Thumbnail
  • ავსტრალია და დომინიკის რესპუბლიკა ორ-ორი მოგებით გალიდერდნენ
  • ჩეხებმა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმეს

ავსტრალიის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ჯონ ინგლსს ერთადერთი პასი დააკლდა, რათა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი სამმაგი დუბლი შეესრულებინა.

იუტა ჯაზის 31 წლის ფორვარდმა მორიგი გამორჩეული თამაში ჩინეთის ქალაქ დონგუანში ჩაატარა, სადაც ოზები სენეგალს გაეჯიბრნენ, ჯომ კი 31:04 წუთში 17 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

📺 ავსტრალია - სენეგალი 81:68

ავსტრალიელებმა აფრიკელებთან შეხვედრის პირველი ნახევარი მხოლოდ 3 ქულით მოიგეს, შესვენების შემდეგ კი, საქმეს ხელი უფრო სერიოზულად მოკიდეს და პატი მილსის ჩუბინობის (22 ქულა) წყალობით, საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ანდრეი ლემანისის შეგირდები H ჯგუფში 2 მოგებით გალიდერდნენ და უკვე ცხადია, რომ შემდეგ ეტაპზე თამაშში ხელს ვეღარაფერი შეუშლით. სავარაუდოა, რომ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა 5 სექტემბერს გაირკვევა, როდესაც ავსტრალია ლიეტუვის ეროვნულ გუნდს გაეჯიბრება.

მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა ერთბაშად ორ მატჩში. მსოფლიოს პირველობაზე ალ ჰორფორდის გარეშე მოთამაშე დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებმა გერმანიას მე-2 მარცხი აგემა და ეს უკანასკნელი მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებისთვის ბრძოლისთვის გაწირა.

გერმანელებს გამარჯვების შანსი ჰქონდათ, თუმცა, ზედ ბოლო წამზე დანილო ბარტელმა სამქულიანი გააცუდა. ჰენრიკ რიოდლის შეგირდებმა ჯამში მხოლოდ 3 შორეული ტყორცნა გამოიყენეს, დენის შრიოდერის 20 ქულაც არაფერში წაადგათ, პირველი ტურში 25 ქულის ამღები იოჰანეს ვოიგტმანი კი ტრავმის გამო ვერ დაიტვირთა და ორ ქულას დასჯერდა.

2 მარცხით F ჯგუფის ფსკერზე აღმოჩნდა მონტენეგროს ნაკრები, რომელიც ჩინეთში ორლანდო მეჯიქის ვარსკვლავით – ნიკოლა ვუჩევიჩით და დიდი იმედებით ჩავიდა, თუმცა, ბერძნების კვალად ახალ ზელანდიასთანაც წააგო. ევროპელთა მთავარი მწვრთნელი ზვეზდან მიტროვიჩი ტექნიკური ფოლების გამო პირველივე ტაიმში გააძევეს, რის გამოც მან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მსაჯები მკაცრად გააკრიტიკა და ამის გამოც სასჯელი ელის.

მოტენეგროელებს ფარზე უპირატესობა ჰქონდათ (ბოიან დუბლევიჩმა 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხსენებულმა ვუჩევიჩმა კი 15 ქულას 9 მოხსნა წაამატა), თუმცა, ვერაფრით შეაჩერეს ზელანდიური ბრეიკერსის უკანახაზელი კორი ვებსტერი, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. “თოლ ბლექსის” გამთამაშებელმა 8-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და მონაგარს 6 მოხსნა და 7 პასიც შესძინა.

მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა ჩეხეთის ეროვნულმა ნაკრებმა. ევროპელებმა, რომელთაც 22-22 ქულით ბლეიკ შლიბმა და იარომირ ბოჰაჩიკმა ულიდერეს (მათ ჯამში 10 სამქულიანი ჩააგდეს), იაპონიას 89:76 სძლიეს. აზიელთა რიგებში ისევ გაიბრწყინა გასულ დრაფტზე მე-9 ნომრად არჩეულმა რუი ჰაჩიმურამ, რომელმაც თამაშიდან 12-დან 8 სროლა გამოიყენა და 21 ქულა მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები