Thumbnail

ტრანსფერები | ჰენრიხ მხითარიანი იტალიაშია - დარჩა მხოლოდ ხელმოწერა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არსენალის 30 წლის ნახევარმცველი სერია A-ს კლუბში იჯარით ითამაშებს
  • სომხეთის ნაკრების კაპიტანმა რომაში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა

ლონდონის არსენალის ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი კარიერას რომაში გააგრძელებს. სომხეთის ნაკრების 30 წლის ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, 2 სექტემბერს, იტალიის დედაქალაქში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. 

იტალიური მედია მანამდე წერდა, რომ რომა მხითარიანს ერთწლიანი იჯარით აყვანას აპირებდა, მისი გამოსყიდვის უფლებით. ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად სულ მალე გამოცხადდება, თუმცა რომაული კლუბის ტვიტერი ფეხბურთელის ფოტოებს უკვე აქვეყნებს - როგორ გადის ის სამედიცინო შემოწმებას.

ჰენრიხ მხითარიანი არსენალში 2018 წლის იანვარში, მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა. მისი ტრანსფერი მეთოფეებს 34 მილიონი ევრო დაუჯდათ. ფეხბურთელს ლონდონის კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი 25 მილიონი ევროა.

მხითარიანმა მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად 2017 წელს ევროპალიგა მოიგო

მიმდინარე სეზონში სომეხმა ნახევარმცველმა საკლუბო დონეზე 3 მატჩში ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. 

ჰენრიხ მხითარიანს ასევე უთამაშია მშობლიურ პიუნიკში, დონეცკის მეტალურგსა და შახტარში, ასევე - დორტმუნდს ბორუსიაში. სომხეთის ეროვნულ ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე 84 მატჩი და 28 გოლია.

პაულო ფონსეკას გუნდმა სერია A-ში ჩატარებულ ორ მატჩში 2 ქულა მოიპოვა - ფრედ ითამაშა ჯენოასა (3:3) და ლაციოსთან (1:1). მომავალ ტურში, 15 სექტემბერს, ჯალოროსი შინ სასუოლოს მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები