Thumbnail
  • აშშ-ს ბოლო 13 წელიწადში ყველაზე სუსტი გუნდი ჰყავს წაყვანილი
  • ესპანეთის "დიდი თაობისთვის" ეს ერთ-ერთი ბოლო შანსია
  • იანისთან ერთად საბერძნეთი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
  • სერბები აქცენტს კოლექტიურ თამაშზე აკეთებენ, ამ გუნდს იოკიჩიც ემატება

31 აგვისტოს, ჩინეთში საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. 32 გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს - ახალი ჩემპიონის ვინაობა კი 15 სექტემბერს გვეცოდინება. პირველ რაუნდში გუნდები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული, საიდანაც ჯგუფის ორი საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას. ამ სტატიაში ნახავთ ყველაფერს, რაც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ უნდა იცოდეთ.

უპირველესი ფავორიტები

აშშ

ძალიან ბევრი წელია, ამერიკას არცერთი საერთაშორისო ტურნირი არ წაუგია. უფრო მეტიც, არცერთი კონკურენტი ამერიკის დამარცხებასთან ახლოსაც კი არ ყოფილა. მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატი 13-წლიანი პაუზის შემდეგ, შესაძლოა, პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირი აღმოჩნდეს, რომელიც ამერიკის წარუმატებლობით დასრულდება.

მიუხედავად იმისა, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდი უპირველეს ფავორიტად მაინც რჩება, ამ ფორმაციის ამერიკის ნაკრები დაუმარცხებლად აღარ გამოიყურება. ეს რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. ბოლო ძალიან ბევრ წელში ამერიკას ყველაზე სუსტი გუნდი ჰყავს წაყვანილი. ოლიმპიადისგან განსხვავებით, მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას ბევრი სუპერვარსკვლავი ტრადიციულად თავს არიდებს ხოლმე, თუმცა წელს არამხოლოდ ლებრონის და ლეონარდის მასშტაბის სუპერვარსკვლავებმა თქვეს ნაკრებში თამაშზე უარი, არამედ ბევრად უფრო ნაკლები ამბიციის მქონე მოთამაშეებმაც.

მოხდა ისე, რომ ბოსტონის ახალწვეული კემბა უოკერი ამ ფორმაციის ამერიკის ყველაზე ვარსკვლავური მოთამაშეა. იმის ფონზე, რომ NBA-დან სხვა ნაკრების ლიდერებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში არ დაიზარეს, პირველად ამ საუკუნეში ტურნირის საუკეთესო კალათბურთელები ამერიკის ნაკრებში არ ითამაშებენ - პოპოვიჩს სულ მცირე იანის ანტეტონკუმპოსა და ნიკოლა იოკიჩის კლასის მოთამაშე გუნდში არ ჰყავს.

გარდა ამისა, აშშ არც ამხანაგურ თამაშებში გამოიყურებოდა ძალიან დამაჯერებლად - ესპანეთთან იოლ გამარჯვებას, მაგალითად, ავსტრალიასთან მარცხი მოჰყვა - პირველი წაგება 2006 წლის შემდეგ.

ამის მიუხედავად, პოპოვიჩის გუნდს, რა თქმა უნდა, ტურნირის მოგების ყველაზე მეტი შანსი აქვს. ამერიკა ძირითადად გარდების მეშვეობით შეუტევს ხოლმე - სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობენ პოპოვიჩის გუნდის საუკეთესო ჩამყრელები - დონოვან მიტჩელი და კემბა უოკერი. გარდა ამისა, გუნდში რამდენიმე ძალიან კარგი მსროლელია, რომელიც პერიმეტრიდან ნებისმიერ მეტოქეს საფრთხეს შეუქმნის - განსაკუთრებით კრის მიდლტონი და ჯეისონ ტეიტუმი უნდა გამოვყოთ.

კემბა უოკერი

მიტჩელი-უოკერის წყვილი შეტევაში ძალიან კარგია, თუმცა დაცვაში მათ სიმაღლე აკლიათ. მეტოქის დიდი გარდების წინააღმდეგ პოპოვიჩს ყოველთვის ჰყავს უფრო დაცვითი ვარიანტი - მარკუს სმარტი. პოპოვიჩის ამერიკა უფრო მსუბუქი, სწრაფი და მსროლელი გუნდი იქნება, თუმცა რადგან ამერიკის უპირველეს კონკურენტებს სერბეთს, ესპანეთს და საბერძნეთს თავისი უპირველესი ვარსკვლავები (იოკიჩი, გასოლი, იანისი) იმ ტიპის მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც მეტოქის სამწამიანს უტევენ, ამერიკელებმა ერთდროულად სამი ცენტრი - მეისონ პლამლი, ბრუკ ლოპესი, მაილს ტერნერი წაიყვანეს. დიდწილად მათზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებენ მეტოქის სუპერვარსკვლავებისგან სამწამიანის დაცვას. პერიმეტრზე კი ამერიკას ვერცერთი გუნდი კონკურენციას ვერ გაუწევს. სწრაფი და დინამიური თამაში ამერიკის მთავარი იარაღია, დაბალ ტემპში თამაშის დროს კი მეტოქეებს უფრო მეტი შანსი ექნებათ.

ესპანეთი

უკვე ძალიან ბევრი წელია, ალბათ 2006 წლის შემდეგ, ესპანეთი ამერიკის უპირველესი კონკურენტია. ესპანეთს „ოქროს თაობა“ ჰყავდა - ძმები გასოლები, რუდი ფერნანდესი, ნავარო, ფელიპე რეიესი, სერხიო ლული, სერხიო როდრიგესი, რიკი რუბიო. თუმცა, ამ გუნდმა ამერიკას ვერცერთხელ ვერ მოუგო - ესპანეთს არ გაუმართლა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ამერიკელები საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ძლიერი გუნდებით მიდიოდნენ. რომ ყოფილიყო ეს ამ საუკუნის დასაწყისის ამერიკის ნაკრები, გუნდი, რომელმაც რამდენიმე დიდი ტურნირი დათმო, მაშინ ესპანეთს ბევრად მეტი შანსი ექნებოდა.

ესპანეთის დიდი თაობა მიდის და გუნდში თაობათა ცვლის პროცესია. პაუ გასოლი კარიერას ასრულებს, ასევე ფელიპე რეიესი. ხუან კარლოს ნავარომ კარიერა უკვე დაასრულა. მარკ გასოლი და რუდი ფერნანდესი კი ვეტერანები არიან. ახალი თაობა ასევე კარგია, თუმცა ესპანეთს ისეთი ვარსკვლავური გუნდი აღარ ჰყავს, როგორც რამდენიმე წლის წინ და ამ ჩემპიონატზე სერბეთი და საბერძნეთი შესაძლოა ამერიკისთვის უფრო სახიფათონი აღმოჩნდნენ, ვიდრე ესპანეთი.

გუნდში არ არის სერხიო როდრიგესი და ძირითადი გარდები რიკი რუბიო და სერხიო ლული იქნებიან. რუბიო უფრო ბურთის გათამაშებაზე იქნება ორიენტირებული, „ფინიქს სანსის“ გამთამაშებელს სროლა არ აქვს და შეტევა უჭირს. სამაგიეროდ ძალიან მაგრად ისვრის სერხიო ლული - პერიმეტრიდან ლული და პაუ რიბასი ესპანელთა მთავარი იარაღი იქნება. ასევე ძალიან კარგად ისვრის რუდი ფერნანდესი - ესპანელთა მსუბუქი ფორვარდი. ესპანეთს უფრო პერიმეტრის დაცვა გაუჭირდება - არც რუბიო და მით უმეტეს, არც სერხიო ლული, საუკეთესო მცველთა რიცხვში არ შედიან.

სამაგიეროდ ესპანეთი ძალიან ძლიერი იქნება სამწამიანში. გუნდის მთავარ ვარსკვლავ მარკ გასოლთან ერთად სამწამიანში თამაშობენ ძმები ერნანგომესები NBA-დან. ესპანეთი სამწამიანს ძალიან კარგად იცავს, ამავე დროს მათ შეტევის აქცენტები თანაბრად შეუძლიათ გაანაწილონ და შეუტიონ, როგორც პერიმეტრიდან სროლის წყალობით, ასევე სამწამიანიდან ფიზიკური ძალის, მასის და სიმაღლის დახმარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს გუნდი ერთად უკვე ბევრი წელია თამაშობს და ძალიან გამოცდილია - გუნდის საშუალო ასაკი 30 წელია.

ესპანეთი უფრო ნელ და პოზიციურ კალათბურთს ითამაშებს, ეს გუნდის ასაკითაც არის გამოწვეული, გარდა ამისა, რთულია მარკ გასოლით სწრაფი კალათბურთის თამაში და გუნდის გარდებს - რუბიოს და ლულს ბურთის დიდი ხანი ხელში ჭერა უყვართ.

საბერძნეთი

ჩემპიონატის ყველაზე ვარსკვლავური მოთამაშე სწორედ საბერძნეთის რიგებში თამაშობს. იანისთან ერთად, ბერძნებს ჩემპიონობის ამბიცია აქვთ. ბერძნებს ცოტა არ გაუმართლათ იმაში, რომ იანისის გვერდზე მათ ბევრი ვეტერანი ჰყავთ, რომლებმაც საუკეთესო წლები უკან მოიტოვეს. წლების მანძილზე პანათინაიკოსი და ოლიმპიაკოსი ევროპაში დომინირებდნენ, ხოლო მათი თაობა - სპანულისი, პრინტეზისი, პაპანიკოლაუ, მანცარისი, ბურუსისი - ევროპის მასშტაბით კი ძალიან კარგი იყო, თუმცა იმ გუნდებთან თამაში უჭირდა, რომელთაც NBA-ს ვარსკვლავები ჰყავდათ. ამ დონეზე ასვლამდე ბერძნებს ერთი იანისის კალიბრის სუპერვარსკვლავი აშორებდათ. ახლა მათ იანისი ჰყავთ, თუმცა ბერძნების დიდი თაობა უკვე ვეტერანია - სპანულისი ნაკრებში საერთოდ არ არის, პრინტეზისი და ბურუსისი ასაკში არიან, პაპანიკოლაუს და კალატესს კი უმაღლეს დონეზე თამაშის რამდენიმე წელი დარჩათ. ახალი თაობა (კონიარისი, პაპაპეტრუ, ლარენცაკისი) წინა თაობასთან ახლოსაც ვერ არის.

არის კიდევ ერთი პრობლემა: იანისი საუკეთესო სწრაფ და დინამიურ კალათბურთშია, ბერძნული კალათბურთი კი, ტრადიციულად, უფრო ნელ, დაცვით და პოზიციურ თამაშზეა გათვლილი. შეუძლებელია პრინტეზისით, პაპანიკოლაუთი და ბურუსისით სწრაფ ტემპში თამაში. ბერძნების გამთამაშებელს და იანისის შემდეგ მათ საუკეთესო მოთამაშეს ნიკ კალატესსაც ბურთის დიდი ხანი ჭერა უყვარს. ასე რომ იანისს მოუწევს, მისთვის არცთუ ისე მოსახერხებელ ნელი კალათბურთის თამაში.

ბერძნები ამხანაგურ თამაშებში კარგად გამოიყურებოდნენ. ტრადიციულად, ისინი ძალიან კარგად თამაშობენ დაცვას და პოზიციურ, დაცვით თამაშში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. შეტევაში მათ სუპერკლასის მსროლელები არ ჰყავთ. პერიმეტრიდან საბერძნეთი ნაკლებად სახიფათო იქნება. ბერძნების სამ საუკეთესო მოთამაშეს - იანისს, კალატესს და პრინტეზისს გრძელი სროლა საერთოდ არ აქვს. შესაბამისად, საბერძნეთი უფრო სამწამიანიდან შეტევაზე გააკეთებს აქცენტს თავისი ათლეტიზმის და სიმაღლის ხარჯზე. შეტევაში მათი მთავარი იარაღი იანისის და კალატესის მიერ მოფიქრებული კომბინაციები იქნება. შეტევაში არცთუ ისე ტალანტით მდიდარ გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეძლებს ნიკ კალატესი ბურთის გათამაშებას და თანაგუნდელებისთვის სროლების შექმნას.

კიდევ ერთი ფაქტორი: ამ გუნდში ევროლიგის რამდენიმე გზის ჩემპიონები თამაშობენ, მოთამაშეები, რომლებიც ევროპაში საუკეთესონი არიან დაძაბულ თამაშებში. ძალიან გამოცდილ საბერძნეთთან ბოლო წუთებში, ქულა-ქულაში თამაში, ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება.

სერბეთი

სერბეთი ამ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. ტრადიციულად, სერბებს ძალიან ძლიერი და დაბალანსებული გუნდი ჰყავთ. ამ გუნდმა უკვე მოახერხა და თავისი ვარსკვლავების გარეშე გასული ევროპის ჩემპიონატის ფინალს მიაღწია. ახლა კი იმ გუნდის ბირთვს (სიმონოვიჩი, იოვიჩი, ბოგდანოვიჩი) NBA-ს ვარსკვლავებიც დაემატნენ - მათ შორის ნიკოლა იოკიჩი, რომელიც სრულიად სამართლიანად მიიჩნევა პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად.

სერბული საკალათბურთო სკოლა აქცენტს უფრო გუნდურ თამაშზე აკეთებს. სერბეთს ძალიან გრძელი გუნდი ჰყავს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის გათვალისწინებით, რომ გუნდებს ორკვირიან მონაკვეთში ბევრი თამაშის ჩატარება უწევთ.

სერბების ძლიერ მხარეს წარმოადგენს ისიც, რომ გუნდი შეტევაში ყველა პოზიციიდან სახიფათოა - ტრადიციულად სერბები ძალიან კარგად უტევენ პერიმეტრიდან და ამასთან ერთად ძალიან მაღალი და ათლეტური მოთამაშეები (იოკიჩი, მარიანოვიჩი, რადულიცა) ჰყავთ. გუნდის საშუალო სიმაღლე 205 სანტიმეტრია ერთ-ერთი ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონატზე (მაგალითად, აშშ-ს საშუალო სიმაღლე 200 სანტიმეტრია).

გარდა ამისა, პერიმეტრიდან სერბებს რამდენიმე კარგი მსროლელი ჰყავთ - ყველაზე სახიფათო ბოგდან ბოგდანოვიჩია, კარგი სროლა აქვს ვასილიე მიციჩსაც. სერბებს სავარაუდოდ არ ექნებათ ბურთის მოძრაობის პრობლემა. გუნდშია მილოშ ტეოდოსიჩი, რომელსაც NBA-ში კარიერა არ აეწყო და კვლავ ევროპაში დაბრუნდა. ტეოდოსიჩი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელია. მის გარდა ნიკოლა იოკიჩსაც ძალიან კარგად ეხერხება გამთამაშებელ ცენტრად თამაში და ბურთის განაწილება.

სერბეთმა შთამბეჭადავად ჩაატარა ამხანაგური მატჩები და ყველა თამაში მოიგო, მათ შორის საბერძნეთთან და იტალიასთან.

მეორე ეშელონი

საფრანგეთი

საფრანგეთი ის გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის გამწარება შეუძლია. ფრანგებმა ეს რამდენიმე წლის წინ უკვე მოახერხეს, როდესაც ესპანეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ძლიერი ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს. ფრანგების გუნდი, ტრადიციულად, ძალიან ათლეტურია და დაცვა კარგად ეხერხება. წელს ფრანგების დაცვა კიდევ უფრო გაძლიერდა - მათ რიგებშია NBA-ს საუკეთესო დაცვითი ცენტრი რუდი გობერი. ნებისმიერ გუნდს, თვით ამერიკის ნაკრების ჩათვლით, ფრანგების სამწამიანში შესვლა ძალიან გაუჭირდება. ფრანგებს არ ექნებათ პერიმეტრიდან სროლის პრობლემაც - გუნდში ერთდროულად რამდენიმე კარგი მსროლელია - მათ შორის ნანდო დე კოლო, ერთ-ერთი საუკეთესო გარდი ევროპულ კალათბურთში, ორლანდო მეჯიქის ევან ფურნიე და შარლოტის ნიკოლა ბათუმი.

ფრანგებისთვის პრობლემატური იქნება გამთამაშებლის პოზიცია. ფურნიეც და დე კოლოც უფრო მსროლელი გარდები არიან, ტონი პარკერის გარეშე ფრანგებისთვის ბურთის მოძრაობა და განაწილება პრობლემატური უნდა იყოს. გარდა ამისა, ფრანგების სკამი არცთუ ისე ძლიერად გამოიყურება და იმ პირობებში, როდესაც მათ ზედიზედ, თითქმის ყოველ დღე, მოუწევთ თამაში და, შესაბამისად, ლიდერების დასვენება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

ლიეტუვა

ლიეტუვას ძალიან კარგად ორგანიზებული და დისციპლინირებული გუნდი ჰყავს. ისინი აქცენტს გუნდურ კალათბურთზე აკეთებენ, ძალიან კარგად ამოძრავებენ ბურთს და სრულად შეინარჩუნეს ბოლო წლების გუნდის ძირითადი ბირთვი - მაჩულისი, კუზმინსკასი, კალნიეტისი. ყველაზე ძლიერი ლიტვის გუნდში ცენტრის პოზიციაა - ამ პოზიციას ერთდროულად ორი NBA-ს მოთამაშე - დომანტას საბონისი და იონას ვალანჩუნასი ამაგრებს. ლიტვისგან ჩემპიონობა ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა ეს გუნდი ანგარიშგასაწევი ძალა კვლავ იქნება.

საინტერესო გუნდები

საინტერესო გუნდი ეყოლება ავსტრალიას, რომელსაც ერთდროულად ოთხი NBA-ს მოთამაშე ჰყავს. ავსტრალიაში კალათბურთი სწრაფად ვითარდება და სულ ცოტა ხნის წინ ამ გუნდმა სენსაციურად მოუგო ამერიკის ნაკრებს - მატჩის გმირი კი, ნაკრების ლიდერი, პატი მილსი იყო, სან ანტონიოდან.

ასევე საინტერესო იქნება გერმანიის გუნდი, რომელსაც გამთამაშებლის პოზიციაზე დენის შრიოდერი ჰყავს, ხოლო ცენტრად კი ბოსტონ სელტიკსის დანიელ ტაისი თამაშობს. სახიფათო გუნდი იქნება იტალია, რომელსაც NBA-ს მარკო ბელინელისა და დანილო გალინარისთან ერთად, ფენერბაჰჩეს ჯიჯი დატომე და მოსკოვის ცსკა-ს დანიელ ჰაკეტი ჰყავს. იტალია ძალიან კარგად ისვრის და უტევს, თუმცა წლების მანძილზე ძირითად პრობლემად სამწამიანის დაცვა რჩება. თუ იტალიას სროლა წაუვიდა, თავისზე ბევრად ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები