Thumbnail
  • გიბრალტარი 0:6 დანია, ირლანდია 1:1 შვეიცარია
  • სკანდინავიელებმა მთავარი მწვრთნელის გარეშეც გაილაღეს
  • ირლანდია და შვეიცარიაც დაუმარცხებელნი არიან

დანიის საფეხბურთო ნაკრებს, რომელსაც კვირას თბილისში საქართველოსთან მატჩი ელის, გიბრალტარში კარგი ვარჯიში გამოუვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიელები სტადიონ “ვიქტორიაზე” სათამაშოდ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა იონ დალ ტომასონმ გაიყვანა (ოგე ჰარეიდემ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და შინ დარჩა), სტუმართა უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა. მათ 6 უპასუხო გოლი შეაგდეს და წაუგებელი სერია ათ მატჩამდე გაზარდეს.

ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გაიხსნა, როდესაც საჯარიმოში მყოფი სკოვი ერიკსონის ოსტატურ პასს გამოეხმაურა და თავურით ბურთი კარში გადაგზავნა. სტუმრებს შესვენებამდე კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდათ, თუმცა, მხოლოდ ერთხელი იხეირეს. მასპინძელთა მცველმა სერჯენტმა დელეინი ხელით დაქაჩა, რაც შეხვედრის ბელგიელ არბიტრს შეუმჩნეველი არ დარჩენია, პენალტი კი აუღელვებლად ერიკსონმა შეაგდო.

ეს უკანასკნელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან კიდევ ერთხელ მე-2 ტაიმის სტარტზე მივიდა, როდესაც უიღბლო სერჯენტმა საჯარიმოში ამჯერად უკვე პოულსენი დასცა. დანიელთა ათმა ნომერმა გიბრალტარელთა კარის დარაჯი კოლეინგი ამჯერადაც იოლად მოატყუა. შეხვედრის 69-ე წუთზე თავი უკვე დელეინიმ გამოიჩინა, რომელმაც კუთხურიდან სკოვის პასს ყუმბარისებური დარტყმა მიაყოლა.

მალევე მასპინძელთა კარის დარაჯმა ბურთი ბადიდან მეხუთედ გამოიტანა, მას შემდეგ, რაც ერიკსენის გასროლა მოიგერია, თუმცა, დამატებაზე გიტკიაერის დარტყმას ვეღარ გადაეღობა. სკანდინავიელთა მე-9 ნომერმა 78-ე წუთზე გარჯა უკვე შეცვლაზე შესულ შონეს დაუფასა. გიტკიაერი გოლკიპერთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია.

გიბრალტარი 0:6 დანია

გიბრალტარი 0:6 დანია - დანიელებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 ქულა აიღეს

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 05 სექტემბერი, 2019

თუკი გიბრალტარში გოლების ცვენა იყო, ძალიან “ჩაკეტილი” გამოვიდა ევრო 2020-ის ჩვენთვის საინტერესო D ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც დუბლინმა უმასპინძლა. “ავივა არენაზე” ირლანდიელები შვეიცარიას დაუხვდნენ და 1:1 ითამაშეს, შესაბამისად, გუნდებმა წაგებათა გრაფაში ნულიანები შეინარჩუნეს.

მთავარი ამბები დასკვნით თხუთმეტიოდ წუთში დატრიალდა, როდესაც შვეიცარიელები მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ შერმა დააწინაურა, წონასწორობა კი თავური დარტყმით მაკგოლდრიკმა აღადგინა, რასაც ველანის მიერ ბურთის ხარიხისთვის გარტყმა უძღოდა.

ირლანდიელებს ხუთ მატჩში 11 ქულა მოუგროვდათ და ერთპიროვნულად ლიდერობენ, დანიამ 8 ქულით მე-2 პოზიციაზე აინაცვლა, შვეიცარია 5 ქულით მესამეა, საქართველოს 3 ქულა აქვს, გიბრალტარი კი უქულოდ სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება.

ირლანდია 1:1 შვეიცარია • მასპინძლები წაგებას გადაურჩნენ

ირლანდია 1:1 შვეიცარია • მასპინძლები წაგებას გადაურჩნენ

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 05 სექტემბერი, 2019

როგორც აღვნიშნეთ, 8 სექტემბერს დანიელები თბილისში “დინამო არენაზე” ითამაშებენ, შვეიცარია კი სიონში გიბრალტარს მიიღებს და უდავოა, რომ აქტივში სამ ქულას ჩაიწერს.

გიბრალტარი – დანია 0:6

გოლები: სკოვი (6’), ერიკსენი (34’ პ. 50’ პ.), დელეინი (69’), გიტკიაერი (73’ 78’)

ირლანდია – შვეიცარია 1:1

გოლები: 0:1 შარი (74’), 1:1 მაკგოლდრიკი (85’)

კომენტარები

ბოლო ამბები