Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6, 7:6 (7:3), 7:5, 6:2 ჯენსონ ბრუკსბი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა 15 ორმაგი და 71 უნებლიე შეცდომა დაუშვა
  • ბასილაშვილს 180 სარეიტინგო ქულის დაცვამდე 1 მოგება აშორებს

27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის მე-3 წრეში გააღწია და შარშანდელი შედეგის გამეორებამდე 1 მოგებაღა უკლია, რა შემთხვევაშიც 180 სარეიტინგო ქულას დაიცავს.

დღეს, მე-17 ნომრად განთესილი ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგში 394-ე ადგილზე მყოფი 18 წლის ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი გახლდათ და თითქოს, ქართველ ჩოგბურთელს საქმე გამარჯვებამდე აუღელვებლად უნდა მიეყვანა, თუმცა, თამაში სამ საათზე მეტხანს გაიწელა და ნიკოლოზმა ოთხ სეტში 3:6, 7:6 (7:3), 7:5, 6:2 მოიგო.

სასტარტო სეტში ბასილაშვილმა პირველივე მოწოდება წააგო და წონასწორობის აღდგენა ვერაფრით მოახერხა, რისი მიზეზიც ქართველისთვის ტრადიციული უნებლიე და ორმაგი შეცდომების სიმრავლე გახდა.

ნიკასთვის მე-2 სეტის სტარტი საერთოდაც კატასტროფული გამოდგა. მან ზედიზედ 4 გეიმი დათმო და თავი ურთულეს მდგომარეობაში ჩაიგდო. ამ დროს ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ქართველი ამ სეტის გადარჩენას შესძლებდა, თუმცა, “გამოფხიზლება” შესძლო და ის სათავისოდ მე-13 გეიმში დაასრულა.

საინტერესოა, რომ ტაი-ბრეიკზე ნიკამ მატჩში პირველი ეისები (2) ჩააწოდა (ამ დროს ამერიკელს უკვე 7 ჰქონდა), ჯენსონმა კი პირველი ორმაგი შეცდომა დაუშვა (ნიკა პასივში 7 ორმაგი გახლდათ) და სეტის ბედიც მეტწილად ამან გადაწყვიტა.

18 წლის ამერიკელმა ბასილაშვილს მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გაუწია

მე-3 სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის კარგად დაიწყო და ის 2:0 დაწინაურდა, თუმცა, ამას ბრეიკების “წვიმა” მოჰყვა. საერთო ჯამში, სეტში 7 (!) ბრეიკი ვიხილეთ, საიდანაც ერთით მეტი ქართველმა მიითვალა, სეტი 7:5 მოიგო და 2:1 დაწინაურდა.

როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა ამერიკელი სწორედ აქ “გატყდა”. ბასილაშვილი მე-4 სეტში 2 ბრეიკით დაწინაურდა და მართალია, იქვე თავისი მოწოდება კიდევ ერთხელ დათმო, საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხა. 

საბოლოოდ, ბასილაშვილმა 5 ეისი მოაწოდა და 15 (!) ორმაგი შეცდომა დაუშვა, რამაც ძალიან აზარალა. მან პირველ მოწოდებაზე ბურთების 67% (45 67-დან) მოიგო, მეორეზე კი – 50% (32 64-დან), ამასთან 46 “ვინერსი” და 71 (!) უნებლიე შეცდომა მოუგროვდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 21-დან 9 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 7-ჯერ დათმო.

უკვე ცნობილია, რომ ნიკას შემდეგი მეტოქე 25 წლის გერმანელი დომინიკ კოეპფერი იქნება, რომელსაც რეიტინგში 118-ე ადგილი უკავია. ცნობისთვის, მან ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და ზურგს უკვე 5 გამარჯვება უმაგრებს.

კვალიფიკაციაში მე-11 ნომრად განთესილმა კოეპფერმა ამერიკელ რაიან ჰარისონს 6:1, 6:1 სძლია, ფრანგი ნიკოლა მაუ 7:6 (7:3), 4:6, 6:3 დაამარცხა, ხოლო იაპონელ იასუტაკა უჩიამას 6:3, 6:4 მოუგო. უკვე ძირითად ბადეში დომინიკმა ესპანელ ხაუმე მუნარს ოთხ სეტში აჯობა – 6:4, 6:7 (2:7), 7:5, 5:7, ამერიკელ რეილი ოპელკას კი უფრო იოლად გაუსწორდა – 6:4, 6:4, 7:6 (7:2).

ბასილაშვილის და კოეპფერის შეხვედრა სავარაუდოდ 31 აგვისტოს შედგება და ცხადია, რომ ქართველ ჩოგბურთელს მერვედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს, რა შემთხვევაშიც სარეიტინგო ქულების გარდა, აქტივს 280 ათას დოლარს შემატებს, 163 ათასი კი უკვე განაღდებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები