Thumbnail

საფეხბურთო უიქენდის ყველაზე საინტერესო მატჩი ტურინში გაიმართა. ახალი ფორმაციის იუვენტუსი ნაპოლის მასპინძლობდა. ამ თამაშს ბევრი კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი. მათ შორის: რამდენად არის წელს ისევ იუვე უპირობო ფავორიტი? შეუძლია თუ არა ნაპოლის სკუდეტოსთვის ბრძოლა რეალურად? როგორ შეიცვალა ამ გუნდების თამაში ტრანსფერების შემდეგ?

ისევ ალეგრის ფეხბურთი?

შაბათს, მოედანზე ორი გუნდი ვნახეთ - ერთი სარის ფეხბურთს, ე.წ. Sarriball-ს თამაშობდა, მეორე - არა. პრობლემა ის არის, რომ Sarriball-ს ის გუნდი თამაშობდა, საიდანაც სარი 2 წლის წინ წამოვიდა, მისი ახლანდელი გუნდი კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ამ ზაფხულში მწვრთნელი არ შეუცვლიათ.

ვინც სეზონის სტარტზე იუვეს ორივე თამაშს უყურა, ალბათ დამეთანხმება, რომ სათამაშო სტილში რადიკალური ცვლილება (ჯერჯერობით) ვერ შენიშნა. ეს არ აისახება შედეგზე და თამაშის ხარისხზე, იუვე არ თამაშობს ცუდი ხარისხის ფეხბურთს, პირიქით. უბრალოდ, იუვე ჯერჯერობით სარის ფეხბურთს არ თამაშობს.

მაგალითად, სარისთვის სახასიათო ბურთის ფლობაზე აქცენტის გაკეთებაა - ნაპოლისთან იუვეს თამაშის მხოლოდ 44 პროცენტი ეჭირა ბურთი, მეორე ტაიმში კი, როდესაც იუვემ ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 37-63-ზე იყო ნაპოლის სასარგებლოდ. არადა, პასების სიზუსტის მაჩვენებელი ორივე გუნდს ერთნაირი ჰქონდა - ზუსტი პასების 87 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ იუვეს ბურთი უფრო ნაკლები იმიტომ კი არ ჰქონდა, რომ გადაცემების დროს ხშირად ცდებოდა და კარგავდა, არამედ იმიტომ, რომ ეს მათი სტრატეგიული ჩანაფიქრი იყო. ანგარიში წაიყვანეს და ბურთი და სივრცე მეტოქეს დაუთმეს - ანუ მოიქცნენ ისე, როგორც წლების მანძილზე იუვე იქცეოდა ხოლმე.

ვერ ვნახეთ იუვეს თამაშში სარისთვის სახასიათო მაღალი პრესინგი, იუვე დაცვას ისევ მოედნის ცენტრიდან იწყებდა. კიდევ ერთი სტატისტიკური დეტალი: ამ 2 თამაშში იუვე საშუალოდ 13-ჯერ ურტყამდა მეტოქის კარისკენ, ამ დარტყმების თითქმის ნახევარი (თამაშში 6 დარტყმა) საჯარიმოს გარედან სრულდებოდა. არადა, სარის გუნდები, ტრადიციულად, ბურთს დიდხანს ათამაშებენ, საუკეთესო გაგრძელებას ელოდებიან და შორიდან დარტყმას თავს არიდებენ.

სახასიათო იყო, რომ ორივე თამაშში მოედანზე ვიხილეთ ბლეზ მატუიდი, რომელიც სარის გუნდში მოსვლის შემდეგ გუნდიდან გაშვების კანდიდატი იყო, რადგან ფრანგი სარის ფეხბურთს წესით ვერ უნდა ეგუებოდეს. იუვეს მოთამაშეებიდან მხოლოდ მირალემ პიანიჩს ჰქონდა 75 გადაცემა, დანარჩენი არცერთი მოთამაშე 50-პასიან ზღვარს არ ასცილებია (მეორე ადგილზე ალექს სანდრო - 50 გადაცემა).

ამ სეზონის წინ, ორი შესაძლებლობა განიხილებოდა - ან სარი რადიკალურად შეცვლიდა იუვეს საფეხბურთო კულტურას (ეს მოხდა შარშან ჩელსიში - სარიმ სეზონის სტარტზევე შეცვალა ჩელსის თამაში), ან მას ნაწილობრივ მაინც მოუხდებოდა თავის იდეებზე უარის თქმა. ჯერჯერობით ჩანს, რომ მეორე ვარიანტია.

ნაპოლი კი, სტილის თვალსაზრისით, ისევ იმ ფუნდამენტს ეყრდნობა, რომელიც წლების მანძილზე სარიმ შექმნა: მაღალი პრესინგი, ბურთის ფლობაზე აქცენტი, მოკლე და სწრაფი გადაცემებით ბურთის გათამაშება და ა.შ.

კატასტროფული დე ლიხტი

იუვემ თამაში მოიგო და მატჩის დიდი ნაწილი ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა, თუმცა არ მგონია, ტურინელთა გულშემატკივარი ძალიან კარგ ხასიათზე იყოს. ამის მიზეზი ის არის, რომ ჯორჯო კიელინის მძიმე ტრავმის შემდეგ გამოსული მატეის დე ლიხტი, ცუდად კი არა, კატასტროფულად გამოიყურებოდა. 

არადა, დე ლიხტის ძირითადი ფუნქცია კიელინის შეცვლაა ჯერ ამ სეზონში, როცა იუვეს კაპიტანი ტრავმირებული იქნება და შემდეგ მისი ჩანაცვლება - მას შემდეგ, რაც უკვე ვეტერანი კიელინი ფეხბურთიდან წავა (მისივე თქმით ერთ ან ორ სეზონში). მოკლედ, დე ლიხტზე დიდი ავანსები გაიცა. ნაპოლის სამივე გოლი მის სინდისზეა - ორ სტანდარტზე მას კაცი გაექცა, ხოლო ნაპოლის მეორე გოლის დროს კი, ლოზანომ მის ზურგს უკან ისე შეირბინა, რომ აშკარად გამოჩნდა: ამ ეტაპზე მაინც, დე ლიხტს ბევრად უფრო რთული ჩემპიონატის სისწრაფესა და დინამიკაზე გადასვლა უჭირს.

ნაპოლის მეორე გოლი: დააკვირდით დე ლიხტს

ნათელია, რომ ჰოლანდიელს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება და მას შეუძლია, ძალიან კარგი ფეხბურთელი გაიზარდოს. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ სულ მცირე პირველივე სეზონში ჯორჯო კიელინის, იუვეს საუკეთესო მცველის, სრულფასოვნად შეცვლა მისთვის თითქმის გადაუჭრელი ამოცანა იქნება.

ნაპოლის პირველი გოლი - დე ლიხტი აქაც შეცდა

ძალიან ცუდი თამაში ჰქონდა, მაგალითად, ნაპოლის ხალიდუ კულიბალის, თუმცა ეს უფრო არგამართლება და ცუდად ჩატარებული ერთი თამაში იყო, ვიდრე კულიბალის კლასის რეალური მაჩვენებელი. დე ლიხტის შემთხვევაში კი სახეზე უფრო სისტემური პრობლემებია - მაღალ სისწრაფეზე თამაშის პრობლემა, პოზიციის შერჩევა, არასაკმარისი სიხისტე.

ნაპოლის მე-3 გოლი: იუვე ასეთი დე ლიხტის იმედად ვერ იქნება

იუვეს ახალი შემტევი სამეული

გასული სეზონის დიდი ნაწილი იუვემ კრიშტიანო-მანჯუკიჩი-დიბალას სამეულით ითამაშა. წელს სარის ახალი შემტევი სამეული ჰყავს, რომელიც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება - კრიშტიანო-იგუაინი-დუგლას კოშტა.

იგუაინი იდეალურ ფიზიკურ ფორმაში ისევ არ არის, თუმცა მან ამ ორ თამაშში ძალიან კარგად მოირგო კრიშტიანოს დამხმარე ფორვარდის როლი. მას თავისი პასებით თამაშში 2.5-ჯერ გაჰყავს თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე, რაც იუვეში საუკეთესო მაჩვენებლია.

გარდა ამისა, არგენტინელმა სუპერგოლიც შეაგდო. ის და კრიშტიანო ერთმანეთს ხელს არ უშლიან და, როგორც ჩანს, იგუაინი, რომელიც თითქოს სატრანსფერო ფანჯრის წინ, იუვეს არ სჭიდებოდა, ამ სეზონში ტურინელთა ძირითადი თავდამსხმელი იქნება.

გონსალო იგუაინის გოლი

კრიშტიანო თავის ჩვეულ სიმაღლეზეა - სეზონის პირველ ორ თამაშში მას საშუალოდ კარში 5 დარტყმა აქვს - გუნდში ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო მაჩვენებელი (მეორე ადგილზე დუგლას კოშტაა თამაშში 2 დარტყმით).

სეზონის სტარტზე საუკეთესო კი დუგლას კოშტაა. ბრაზილიელი ძალიან მაგრად ამწვავებს თამაშს დრიბლინგით და საუკეთესოა სივრცეში ერთ-ერთზე თამაშის დროს, კარგად იცვლის ფლანგებს და პოზიციებს, ხშირად გაჰყავს თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე და თვითონაც საფრთხეს უქმნის მეტოქის კარს. კოშტა იუვეს ამ სეზონში მთავარი ჯოკერი იქნება, თუ ტრავმებმა არ შეუშალა ხელი. 

ნაპოლისთან ამ სამეულის ანგარიშზე 2 გოლი (კრიშტიანო და იგუანი) და 2 საგოლე პასია (დუგლას კოშტა).

ასეთ ფორმაში დუგლას კოშტა იუვესთვის შეუცვლელია

პაულო დიბალა, როგორც ჩანს, უფრო ხშირად სკამიდან ითამაშებს - ხან კოშტას შეცვლის ხოლმე, ხან იგუაინს, როცა იუვეს მსუბუქი ფორვარდით თამაში მოუნდება.

ლოზანო და ანჩელოტის ცვლილება

ნაპოლის გულშემატკივარი ამ ზაფხულში დიდ ტრანსფერს ელოდა. იკარდი არ გამოვიდა, თუმცა გუნდში მექსიკელი ირვინგ ლოზანო მივიდა, 42 მილიონ ევროდ. ლოზანოს პირველი თამაში ძალიან შთამბეჭდავი გამოდგა - მექსიკელმა მეორე ტაიმში გამოსვლის შემდეგ ნაპოლის თამაში რადიკალურად შეცვალა. მას შეტევაში თამაში ფლანგებზე შეუძლია და ცენტრში, ე.წ. „ ცრუ ცხრიანად“. სწორედ ლოზანოს წყალობით შეძლო ანჩელოტიმ მეორე ტაიმში ტაქტიკის 4-4-2-ზე გადაწყობა - მას ერთდროულად ორი ცრუ ცხრიანი ჰყავდა - მარტენსი და ლოზანო. ისინი შუაშიც ჩამოდიოდნენ და ბურთის გათამაშებაში იღებდნენ მონაწილეობას, ბევრს მოძრაობდნენ და მეტოქის დაცვის ზურგს უკან ძალიან კარგად იხსნებოდნენ.

პრობლემები ნაპოლის დაცვაში

ნაპოლისთვის სეზონის მთავარი ტრანსფერი კოსტას მანოლასის რომადან გადმოყვანა იყო. მანოლასი სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველად მიიჩნეოდა და მისი და კულიბალის დუეტი ძალიან იმედის მომცემად გამოიყურებოდა. რეალობა უფრო რთული აღმოჩნდა - ამ დუეტმა სეზონის პირველ ორ თამაშში 7 გოლი გაუშვა. ნათელია ისიც, რომ გაშვებულ გოლებში ნაპოლის მთელი გუნდია დამნაშავე და არამხოლოდ დაცვის ცენტრი. ისიც აშკარაა, რომ მანოლასი-კულიბალის დუეტი მოუმატებს და ჯერ მხოლოდ სეზონის სტარტია.

იუვენტუსის მესამე გოლი ნაპოლის კარში

თუმცა, თუ ნაპოლის ჩემპიონობისთვის ბრძოლა უნდა, დაცვას უნდა მიხედოს. იუვეს 4 გატანილი გოლის გარდა, კიდევ ბევრი მომენტი ჰქონდა და ასეთი დაცვით ‘სკუდეტოსთვის’ ბრძოლა შეუძლებელი იქნება.

📺 ვიდეო: იუვენტუსი 4:3 ნაპოლი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები