Thumbnail
  • ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი კარგ ფორმაშია
  • მსოფლიო პირველობის საწყისმა დღემ სენსაციების გარეშე ჩაიარა

ჩინეთში დაწყებული 2019 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა ესპანეთმა სასტარტო შეხვედრაში აუღელვებელი გამარჯვება იზეიმა. სერჯიო სკარიოლოს შეგირდებმა აფრიკის ჩემპიონ ტუნისს პირველი ტაიმი მხოლოდ 3 ქულით მოუგეს, შესვენების შემდეგ კი, სრული დატვირთვით ათამაშდნენ და მეტოქე 39 ქულის სხვაობით გაანადგურეს – 101:62.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ფენიქს სანსის გამთამაშებელი რიკი რუბიო გახდა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა – 17 ქულა, 9 პასი. 10 ან მეტი ქულა კიდევ ხუთმა ესპანელმა მიითვალა. ისინი სერხიო ლული (16), ხუანჩო გომესი (13), ვიქტორ კლავერი (12), პაუ რიბასი (12), მარკ გასოლი (10) იყვნენ.

ტუნისელთა რიგებში მთავარი კაცი დალას მავერიქსში გამობრძმედილი ცენტრი სალაჰ მეჯრი გახლდათ, თუმცა, მისი 15 ქულა და 7 მოხსნა არაფრის მომცემი აღმოჩნდა.

სენსაცია არც სხვა მატჩებში დაფიქსირებულა. იტალიამ ფილიპინებს პირველი დღისთვის სარეკორდო 108 ქულა ჩაუგდო და 46 ქულით (108:62) მოუგო, ტურნირის მასპინძელმა ჩინეთმა კოტ დ’ივუარს 70:55 სძლია, არგენტინამ კი სამხრეთ კორეა დატოვა უშანსოდ – 95:69.

ხვალინდელი მატჩების განრიგი:
11:30 კანადა – ავსტრალია
12:00 ახალი ზელანდია – ბრაზილია
12:30 დომინიკის რესპუბლიკა – იორდანია
12:30 თურქეთი – იაპონია
15:30 სენეგალი – ლიტვა
16:00 საბერძნეთი – მონტენეგრო
16:30 ჩეხეთი – აშშ
16:30 საფრანგეთი – გერმანია

კომენტარები

ბოლო ამბები