილავთ. ხოლო საიმისოდ, რათა ნიჭიერი ახალგაზრდების იმედი გვქონდეს, ისინი  ეროვნულ გუნდს აქედანვე უნდა მივაჩვიოთ".

საქართველომ შარშან ერთა ლიგის D დივიზიონის პირველი ჯგუფი მოიგო და 1/2-ფინალში ითამაშებს

ბელარუსის ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევის მატჩს 6 სექტემბერს სტუმრად ესტონეთთან ჩაატარებს, 9-ში კი ამხანაგურად უელსს დაუპირისპირდება.

კარგი მდგომაროება ევრო 2020-ის შესარჩევში არც საქართველოს ნაკრებს აქვს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა 4 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო (შინ გიბრალტართან - 3:0), წააგო თბილისში  შვეიცარიასთან (0:2) და სტუმრად ირლანდიასა (0:1) და დანიასთან (1:5). უახლოესი მატჩი საქართველოს ნაკრებს თბილისში, 8 სექტემბერს, დანიასთან აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები