Thumbnail

ნეიმარი ძალიან გაბრაზებულია! გაირკვა მიზეზი, რის გამოც რეალმა მასზე უარი თქვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ნეიმარი ძალიან დემოტივირებულია
  • ბრაზილიელს ბოლო წამამდე ჰქონდა იმედი, რომ ბარსელონაში ან რეალში გადავიდოდა

ზუსტად ისე, როგორც ორი წლის წინ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის მთავარი თემა კვლავ ნეიმარი იყო. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის შესახებ ყოველდღე ახალ-ახალი ცნობები ვრცელდებოდა. ფაქტი იყო, რომ ნეიმარს პარი სენ-ჟერმენში დარჩენა არ სურდა და აღარც ფრანგულ გრანდში უნდოდათ მისი შენარჩუნება. იკვეთებოდა მორიგი მეგა-ტრანსფერი ბარსელონაში, ან რეალში (იყო მითქმა-მოთქმა იუვენტუსზეც), მაგრამ საბოლოოდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და ბრაზილიელი პსჟ-ში დარჩა. პარიზელები და კატალონიელები ვერა და ვერ შეთანხმდნენ, რეალმა კი, როგორც ‘მარკა’ წერს, ბოლოს თვითონ თქვა ნეიმარის შეძენაზე უარი. ახლა, პარიზელები შეეცდებიან, ფანები და ბრაზილიელი შეარიგონ.

წაიკითხე‘ნეიმარ, გა**ვი!’ - პსჟ-ს ფანებს ბრაზილიელი ყელში ამოუვიდათ

‘მარკას’ ინფორმაციით, ნეიმარის მამა აგვისტოს ბოლო დღეებში ყოველდღიურად ეკონტაქტებოდა რეალს. ეს ბარსელონასთან ოფიციალური მოლაპარაკებების პარალელურად ხდებოდა, რადგან 54 წლის ნეიმარ და სილვა სენიორი ხვდებოდა, რომ ბარსელონაში ტრანსფერი ჩაიშლებოდა. შესაბამისად, იგი ცდილობდა, რომ რეალის ვარიანტი მაინც გამოეყვანა.

თუმცა გარიგება მაინც არ შედგა. ‘მარკას’ ინფორმაციით, რეალი ნეიმარის პოკერიდან იმის გამო გავიდა, რომ 27 წლის ბრაზილიელს ზედმეტად ხშირად აქვს ტრავმები და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მუდმივად კითხვის ნიშნებია. როგორც ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, ნეიმარი მზად იყო, 20 მილიონი თვითონ გადაეხადა - ოღონდ, ბარსელონაში დაბრუნებულიყო.

ესპანური Sport წერს, რომ ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ნეიმარი ძალიან გაბრაზებულია. “ის იმდენად ცუდად გრძნობს თავს, რომ ახლა არაფრის სურვილი და მოტივაცია არ აქვს. ასე გაბრაზებული და გულდაწყვეტილი ნეიმარი არასდროს ყოფილა,” - წერს ხსენებული გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით.

ფრანგული L'Équipe კი იტყობინება, რომ ნეიმარმა გადაწყვიტა, ბედს შეურიგდეს და ეცდება, პსჟ-ში მაქსიმუმი გააკეთოს. ოღონდ, მანამდე ფრანგულმა გრანდმა ფანების საკითხი უნდა მოაგვაროს - როგორც იცით, პარი სენ-ჟერმენის პირველ მატჩებში კლუბის გულშემატკივრებმა ბრაზილიელის შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს და აგინებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები