Thumbnail

'ქვეყნის სიყვარულისთვის' - ATP-ის თასზე საქართველოს ადგილი დაბევებული აქვს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ATP-ის თასი 2020 წელს ავსტრალიაში გაიმართება - 3-12 იანვარს.
  • წესით, საქართველოს მასში მონაწილეობა გარანტირებული აქვს, მაგრამ...

16 სექტემბერს ATP-ის თასის წილისყრა გაიმართება - ეს არის ახალი ტურნირი, რომელშიც ერთმანეთს ქვეყნები ეჯიბრებიან! 2020 წლის სეზონს ჩოგბურთის სუპერვარსკვლავები ATP-ის თასით დაიწყებენ. 

ATP-ის თასი ავსტრალიის სამ ქალაქში (ბრისბენი, პერთი, სიდნეი) გაიმართება და მასში 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მოთამაშეები რეიტინგში ქულებსაც შეიმატებენ და 22 მილიონ ავსტრალიურ დოლარსაც გაინაწილებენ.

ATP-ის თასზე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდი იქნება ATP-ის ტურნირებს შორის.

ქვეყანა ადგილს თასზე მისი საუკეთესო ჩოგბურთელის რეიტინგის მიხედვით მოიპოვებს. 

24 მონაწილე ქვეყნიდან პირველი 18-ის მონაწილეობის საკითხი დამოკიდებულია ჩოგბურთელების განაცხადზე, რომლის ბოლო ვადაც 13 სექტემბერია. დანარჩენი 6 გუნდისთვის ვადა 13 ნოემბერია. თუ 18-ეულში ვერ მოხვდება, ავსტრალია "უაილდ ქარდს" მიიღებს, როგორც მასპინძელი ქვეყანა. 

საქართველო ATP-ის თასზე თამაშის კრიტერიუმს აკმაყოფილებს - ქვეყანას სულ მცირე, 3 ჩოგბურთელი უნდა ჰყავდეს რეიტინგში, აქედან ორი მაინც უნდა იყოს ერთეულებში.

ჩვენ ერთეულთა თანრიგში გვაყვს ნიკოლოზ ბასილაშვილი (18), ალექსანდრე მეტრეველი (720), გიორგი ცივაძე (933) და საბა ფურცელაძე (1876). 
გუნდში 5 მოთამაშემდე შეიძლება იყოს. 

24 ნაკრები 6 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება. თითო ქალაქში 2 ჯგუფის თამაშები გაიმართება. ფინალი სიდნეიში გაიმართება. ფინალში 8 ნაკრები გადის - 6 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი. ფორმატი ასეთია - მატჩი შედგება 3 შეხვედრისგან, 2 ერთეულთა და 1 წყვილთა თანრიგში. 

ქვეყნის სიყვარულისთვის - ამ ტურნირის ლოზუნგია

საერთო ჯამში, დაუმარცხებელმა ჩოგბურთელმა ATP-ის თასზე შეიძლება 750 ქულა დააგროვოს. 

ბასილაშვილის დამსახურებით, საქართველო დღეისათვის მე-17 ადგილზეა 1 985 ქულით. 18-ეული შეირჩევა ორშაბათის რეიტინგის მიხედვით. 

პირველ ტურნირს ავსტრალია მასპინძლობს

არის მხოლოდ ერთი დიდი პრობლემა, როგორც ახლახან გაირკვა, ნიკა სეზონის ბოლოსკენ ხელის ოპერაციას გეგმავს და თუ არ გადაიფიქრებს, 13 სექტემბრამდე ამ ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწევს, რადგან შესაძლოა, ამის გამო სეზონის დასაწყისის გამოტოვება მოუწიოს. ეს კი საქართველოს ახალ ტურნირზე თამაშის შანსს უსპობს. 

სხვათა შორის, ახლახან მან დევისის თასზე საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა. გუნდი ნორვეგიას ლიდერის გარეშე დაუპირისპირდება. 

ATP-ის თასის ცხრილი დღეისთვის

კომენტარები

ბოლო ამბები