Thumbnail
  • რუსთავი 0:2 დინამო ბთ
  • ბათუმელებმა ჯოვინოსა და დვალიშვილის გოლებით გაიმარჯვეს
  • გია გეგუჩაძის გუნდმა რუსთავში მოგებით ლიდერობა დაიბრუნა

ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა რუსთავის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართა, სადაც რუსთავმა ჩემპიონობისთვის მებრძოლ ბათუმის დინამოს უმასპინძლა და პირველი ტაიმში მიღებული გოლებით დამარცხდა. 

გია გეგუჩაძის გუნდს ცხრილში პირველობისთვის დაძაბული ბრძოლა დინამო თბილისსა და საბურთალოსთან უწევს და მისთვის ყოველ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ქულები ჰაერივით სჭირდება რუსთავსაც. ვარლამ კილასონიას გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. თამაშს ორივე გუნდი კარგ ფორმაში შეხვდა - რუსთავს ჩემპიონატში 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, ბათუმელებმა კი მანამდე ზედიზედ სამი შეხვედრა ისე მოიგეს, გოლი არ გაუშვეს.

ზედიზედ მეოთხე მატჩში გამარჯვებამ ბათუმელი ქომაგები ძალიან გაახარა 

გუნდებმა რუსთავის სტადიონზე თამაში მაღალ ტემპში დაიწყეს, ნელ-ნელა კი სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა. შედეგად, მე-19 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. ვალერიან თევდორაძის წამოწყებული იერიშის შემდეგ, ჯაბა ჯიღაურმა ერთი შეხებით, მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჯოვინო ფლამარიონი, რომელმაც გიორგი მამარდაშვილს ცრუმოძრაობით აუარა გვერდი და ანგარიში გახსნა.

📺 0:1 ჯოვინო (19’) 


გია გეგუჩაძის გუნდს ანგარიშში სხვაობის გასაზრდელად წუთები დასჭირდა. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან გიული მანჯგალაძემ ცენტრისკენ ისე წაიწია და შორეულ ძელთან პასი ისე გააკეთა, ხელი არავინ შეუშალა, იქ კი ყველას ვლადიმერ დვალიშვილმა დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა.

📺 0:2 დვალიშვილი (23’) 

შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა. ბათუმელები ისეთი დიდი ძალებით აღარ უტევდნენ, თუმცა მათ არც ანგარიშის შენარჩუნებაზე დაუწყიათ თამაში. ანგარიშის შემცირების ყველაზე რეალური შანსი მასპინძლებს ტაიმის მიწურულს ჰქონდათ, როდესაც საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ გიორგი თევზაძემ შეასრულა, თუმცა მიხეილ ალავიძემ რთული ბურთის მოგერიება ნახტომში შეძლო.

📺 ალავიძის სეივი

მეორე ტაიმში თამაში პირველის სცენარით გაგრძელდა. ვარლამ კილასონიამ მატჩის გადასარჩენად ცვლილებებს შესვენების შემდეგ მალევე მიმართა - მოედანზე დათა სიჭინავა და ნიკა ძალამიძე შეუშვა, თუმცა ამან მასპინძელთა იერიშებს განსაკუთრებული სიმწვავე ვერ შესძინა. 

კვლავ ძალიან აქტიური იყო ლადო დვალიშვილი. ბათუმელთა ფორვარდს დუბლის შესრულების ძალიან ხელსაყრელი მომენტი 69-ე წუთზე, ჯოვინოს იერიშის შემდეგ ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან კარს ააცილა.   

📺 დვალიშვილის მომენტი

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩის მიწურულს გატანა საგოლე პასის ავტორ ჯაბა ჯიღაურსაც შეეძლო, თუმცა მომენტი ვერ გამოიყენა, იქამდე კი მორიგი სეივით ალავიძე გამოირჩა, რომელმაც დათა საჭინავას ძლიერი დარტყმული მოიგერია.

📺 სიჭინავას გასროლა

ამ გამარჯვებით გია გეგუჩაძის გუნდმა 52 ქულა დააგროვა და ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა. 51 ქულა და თამაშით ნაკლები აქვს დინამო თბილისს, ხოლო საბურთალოს - 44, თუმცა გია ჭიაბრიშვილის შეგირდებს სამი მატჩი რეზერვში აქვთ.

ეროვნულ ლიგაში ამ ტურის შემდეგ სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა იქნება. 27-ე ტურში კი, 14 სექტემბერს, დინამო ბათუმი თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებს, რუსთავი კი სტუმრად გორის დილას შეხვდება.

რუსთავთან მოგებული შეხვედრა ბათუმის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ შეაფასა. მან აღნიშნა, რომ გუნდმა კარგად გამოიყენა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

გია გეგუჩაძე: ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. მოგებისთვის ორივე გუნდი ვიბრძოდით. ეს იოლი გამარჯვება არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში გარკვეულ უპირატესობას ვფლობდით, მეორე ნახევარში ეს უპირატესობა დავთმეთ და პირველ ტაიმში გატანილი გოლების წყალობით მოვიგეთ.

რუსთავი ახალგაზრდული გუნდია, უხერხული მეტოქეა ნებისმიერ გუნდისთვის. კარგა, სწრაფ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობენ. საბედნიეროდ, ეს მატჩი გამარჯვებამდე მივიყვანეთ. შევეცდებით, რომ სანაკრებო პაუზა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

რუსთავი 0:2 დინამო ბთ

გოლები: 0:1 ჯოვინო (19’), 0:2 დვალიშვილი (23’)

რუსთავი (4-4-2): მამარდაშვილი - კაპანაძე, გუჯაბიძე, ნოზაძე, თევზაძე (65' ძალამიძე) - კიტეიშვილი (46' სიჭინავა), ქოჩლაძე, ვასაძე (81' ლეჟავა), სილაგაძე - იმნაძე, ქავთარაძე.

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - მანჯგალაძე, მამუჩაშვილი - ჯიღაური, ჯოვინო (89' ჯანელიძე), თევდორაძე (64' ტეიდი) - დვალიშვილი (72' რამოსი).

კომენტარები

ბოლო ამბები