Thumbnail

‘ტკბილი 90-იანები’ – კლოდ სორელმა ბორჯღალოსანთა პირველი ნაბიჯები გაიხსენა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფრანგმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებზე მსოფლიო რაგბთან ისაუბრა
  • სორელმა 'ბორჯღალოსანთა' წინსვლაში დიდი როლი ითამაშა

მსოფლიო რაგბის საიტზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის კლოდ სორელის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მან ქართული რაგბში ოციოდ წლის წინ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი “ბორჯღალოსნებს” საუკუნეთა მიჯნაზე ავარჯიშებდა და ჩვენი გუნდის წინსვლაში დიდი როლი ითამაშა. მისი ხელმძღვანელობით, ქართველებმა 2001 წელს ევროპის ერთა თასი პირველად მოიგეს, ორ წელში კი სადებიუტო მსოფლიო თასზეც გააღწიეს. სწორედ მუსიე კლოდის ხელშეწყობით მოხდა საფრანგეთში ქართველ მორაგბეთა გადინება, რამაც უდიდესი პროგრესი მოიტანა.

ქართული რაგბის ხელმძღვანელობა გასული საუკუნის მიწურულს - პირველ რიგში მარცხნიდან მეორე კლოდ სორელი

სორელმა ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა, რომელიც რაგბის ქართველი ქომაგისთვის უცხო ნამდვილად არ იქნება, აი, მსოფლიოში კი, ალბათ, ბევრს გააოცებდა. საქართველოს ნაკრებმა განვითარება ურთულეს პერიოდში დაიწყო და იმ დონემდე მივიდა, რომ მსოფლიოს გრანდებთან ღირსეულად ჭიდილი შეუძლია. შეგახსენებთ, რომ სწორედ დღეს, თბილისში შოტლანდიის ნაკრები გახლავთ ჩამოსული და “ბორჯღალოსნები” ისტორიული გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან. ახლა კი, ფრანგი მწვრთნელი მსოფლიო რაგბისთვის ნაამბობი.

კლოდ სორელი: “მაშინ დღის განმავლობაში შუქი 3-4 საათი მოდიოდა, დანარჩენ პერიოდში კი ყველაფერი წყვდიადში გახლდათ ჩაძირული. ჩემთვის, ეს რაღაც გაგებრობა გახლდათ. თბილისში ფაქტობრივად მთელი დღე გენერატორთა გრუხუნი ისმოდა, მე კი, სპეციალურად მოჩენილი დაცვის ბიჭი დამყვებოდა, რადგანაც გამოსასყიდის მიზნით ხალხის გატაცება ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

მაშინ მორაგბეებსაც ქურთუკები ეცვათ, სადაც ბევრი რევლოვერსაც კი მალავდა. ძალიან რთული პერიოდი იყო, თუმცა, როდესაც ეს ბიჭები მინდორზე ვნახე, მათი და ქართველი მწვრთელების მონდომება გავითავისე, ქვეყნის და ხალხის ხასიათი გავათვითცნობიერე, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მათ ვერ მივატოვებდი.

ამგვარად, გადავწყვიტე, ქართველებს დავხმარებოდი. ეს, მათ ვუთხარი, პირველი კი, რაც მიპასუხეს, იყო – “კი, მაგრამ მისტერ, ჩვენ ფული არ გვაქვს”. ვუპასუხე, რომ აღნიშნული საკითხი მოგვიანებით განგვეხილა.

მუშაობა დავიწყეთ, არადა, სტადიონები საშინელ მდგომარეობაში იყო. ისინი ძირითად სამხედროებს ჰქონდათ დაკავებული, მინდორი არაფრად ვარგოდა, ტრიბუნები მოშლილი გახლდათ და ყველაფერი მოპარული იყო: ონკანები, ნათურები, კარის სადგამი მილებიც კი... სავალალო სიტუაცია სუფევდა.

კლოდ სორელის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა 2003 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა

იძულებული ვიყავი, ვარჯიშები საზოგადოებრივ პარკებში ჩამეტარებინა, რადგანაც მხოლოდ იქ იყო შემორჩენილი ბალახის საფარი და შეგვეძლო გარკვეული სქემები ის დაგვემუშავებინა, რომ ბიჭებს ძირს დაცემის არ შეშინებოდათ.

არადა, მათ ნორმალური ფეხსაცმელიც კი არ ჰქონდათ, რაგბის ბურთები გვიჭირდა, მოკლედ, ყველაფერი თავიდან იყო დასაწყები. წარმოიდგინეთ, ნაკრებში მყავდა მორაგბეები, რომელთაც ნორმალურად კვების საშუალებაც კი არ გააჩნდათ.

როგორ უნდა ითამაშოს მორაგბემ მაღალ დონეზე, თუკი მას შია და შესაბამისად, სწორი კვების რეჟიმზე საუბარიც კი ზედმეტია? ამიტომაც, საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებთან ერთად გადავწყვიტეთ, ისინი ფრანგულ კლუბებში გაგვეშვა, სადაც ნორმალური პირობებში სწორი განვითარების შანსი ექნებოდათ.

თანდათანობით, საფრანგეთში თავი 80-მდე მორაგბეს მოვუყარეთ. ქართველები პატრიოტი ხალხია და მათთვის სამშობლოსთან განშორება რთული გახლდათ, თუმცა, ქართული რაგბისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი იყო, რომელმაც სწრაფი პროგრესი მოგვცა.

ჩვენთვის პირველ მსოფლიო თასზე გასვლამდე, თბილისში რუსეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ, რომელსაც 50 ათასი მაყურებელი დაესწრო. ქართველებისთვის რუსებთან სარაგბო შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგანაც ეს, ერთადერთი სპორტია, სადაც პრინციპულ მეტოქეს ფაქტობრივად მუდმივად უგებენ. რუსებს საქართველოსთან ერთადერთი გამარჯვება 2001 წელს აქვთ მოპოვებული.

ცხადია, 2003 წლის მსოფლიო თასი გამორჩეული მოვლენა იყო. ინგლისთან დიდი ანგარიშით წავაგეთ და მთელი თამაში დიდ ტკივილს განვიცდიდი. ვუყურებდი ბიჭებს და გული მწყდებოდა, რადგანაც ვიცოდი, რომ მათ გაცილებით მეტი შეეძლოთ.

სამაგიეროდ, სამხრეთ აფრიკასთან ყოჩაღად გამოვიყურებოდით. გარკვეული პერიოდი თამაში საქართველოს ნაკრების დომინირებით მიდიოდა და ეს, განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ, თუმცა, საბოლოოდ, რასაკვირველია, წავაგეთ.

ბორჯღალოსანთა სადებიუტი მატჩი მსოფლიო თასზე ინგლისთან

ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების პროგრესი სწორედ მაშინ დაიწყო. ჩვენი ნაკრები ევროპულ რეიტინგში 42 გუნდს შორის 38-ე იყო, ახლა კი, თუ ექვს ერს არ ჩავთვლით, საქართველო ევროპაში ლიდერია.

ქართველები მსოფლიოში ალბათ პირველები არიან, ვინც ხუთ-ექვს წელში 21 ახალი სტადიონი ააშენა. ისინი ყველგანაა, თანაც საუბარი არა მარტივ მოედნებზე, არამედ, სრულყოფილ არენებზეა, რომლებიც ათასობით ადამიანს იტევს და არც სავარჯიშო დარბაზები აკლია. იქვეა აკადემიები მწვრთნელების და მსაჯების განვითარებისთვის.

სარაგბო სკოლები სავსეა და ერთი ისეთი კლუბიც კი ვიცი, სადაც 800-მდე ბავშვი ვარჯიშობს. დღეისთვის, უკვე 80 კვალიფიციური მწვრთნელი და 35 არბიტრი ჰყავთ. დიახ, ქართული რაგბი ჯერაც დიდი გზის დასაწყისშია, თუმცა, მუდმივად ვითარდება და ეს აღტაცებას იწვევს”.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

კომენტარები

ბოლო ამბები