Thumbnail

მამუკა გორგოძე: მინდა, ხალხმა სწორად გაიგოს, თავს უხერხულად ვგრძნობ...

  • მამუკა გორგოძის პირველი კომენტარი ნაკრებში დაბრუნების შემდეგ
  • ქართველი მორაგბე თანაგუნდელებთან ერთად თავს არ დაზოგავს
  • გორგოძის მოლოდინი - რა იქნება ნაკრების მაქსიმუმი მსოფლიოს თასზე

საქართველოს ყველა დროის მელელოვე მამუკა გორგოძე ნაკრებს დაუბრუნდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს!

35 წლის მორაგბემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება 2017 წელს გააკეთა. მას შემდეგ იყო არაერთი მცდელობა, რომ ის ნაკრებს დაბრუნებოდა, თუმცა გორგოძის პოზიცია დღემდე შეუვალი იყო. მამუკას მიაჩნდა, რომ ასპარეზი ახალგაზრდებისთვის უნდა დაეთმო და ასეც იქცეოდა, მაგრამ გიორგი ცუცქირიძისა და მერაბ შარიქაძის ტრავმების შემდეგ, საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას დათანხმდა.

ორივე მორაგბე საუზერნ კინგსთან მატჩში დაშავდა. მერაბი ნაკრებს სამი კვირა ვერ დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიტანი უელსთან და ურუგვაისთან ვერ ითამაშებს. პირველი ვრცელი კომენტარი მამუკა გორგოძემ საქართველოს რაგბის კავშირთან გააკეთა და მსოფლიოს თასის გეგმებზე ისაუბრა.

მამუკა გორგოძე: "მყარი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი, თუმცა ჩემი დაბრუნება გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომელიც გუნდში შეიქმნა – საქმეს ასე დაჭირდა და დავბრუნდი!

სამწუხაროდ, ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე დაგვიშავდა - გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მართლაც გამორჩეულ ფორმაში იყო. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა ჯერ ახალგაზრდაა, ხელის ჩაქნევა არ ღირს და დარწმუნებული ვარ, თავის სათქმელს მომავალში აუცილებლად იტყვის”. 

რატომ წავიდა ნაკრებიდან...

მამუკა გორგოძე: "სამი წლის წინ ნაკრებიდან წასვლა იმის გამო გადავწყვიტე, რომ მსურდა, გულშემატკივარს კარგ ფორმაში მყოფი მამუკა გორგოძე დამახსოვრებოდა და ამავდროულად, შანსი მისცემოდათ ახალგაზრდებს. ამ სამი წლის განმავლობაში, არაერთი მცდელობა იყო, რომ ჩემი გადაწყვეტილება შემეცვალა, თუმცა ყოველთვის უარზე ვიყავი. ტრავმების შემდეგ მოთამაშეები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჭირო იყო ჩემი დაბრუნება. დამირეკა და დაბრუნება მთხოვა მამუკა ბახტაძემაც და დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე”.

ქართველი მორაგბე გუნდზეც იყო დამოკიდებული, რადგანაც ტულონს მეორე ხაზში პრობლემები ჰქონდა, თუმცა მამუკამ და საქართველოს რაგბის კავშირმა ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწიეს.

მამუკა გორგოძე: "ნაკრებზე წინ კლუბის ინტერესი არასდროს დამიყენებია. მე პროფესიონალი მოთამაშე ვარ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, მას კი თავისი მიზნები და ინტერესი აქვს. ‘ტულონში’ 3 წელი იცოდნენ, რომ მსოფლიო თასზე არ მივდიოდი და უცბად მოხდა ამ პოზიციის შეცვლა.

მწვრთნელმა მითხრა, რომ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ნაკრებში თამაში, როგორი სენსიტიურები არიან ქართველი გულშემატკივრები, მაგრამ თუ გუნდში 3 მეორეხაზელი არ ეყოლებოდა, ვერსად გამიშვებდა. სეზონის სტარტზე კი სულ 2 მეორეხაზელი ვიყავით, რადგან გვყავდა ამ პოზიციის ტრავმირებული მოთამაშე, ტაოფიფენუა საფრანგეთის ნაკრებში იყო გამოძახებული. აქ მხოლოდ სურვილი და კანონი არაფერ შუაშია, ჩემთვის სიტყვა კონტრაქტზე მეტია და მორალურად უნდა ვყოფილიყავი მართალი.

მართლა არ ვიცი, რა გამიკეთებია ნაკრებისთვის და ქართული რაგბისთვის ასეთი, გულშემატკივრისგან ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ. თავს უხერხულად ვგრძნობ და ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობაც უფრო მატულობს. მათი მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და ვეცდები, ეს მადლობა მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღებით გადავუხადო”.

წაიკითხე | რაგბის ქართველი ლეგენდა - როგორ თამაშობს მამუკა გორგოძე

რას ელოდება მსოფლიოს თასზე...

მამუკა გორგოძე: "სამი წელია, გუნდთან ერთად არ ვყოფილვარ, არც მოსამზადებელი ეტაპი გამივლია და დიდია რისკი იმისა, რომ გუნდს ვერ შევეწყო. მინდა, ხალხმა სწორად გაიგოს, ჩემი დაბრუნება არაფერს ნიშნავს და მთავარია, გუნდი იყოს კარგად. მე ბიჭებს მაქსიმალურად დავუდგები გვერდში და თავს არ დავზოგავ, თუმცა 35 წლის ვარ და რა იქნება ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ ვიტყვი.

ის, რომ ტოპ 14-ის პირველ მატჩში ორი ლელო გავიტანე, ბევრს არაფერს ნიშნავს. შეიძლება მთელი თამაში ვერაფერი გააკეთო, მაგრამ საჭირო დროს კარგ ადგილზე აღმოჩნდე და ორი ლელო გაიტანო. მთლიანობაში, ასაკიდან გამომდინარე, ჩემდა გასაკვირად კარგ ფორმაში ვარ, მოედანზეც 80 წუთს ვატარებ, მაგრამ არის ერთი მომენტი - აღდგენა ისე სწრაფად ვერ ხდება, როგორც ადრეულ წლებში."

'ბორჯღალოსნები' იაპონიაში D ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ და გორგოძე ფიქრობს, რომ წინა შედეგის გამეორება და ორი შეხვედრის მოგება ურთულესი იქნება.

მამუკა გორგოძე: "ავსტრალია და უელსი ჩვენთან ფავორიტები არიან. ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს ფიჯის. ეს ის გუნდი აღარაა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მოვუგეთ. იოლი თამაში არც ურუგვაისთან გვექნება. სამხრეთამერიკელები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, "შეგვაკვდებიან". მათთანაც 100%-ით უნდა მოვინდომოთ და თავი არ დავზოგოთ, თორემ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება.

რაც შეეხება მამუკას სათამაშო პოზიციას, ის მზადაა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშებს, სადაც ამის საჭიროება იქნება: "სადაც ნაკრებს დავჭირდები, მეც იქ ვითამაშებ და სად დამაყენებენ ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია." 

გორგოძე ბორჯღალოსნებს 8 სექტემბერს, ლონდონის აეროპორტში შეუერთდება და გუნდთან ერთად იაპონიაში გაემგზავრება.

კომენტარები

ბოლო ამბები