Thumbnail

სიხარულის 5 გამოხატვა გოლის შემდეგ, რომლებიც არ უნდა გაიმეოროთ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ფეხბურთში გოლის აღნიშვნა ერთი სანახაობაა, რომელიც ფეხბურთს ძალიან ალამაზებს. გოლის აღნიშვნის დროს გამოხატული სიხარული და ემოცია ხაზს უსვამს, თუ რას ნიშნავს ეს თამაში მილიონობით ადამიანისთვის ამ პლანეტაზე. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს - ხანდახან ფეხბურთში გოლს ისე აღნიშნავენ, რომ საკუთარ თავსაც აზარალებენ, გუნდსაც და გულშემატკივარსაც არცხვენენ. ამ სტატიაში ნახავთ, თუ როგორ არ უნდა გამოხატო სიხარული გოლის შემდეგ.

1. კარლოს ტევესი

ბოკა-რივერის დაპირისპირებაზე ბევრი თქმულა. ეს ყველაზე ეპიკური დერბია დედამიწაზე. კარლოს ტევესი რომ ფეხბურთში ყველაზე დახვეწილი კაცი არ არის, ესეც ვიცით. ბოკას ფანები რივერის ფანებს დამცინავად „ქათმებს“ უწოდებენ (ამის გარდა ბევრ სხვა ცუდ რამესაც, თუმცა ამის ადგილი ამ სტატიაში არ არის). ჰოდა, როცა კარლოს ტევესმა რივერს გაუტანა, გადაწყვიტა შეეხსენებინა, რომ ისინი „ქათმები“ არიან - შესაბამისი ჟესტიც შეასრულა. მსაჯსაც სხვა არაფერი დარჩენოდა, რომ წითელი ბარათი მიეცა მისთვის მეტოქის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებისთვის.

2. ნეიმარი

სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, რომ ნეიმარი მაინც პსჟ-ში დარჩა. ანუ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრაზილიელი არცთუ ისე იღბლიანი კაცია. ხშირად მისი უიღბლობა მისივე სისულელის შედეგია. ასე იყო სანტოსშიც - ნეიმარმა მაგარი გოლი შეაგდო, თუმცა შემდეგ გოლის აღნიშვნა ნიღბის გაკეთებით გადაწყვიტა, ეს კი მას წითელ ბარათად დაუჯდა.

ზემოთ ნეიმარის უიღბლობა ვახსენე - საქმე ის არის, რომ მოედანზე ნიღბის გაკეთება სხვა ფეხბურთელებსაც უცდიათ, თუმცა წითელი ბარათი არ მიუღიათ, ნეიმარს კი არც ამჯერად გაუმართლა.

3. გიორგოს კატიდისი

რა უნდა მოხდეს საბერძნეთის ჩემპიონატში, რომ გაგვიკვირდეს?! თამაშების ჩაშლა, სტადიონზე იარაღით შევარდნილი კლუბის პრეზიდენტი, მსაჯის გალახვა - ეს ბერძნული „გმირობების“ არასრული ჩამონათვალია.

ამ ორიოდე წლის წინათ მაინც გაგვაკვირვა - ამჯერად აეკ-ის ნახევარმცველმა გიორგოს კატიდისმა. ბოლო წუთებზე გოლი შეაგდო და სიხარულისგან გაგიჟებული გულშემატკივარს ფაშისტური სალმით მიესალმა. შედეგად, დისკვალიფიკაცია და კატიდისი მთელი ცხოვრების მანძილზე მოკვეთეს საბერძნეთის ნაკრებიდან.

უცნაური ის არის, რომ აეკ-ი კონსტანტინეპოლიდან დევნილი ბერძენი ემიგრანტების მიერ დაარსებული გუნდია და წესით, ამ გუნდისთვის ფაშიზმი ყველაზე უცხო და მიუღებელი უნდა იყოს და უცნობია, რატომ გადაწყვიტა კატიდისმა თავისი გულშემატკივრის ამ ფორმით „გახარება“.

4. რომან შიროკოვი

რომან შიროკოვი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, რას ნიშნავს ცუდი გაგებით „რუსული მენტალიტეტი“. შიროკოვი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ადგილი რუსულ ფეხბურთში დიდი ფულის მოსვლასა და ლიმიტის დაწესებასთან ერთად დაიმკვიდრა. ლიმიტი იმას ნიშნავდა, რომ ეთნიკურად რუს ფეხბურთელებს რუსულ კლუბებში ადგილი გარანტირებული ჰქონდათ და მათ ამისთვის ბევრად მეტს უხდიდნენ, ვიდრე იმსახურებდნენ. შიროკოვის ისტორიაც უცებ, არაფრიდან, დაუმსახურებლად დიდფულნაშოვნი კაცის ამბავია, რომელმაც გულშემატკივარს თავი გოლებზე მეტად უზრდელური ქცევით დაამახსოვრა. შიროკოვს ასეთი ქცევის გამო უსტვენდნენ ყველგან, მათ შორის თავისივე გულშემატკივარი. მანაც ასე უპასუხა და მიიღო კიდეც წითელი ბარათი. მოკლედ ტიპური რუსული ისტორიაა.

5. ედინსონ კავანი

შიროკოვისგან განსხვავებით, ედინსონ კავანის ფეხბურთში ალალი, მშრომელი და პატივსაცემი კაცის სახელი აქვს. მთელი მისი კარიერა მაგარი ფეხბურთელის ამბავია - იმ კაცის, რომელსაც შრომა და თავისი გუნდისთვის თავდადება არ ეშლება. კავანი უყვართ ყველგან - მას აღმერთებენ ნეაპოლში, მონტევიდეოში და პარიზში, აღმერთებენ პირველ რიგში გოლების გამო. მოკლედ, როდესაც მის ორიგინალურ სიხარულის გამოხატვას წითელი ბარათი მოჰყვა - ეს გაუგებრობა უფრო იყო. კავანიმ სიხარული სროლის იმიტაციით გამოხატა, ბოლოს და ბოლოს იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც ბატისტუტას შეგდებული გოლების მიერ ტრიბუნების "დაცხრილვაზე" გაიზარდა - ფიფას რეგლამენტში კი ეს უკვე ძალადობისკენ მოწოდებაა...

ბონუსის ნაცვლად

ის, რაც მექსიკური ტიხუანას ეკვადორელმა შემტევმა ფიდელ მარტინესმა ქნა, არც ფეხბურთის, ზოგადად, არც რომელიმე სხვა სპორტის ფარგლებში, არ შეიძლება განხილულ იქნას. მარტინესის ფეხბურთი არ ვიცი, მაგრამ კინოსარბიელზე კარიერას კი გაიკეთებს. სტადიონზე ასეთი რამეები წითელი ბარათით ისჯება.

კომენტარები

ბოლო ამბები