Thumbnail
  • დონეცკის შახტარის მცველმა დავით ხოჭოლავამ ვარჯიშზე მხარი ამოიგდო
  • 26 წლის ფეხბურთელს გამოჯანმრთელებისთვის 3-4 კვირა დასჭირდება
  • საქართველოს ნაკრებს წინ სამხრეთ კორეასა და დანიასთან მატჩები აქვს 

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მატჩებს დაცვის ხაზში პრობლემებით ხვდება - ახლახან ვარჯიშზე მხარი ამოიგდო დონეცკის შახტარის ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული გუნდის კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს, საბა კვერკველიას, გაზაფხულიდან მოყოლებული არ უთამაშია, ვლადიმირ ვაისს სამხრეთ კორეასა და დანიასთან მატჩებისთვის საფიქრალი ემატება.

მეტი ამ თემაზე: 

უკრაინული მედიის ცნობით, შახტარის 26 წლის ქართველ მცველს დაახლოებით 3-4 კვირა გაუცდება და გუნდს ვერც ჩემპიონთა ლიგაში, მანჩესტერ სიტისთან საშინაო შეხვედრაში დაეხმარება. ეს მატჩი 18 სექტემბერსაა, იქამდე კი სანაკრებო პაუზაა.

ვაისს ევრო 2020-ის შესარჩევში 1 მოგება და 3 მარცხი აქვს

"ვარჯიშზე მხარი ამოვიგდე. გამოჯანმრთელებას 3-4 კვირა დასჭირდება. დიდი ალბათობით, ნაკრების უახლოეს მატჩებსაც გამოვტოვებ", - ამბობს ხოჭოლავა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს სტამბოლში ამხანაგურ შეხვედრაში სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება, 8 სექტემბერს კი თბილისში, დანიის ნაკრებთან, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს ჩაატარებს.

დავით ხოჭოლოვამ მიმდინარე სეზონში დონეცკის შახტარის მაისურით ოთხ მატჩში ითამაშა. ეროვნულ ნაკრებში მცველის ანგარიშზე 16 მატჩია.

კომენტარები

ბოლო ამბები