Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრებმა გერმანია 78:74 დაამარცხა
  • გერმანელები საშინელი სტარტის შემდეგ თამაშში დაბრუნდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრები გუნდების დაპირისპირდება იყო, რომელიც ფრანგებმა 4 ქულის სხვაობით, 78:74 მოიგეს.

NBA-ს ვარსკვლავის, დენის შრიოდერის გარშემო აწყობილმა ბუნდესგუნდმა თამაში საშინლად დაიწყო. 6 წუთის შემდეგ ფრანგები 14:0-ს იგებდნენ. გერმანელებმა პირველი ქულის ჩაგდება 7 წუთისა და 21 წამის (!) შემდეგ მოახერხეს - ეს მაოდო ლომ 3-ქულიანით გააკეთა. მეორე პერიოდში გერმანელებმა ამოქაჩეს და სხვაობა 4 ქულამდეც (20:24) შეამცირეს, მაგრამ ჰენრიკ რიოდლის გუნდს ისევ 4-წუთიანი უქულო სერია ჰქონდა და ფრანგებმა პირველი ტაიმი 36:20 მოიგეს.

მესამე პერიოდი გერმანელებმა კარგად ჩაატარეს და 30:23 მოიგეს, რის გამოც, ბოლო მეოთხედის წინ, ფრანგების უპირატესობა 9 ქულამდე შემცირდა. ბოლო პერიოდში გერმანიის ნაკრებმა ასევე გაცილებით უკეთესი კალათბურთი აჩვენა და იყო მომენტი, როდესაც სხვაობა სამ ქულამდეც შემცირდა. საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე, პაულ ციპსერმა გერმანია საფრანგეთს 2 ქულის დისტანციამდე მიუახლოვა, მაგრამ გერმანელებმა თამაში მაინც ვერ გადაარჩინეს.

საფრანგეთის ნაკრებიდან საუკეთესოები ევან ფურნიე (26 ქულა, 10 მოხსნა) და ამათ მ’ბაიე (21 ქულა) იყვნენ, ხოლო გერმანიიდან კი - იოჰანეს ფოიგტმანი (25) და შრიოდერი (23). ამავე ჯგუფში, დომინიკის რესპუბლიკამ იორდანია 80:76 დაამარცხა. მეორე ტურში, გერმანია სწორედ დომინიკის რესპუბლიკას შეხვდება, საფრანგეთი კი - იორდანიას.

📺 ვიდეო: საფრანგეთი 78:74 გერმანია (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები