Thumbnail
  • საშა ჯორჯევიჩის შეგირდებმა აფრიკელებთან გაილაღეს
  • რუსეთმა და პუერტო რიკომ ბოლო წამებზე იმარჯვეს

ჩინეთში სტარტი აიღო რიგით მე-18 მსოფლიოს ჩემპიონატმა კალათბურთში, რომელსაც 32 მონაწილე ჰყავს. გახსნის მატჩში სერბეთმა ანგოლა 105:59 გაანადგურა და დაადასტურა, რომ ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ტყუილად არ მოიაზრება.

ფოშანის სპორტის და კულტურის საერთაშორისო ცენტრში გამართულ შეხვედრას 11 ათასი ქომაგი დაესწრო და საშა ჯორჯევიჩის შეგირდების ლაღი თამაში იხილა.

ვარსკვლავებით სავსე სერბეთის ნაკრებმა აფრიკელებს ყველა კომპონენტში აჯობა, განსაკუთრებით თვალსაცემი კი ევროპელების კარგი გუნდური გარჯა გახლდათ: 7 და მეტი ქულის აღება ერთბაშად 8 კალათბურთელმა მოახერხა.

გამარჯვებულთა რიგებში 24 ქულით საუკეთესო საკრამენტო კინგზის უკანახაზელი ბოგდან ბოგდანოვიჩი იყო 24 ქულით. მან 7-დან 5 სამქულიანი გამოიყენა, სულ კი, სერბებმა 20-დან 13 შორეული ტყორცნა ჩააგდეს, რამაც 65% (!) შეადგინა. სერბების “მაღლებმა” – დენვერელმა ნიკოლა იოკიჩმა და ოლიმპიაკოსელმა ნიკოლა მილუტინოვმა კი 14-14 ქულა მიითვალეს.

უკვე დასრულდა კიდევ 3 მატჩი. პოლონელებმა ვენესუელასთან პირველი მეოთხედის წაგების შემდეგ მობილიზება შესძლეს და 80:69 იმარჯვეს, კიდევ ორ შეხვედრაში კი ბოლო წამებამდე ბრძოლა გახლდათ.

რუსეთის ნაკრებმა ნიგერიას 82:77 მოუგო, ირანმა კი პუერტო რიკოსთან პირველ ტაიმში მოპოვებული 18-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და 81:83 დამარცხდა. ცენტრალური ამერიკის წარმომადგენელთა გამარჯვება დავიდ უერტასმა განაპირობა, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო და აზიელთა ლიდერ ჰამედ ჰადადის ორმაგი დუბლი (22 ქულა, 16 მოხსნა) გადაფარა.

როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოს ჩემპიონატში 32 ნაკრებია ჩართული, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი, ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო ნაკრები კი შემდეგ ეტაპზე გავა. 
ტურნირს ჩინეთის 8 ქალაქი მასპინძლობს და ის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, დღეს კი, კიდევ 4 მატჩია დაგეგმილი: 15:30 ფილიპინები-იტალია, 16:00 კოტ დ’ივუარი-ჩინეთი, 16:30 არგენტინა სამხრეთ კორეა, 16:30 ესპანეთი-ტუნისი.

კომენტარები

ბოლო ამბები