Thumbnail

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან მიდის? მოლაპარაკება დაწყებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრები მალე, შესაძლოა მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩეს
  • ყაზახური მედიის ცნობით, 54 წლის სლოვაკი მოლაპარაკებას ასტანასთან მართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვლადიმირ ვაისი, შესაძლოა, თანამდებობიდან ვადამდე წავიდეს. ყაზახური მედიის ცნობით, ამჟამად 54 წლის სლოვაკი სპეციალისტი მოლაპარაკებებს ამ ქვეყნის კლუბთან, ასტანასთან მართავს. 

KazFootball.kz იუწყება, რომ ასტანას მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლას ახლო მომავალში რომან გრიგორჩუკი აპირებს და ეს შესაძლოა, ამ სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგაც მოხდეს. რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, წყაროს ცნობით, სლოვაკი სპეციალისტის საქართველოს ნაკრებთან გამომშვიდობებას ან უახლოეს მომავალში, ან ზამთარში უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრები 2016 წლის გაზაფხულზე ჩაიბარა, იქამდე კი სწორედ ყაზახეთში, ალმათის ქაირათში მუშაობდა - 2013-15 წლებში. ვაისმა, როგორც სპეციალისტმა, სახელი სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობით გაითქვა, რომელსაც 2008-12 წლებში ხელმძღვანელობდა. ვაისის გაწვრთნილმა სლოვაკეთის ნაკრებმა ჯერ ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გააღწია (2010 წლის მუნდიალზე), შემდეგ კი ჯგუფურ ეტაპზე იტალია ჩატოვა და 1/8-ფინალში გავიდა.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში ორ მატჩს ჩაატარებს. 5 სექტემბერს სტამბოლში, ამხანაგურად სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდება, 8-ში კი თბილისში, ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში დანიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები