Thumbnail
  • როჯერ ფედერერი აშშ-ის ღია პირველობას გამოეთიშა
  • შვეიცარიელი ლეგენდა გრიგორ დიმიტროვთან 6:3, 4:6, 6:3, 4:6, 2:6 დამარცხდა
  • როჯერს ზურგის ტკივილები აწუხებდა

დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენი როჯერ ფედერერი აშშ-ის ღია პირველობას 5-სეტიან დრამატულ მატჩში გამოეთიშა. 38 წლის ლეგენდარული შვეიცარიელი მეოთხედფინალში გრიგორ დიმიტროვთან 6:3, 4:6, 6:3, 4:6, 2:6 დამარცხდა. ეს როჯერის და ბულგარელის მერვე დუელი გახლდათ და დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული დიმიტროვთან პირველად დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ფედერერმა განაცხადა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ზურგის ტკივილი აწუხებდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ არ სურს, წაგება ამით გაამართლოს: “ასეთი ტკივილიც დიდი სპორტის ნაწილია. მე მქონდა ჩემი შანსები, დიმიტროვმა კი ძალიან კარგად ითამაშა. ცხადია, იმედგაცრუებული ვარ. რომ არა ტკივილები, რა თქმა უნდა, უკეთესი შანსი მექნებოდა,” - აღნიშნა როჯერმა.

“უბრალოდ ბედნიერი ვარ. პირველ სეტში ცოტათი ვნერვიულობდი, როჯერი კი ძალიან კარგად აწვდიდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ როგორმე თამაშში უნდა დავრჩენილიყავი. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობდი, როჯერს კი მომდევნო სეტებში შეეტყო, რომ 100 პროცენტით ვერ იხარჯებოდა,” - ეს დიმიტროვის სიტყვებია.

მსოფლიოს 78-ე ჩოგანი დიმიტროვი პირველი ყველაზე დაბალრეიტინგიანი ჩოგბურთელია ტაინერ შიუტლერის შემდეგ, რომელიც დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. შიუტლერმა 2008 წელს უიმბლდონის ნახევარფინალი ითამაშა და მაშინ მსოფლიოს 94-ე ჩოგანი გახლდათ. აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში კი ამაზე უარესი რეიტინგი ბოლოს 1991 წელს, ჯიმი კონორსს ჰქონდა, რომელიც იმხანად რეიტინგში 174-ე ჩოგანი გახლდათ.

ბულგარელისთვის ეს დიდი სლემის მესამე ნახევარფინალია, სადაც სწრაფად პროგრესირებად რუს ჩოგბურთელს, დანიილ მედვედევს შეხვდება. ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში სტენ ვავრინკა დაამარცხა. მედვედევი პირველი რუსია ბოლო 9 წლის მანძილზე, რომელიც დიდი სლემის ნახევარფინალში ითამაშებს.

📺 ვიდეო: როჯერ ფედერერი 6:3, 4:6, 6:3, 4:6, 2:6 გრიგორ დიმიტროვი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები