Thumbnail
  • პორტუგალიაში 2019 წელს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვეს
  • იუვენტუსის ფორვარდმა ჯილდო კარიერაში მეათედ მოიპოვა, რაც რეკორდია
  • კრიშტიანო რონალდომ ჟოაო ფელიქსსა და ბერნარდუ სილვას აჯობა
  • პორტუგალიის წლის მწვრთნელად ფერნანდუ სანტუში არ დაასახელეს

პორტუგალიაში 2019 წელს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი საგანგებოდ გამართულ ცერემონიალზე (Quinas de Ouro) დააჯილდოვეს და ეს აღიარება, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის იუვენტუსის 34 წლის თავდამსხმელს ხვდა.

კრიშტიანო რონალდო სამშობლოში საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მეათედ დაასახელეს, რაც რეკორდია. 2007 წლიდან მოყოლებული, რონალდომ ჯილდო მხოლოდ 2010 და 2014 წლებში ვერ მიიღო.

იუვენტუსის თავდამსხმელმა ფინალში ჟოაო ფელიქსს (ატლეტიკო), ბერნარდუ სილვას (მანჩესტერ სიტი), ბრუნუ ფერნანდეშსა (სპორტინგი) და რუბენ ნევეშს (ვულვზი) აჯობა.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა წელს კიდევ ერთი ჯილდო მოიგო

გასულ სეზონში 34 წლის რონალდომ ტურინულ კლუბში იტალიის ჩემპიონობა იზეიმა, პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან ერთად უეფას ერთა ლიგაში გაიმარჯვა. 

მანამდე კრიშტიანო რონალდო ფიფას 2019 წლის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის, ბარსელონას თავდამსხმელთან, ლიონელ მესისა და ლივერპულის მცველთან, ვირჯილ ვან დაიკთან ერთად მოხვდა. მათ შორის რჩეულს ფიფა 23 სექტემბერს, მილანში დაგეგმილ ცერემონიალზე გამოაცხადებს.

ბრუნო ლაგე პორტუგალიის წლის საუკეთესო მწვრთნელია

აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში გამარჯვება ვერ მოიპოვა პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა ფერნანდუ სანტუშმა. მას ლისაბონის ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა ბრუნო ლაგემ აჯობა.

კომენტარები

ბოლო ამბები