Thumbnail

2:2 სამხრეთ კორეასთან - საქართველოს ნაკრები წაგებას გადაურჩა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები ანანიძემ და ქვილითაიამ გაიტანეს
  • 8 სექტემბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანიასთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო თამაშის წინ, სტამბოლში ამხანაგური მატჩი გამართა და ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე სამხრეთ კორეას დაუპირისპირდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, მეორე ნახევარი 1:2 წააგო და საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობა შეარჩია. შეტევის წინა ხაზზე თორნიკე ოქრიაშვილი გაამწესა, სიღრმიდან კი ვაკო ყაზაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი და ჯანო ანანიძე უტევდნენ. საყრდენ ხაზს ოთარ კიტეშვილი და გიორგი აბურჯანია ამაგრებდნენ.

პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა და მომენტებიც სამხრეთკორეელთა კართან იქმნებოდა. მე-14 წუთზე ოთარ კიტეშვილმა დაარტყა საჯარიმოს გარედან და ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს. 38-ე წუთზე, ვაკო ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც ყაზაიშვილმა მეტოქეს მისსავე ნახევარზე აართვა ბურთი და ერთი პასით ჯანო ანანიძე მეკარესთან პირისპირ დატოვა. ჯანომ მეკარისაგან შორეულ კუთხეში დაარტყა და ანგარიში გახსნა. 

0:1 ანანიძე (40)

შესვენებაზე სამხრეთ კორეის ნაკრების მწვრთნელმა სამი ცვლილება განახორციელა და გუნდიც უფრო მოტივირებული გავიდა მინდორზე. კორეელებმა ტემპს მოუმატეს, საპასუხო გოლი კი 47- წუთზე გაიტანეს. მარჯვენა ფრთიდან გაკეთებული დაბალი გადაცემის შემდეგ, თავი ჰვანგმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ პასის დროს, გოლის ავტორი თამაშგარე მდგომარეობაში იყო, თუმცა მსაჯებმა ამაზე რეაგირება არ მოახდინეს.

1:1 ჰვანგი (47) 

ვლადიმირ ვაისმა ცვლილებები გააკეთა და 57-ე წუთზე ერთბაშად სამი ახალი ფეხბურთელი ჩართო საქმეში: გიორგი პაპუნაშვილი, ვაკო გვილია და გიორგი ქვილითაია. 68-ე წუთზე, ვაკო ყაზაიშვილი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, შეეძლო უკეთეს პოზიციაში მყოფი პაპუნაშვილისთვის მიეცა პასი, თუმცა თვითონვე გადაწყვიტა შეტევის დასრულება და შეცდა: სამხრეთ კორეა მეკარემ იხსნა გაშვებული გოლისგან. 

მატჩის 85-ე წუთზე, სამხრეთ კორეის ნაკრები დაწინაურდა. ჰვანგმა ამჯერად თავური დარტყმით გაიტანა და დუბლი შეასრულა. ამ ეპიზოდში გურამ კაშიას უკეთ მართებდა თამაში, რადგან გოლის ავტორს სწორედ ის მეურვეობდა.

2:1 ჰვანგი (85)

დარჩენილ დროში, საქართველოს ნაკრებმა შეუტია და ანგარიში გაათანაბრა. 90-ე წუთზე ჯაბა კანკავას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ მიიღო ბურთი და მეკარისაგან შორეულ კუთხეში ეფექტურად გაიტანა. ისევე, როგორც კორეელთა პირველი გოლის შემთხვევაში, აქაც შემტევი თამაშგარეში იყო და მსაჯს შეეძლო გოლის გაუქმება. საბოლოოდ ფრე, 2:2 და დიდი ინფორმაცია განსჯისთვის ვლადიმირ ვაისს.

2:2 ქვილითაია (90)

სამხრეთ კორეა 2:2 საქართველო

გოლები: 0:1 ანანიძე (40), 1:1 უ. ჰვანგი (47), 2:1 უ. ჰვანგი (85), 2:2 ქვილითაია (90).

სამხრეთ კორეა (3-5-2): გუ - პარკი (46. იუნგი), კიმი, კ. კვონი - პაიკი (46. ვუ), ჰ. ჰვანგი (62. გეიონგი), კ. ლი (72. კიუნგი), ჩ. კვონი, ჯ. კიმი - ჯ. ლი (უ. ჰვანგი), სონი (62. სანგო).

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე - კაკაბაძე, კაშია (კ), ტაბიძე, ხარაბაძე - აბურჯანია (57. გვილია), ანანიძე (57. პაპუნაშვილი) - ყაზაიშვილი (80. კანკავა), კიტეიშვილი (71. დაუშვილი), დავითაშვილი (73. ლობჟანიძე) - ოქრიაშვილი (57. ქვილითაია).

კომენტარები

ბოლო ამბები