Thumbnail
  • ჯორჯევიჩის შეგირდებმა ფილიპინელებს 126 ქულა ჩაუგდეს
  • მომდევნო ეტაპზე ესპანეთის ნაკრებიც გავიდა

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩასული სერბეთის ნაკრები გზად არავის იმჩნევს. საშა ჯორჯევიჩის შეგირდებმა საწყის შეხვედრაში ანგოლას 105:90 სძლიეს, დღეს კი, ტურნირისთვის სარეკორდო 126 ქულა ჩააგდეს და ფილიპინები 59 ქულის სხვაობით გაანადგურეს – 126:67.

სერბებმა თამაშიდან 64-დან 48 ტყორცნა გამოიყენეს და 75%-იან მაჩვენებელზე გავიდნენ, რაც საოცარი მაჩვენებელია, ამასთან აზიელებს მოხსნებში – 37:23, ხოლო პასებში 37:14 აჯობეს.

ანგარიშიდან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ სერბების რიგებში 10 და მეტი ქულა ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა ჩააგდო. საუკეთესო ნემანია ბიელიცა იყო 20 ქულით, რომელსაც მხარში ბოგდან ბოგდანოვიჩი (17), მიროსლავ რადულიცა (13), მარკო გუდურიჩი (12), ნიკოლა იოკიჩი (11), ვასილიე მიჩიჩი (11) და ნიკოლა მილუტინოვი (10) ამოუდგნენ.

კოშმარული დღე ჰქონდა ფილიპინელთა უდავო ლიდერ ენდრიუ ბლატჩს, რომელმაც მოედანი 5 პერსონალური ფოლის გამო დატოვა, მანამდე კი, თამაშიდან 10-დან 2 ტყორცნა გამოიყენა და აქტივში მხოლოდ 5 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა.

D ჯგუფში ცენტრალური მატჩი 4 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი, როდესაც სერბეთი ასევე 2 მოგების მქონე იტალიას გაეჯიბრება. ამასთან, უკვე გადაწყვეტილია, რომ ტურნირის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე სწორედ ევროპული ნაკრებები ითამაშებენ, ანგოლა და ფილიპინები კი ამ ოთხეულში თავიდანვე განწირულები იყვნენ.

“ჯგუფის დასკვნითი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. იქ ბევრი რამ გამოჩნდება. გარკვეული ასპექტები კიდევ გასაუმჯობესებელი გვაქვს, ამდენად, ამ ანგარიშებმა არ უნდა მოგვატყუოს. უკეთესად თამაში ყოველთვის შეიძლება”, - აღნიშნა თამაშის შემდეგ ჯორჯევიჩმა.

სერბების გარჯით აღფრთოვანებული გახლდათ ფილიპინელთა თავკაცი იენ გუიაო, რომელმაც მიმდინარე ეტაპზე ევროპელები აშშ-ს ეროვნულ გუნდზე წინაც კი დააყენა.

“სერბეთი სხვა დონეა. ჩვენ ვერაფერს გავაწყობდით. ისინი მსოფლიოში პირველები არიან. ვფიქრობ, მათ სხვა ფავორიტების დამარცხებაც შეუძლიათ, მათ შორის ამერიკელებისაც”.

მარკ გასოლმა 19 ქულა ჩააგდო

დამაჯერებლად მიიწევს წინ ოქროს მედლის კიდევ ერთი პრეტენდენტი ესპანეთი, რომელმაც პუერტო რიკოს მე-3 მეოთხედი 21:10 მოუგო და თამაშის ბედი მეტწილად ამის წყალობით გადაწყვიტა – 73:63.

შეხვედრის გმირი პირენეელთა უბერებელი ცენტრი მარკ გასოლი გახდა, რომელმაც 19 ქულას 7 მოხსნა წაამატა, რიკი რუბიომ კი 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ესპანელთათვის წარმატებაში ხელი იმასაც არ შეუშლია, რომ მათ 30-დან მხოლოდ 4 სამქულიანი გამოიყენეს, ამასთან, ვიქტორ კლავერმა, ხუანჩო ერნანგომესმა, სერხიო ლულმა, პიერ ორიოლამ, ხავვიერ რაბასედამ და პაუ რიბასმა ჯამში ნასროლი 18-ვე შორეული ბურთი გააცუდეს.

ტურნირის პირველი ოვერტაიმი შედგა პეკინში გამართულ მატჩში, რომელშიც მასპინძელმა ჩინეთმა პოლონეთთან 76:78 წააგო. აზიელთა 31 წლის ლიდერმა იანლიან იიმ, რომელსაც NBA-ს 4 კლუბში ჯამში 5 სეზონი აქვს გატარებული, გუნდს 24 ქულა შესძინა, თუმცა, დამატებითი ხუთწუთეულის ბოლო წამზე გამათანაბრებელი სამქულიანი ააცილა. პოლონელთა მხრიდან მატეუშ პონიტკა (25) და ეი ჯეი სლოტერი (22) გამოირჩნენ.

ჯგუფიდან გამსვლელთა ვინაობა გაირკვა B ჯგუფშიც, სადაც არგენტინის დარად მე-2 გამარჯვება იზეიმა რუსეთის ნაკრებმა. სერგეი ბაზარევიჩის შეგირდებმა სამხრეთ კორეა მე-2 ტაიმშიღა “გატეხეს” და მეტოქე 87:63 დაამარცხეს. რუსებს “ძველმა გვარდიამ” ულიდერა სერგეი ვორონცევიჩის და ვიტალი ფრიძონის შემადგენლობით. მათ აქტივში 13-13 ქულა იყო.

3 სექტემბრის განრიგი
11:30 ავსტრალია – სენეგალი
12:00 მონტენეგრო – ახალი ზელანდია
12:30 გერმანია – დომინიკის რესპუბლიკა
12:30 იაპონია – ჩეხეთი
15:30 ლიტვა – კანადა
16:00 ბრაზილია – საბერძნეთი
16:30 იორდანია – საფრანგეთი
16:30 აშშ – თურქეთი

კომენტარები

ბოლო ამბები