Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ''დინამო არენაზე'' მსოფლიოს ჩემპიონატამდე მეორე მატჩი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. საუზერნ კინგსთან მოგების შემდეგ, მილტონ ჰეიგის გუნდმა შოტლანდიასთან შეხვედრა ანგარიშით 10:44 დათმო.

საუზერნ კინგსთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში 10 ცვლილება განხორციელდა. ნაკრებს ისეთი მორაგბეები დაუბრუნდნენ, რომლებსაც პირველ მატჩში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ.

ამ მატჩში ''ბორჯღალოსნებს'' მიხეილ ნარიაშვილმა უკაპიტნა, რომელიც საქართველოს ნაკრების ისტორიაში რიგით 31-ე კაპიტანია. შოტლანდიელთა სტუმრობა პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში პირველი დონის ქვეყნის ნაკრები ჩამოვიდა.

შოტლანდიელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში ''ბორჯღალოსნების'' დაჯარიმება 2-ჯერ მოახერხეს.

პირველი ჯარიმა შეხვედრის მე-6 წუთზე გავიდა. გრეგ ლეიდლოუმ დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიშიც გახსნა - 0:3.

ლეიდლოუმ მეორე ჯარიმა ხუთ წუთში გაიტანა. ''ბორჯღალოსნებმა'' თამაშის წესი კიდევ ერთხელ დაარღვიეს და ლეიდლოუ ისევ ზუსტი იყო - 0:6.

პირველი ლელო საქართველოს ჩათვლის მოედანში ბენ ტულისმა დაამიწა. შოტლანდიელებმა მე-13 წუთზე 22-მეტრიანში რამდენიმე მარტივი გადაცემა გააკეთეს და ტულისსაც ლელოს დადებაში ხელი ვერავინ შეუშალა. ლეიდლოუ გარდასახვის დროს ზუსტი იყო და სტუმრები 13 ქულით დაწინაურდნენ.

შოტლანდიამ მე-20 წუთზე მე-2 ლელო გაიტანა. რორი ჰათჩინსონმა ''ბორჯღალოსნები'' დაალელოვა და ანგარიშში სხვაობა 18-ქულამდე გაზარდა. ლეიდლოუ დარტყმების შესრულებას უშეცდომოდ აგრძელებდა - 0:20.

ჰეიგის გუნდმა შოკიდან გამოსვლა მოახერხა და ნელ-ნელა თამაშიც დაიწყო. ''ბორჯღალოსნებმა'' 32-ე წუთზე მეტოქის დაჯარიმება მოახერხეს. თავიდან ისე ჩანდა, რომ ქართველები ამ ბურთის კიდეზე გადატანას აპირებდნენ, მაგრამ სოსო მათიაშვილმა ეს ჯარიმა კარში დაარტყა და საქართველოს ანგარიშიც გახსნა - 3:20.

სტუმრებმა ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს. ლეიდლოუმ თავის მარაგს კიდევ სამი ქულა დაუმატა და პირველი ტაიმი 13 ქულით დაასრულა. შოტლანდიამ პირველი ნახევარი 20 ქულით, 23:3 მოიგო.

შოტლანდიელებმა მეორე ტაიმის მე-6 წუთზე თავი კიდევ ერთი ლელოთი გამოიჩინეს. რორი ჰაჩინსონმა დუბლი შეასრულა და ლეიდლოუმ საკუთარი ქულათა რაოდენობა 15-მდე გაზარდა, ხოლო ანგარიშში სხვაობა 27 ქულამდე გაიზარდა - 3:30.

ჰეიგმა მატჩის 54-ე წუთიდან ცვლილებების განხორციელება დაიწყო. მინდორზე ლაშა ხმალაძე, თამაზ მჭედლიძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, კარლენ ასიეშვილი და გელა აფრასიძე გავიდნენ.

მინდორზე შემოსვლიდან 2 წუთში კარლენ ასიეშვილმა ლელოს დადება მოახერხა. მჭედლიძის კარგი კონტაქტის შემდეგ, ბურთი კარგად გათამაშდა და კარლენის გაჩერება ვერავინ მოახერხა. აბჟანდაძემ გარდასახვის გატანა მოახერხა და სხვაობა 20 ქულამდე შეამცირა - 10:30.

დარსი გრემიმ ''ბორჯღალოსნების'' ლელოს მალევე უპასუხა და შოტლანდიელებმა ბურთი საქართველოს ჩათვლის მოედანში მეოთხედ დაამიწეს, რომელიც ფინ რასელმა გარდასახა - 37:10 შოტლანდიელთა სასარგებლოდ.

მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, შოტლანდიამ კიდევ ერთი ლელო დადო. სტუმრების მეხუთე ლელო სკოტ კამინგსის ანგარიშზეა. ''ბორჯღალოსნებმა'' ბურთი ხუთმეტრიან ზონაში დაკარგეს, რითიც შოტლანდიელებმა კარგად ისარგებლეს - 44:10.

საქართველოს მატჩის ბოლო წუთზე ლელოს დადების შანსიც ჰქონდა, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" ეს მომენტი ვერ გამოვიყენეს და საბოლოოდ, 34 ქულით - 10:44 დამარცხდნენ. შოტლანდიამ საქართველოსთან მესამედ ითამაშა და მესამე გამარჯვება იზეიმა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 6 სექტემბერს შოტლანდიას ეწვევა და მსოფლიოს თასამდე ბოლო შეხვედრას გამართავს.

საქართველოს ნაკრები 10:44 შოტლანდია

ხაზი | ბექები 15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. დავით კაჭარავა, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება | ფორვარდები 1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. შალვა სუთიაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

სათადარიგო შემადგენლობა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ლაშა ლომიძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები