Thumbnail
  • ქართველებს ლეიდლოუს და რასელის ვარსკვლავური ღერძი დაუპირისპირდება
  • გრეგორ თაუნსენდი თბილისში მძიმე ბრძოლას ელის

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა შემადგენლობა დაასახელა “ბორჯღალოსნებისთვის” ისტორიული მატჩისთვის, რომელიც მომავალ შაბათს თბილისში შედგება. “ნარშავების” რაზმში არაერთი სახელოვანი მორაგბეა, გუნდის ღერძი კი, გრეიგ ლეიდლოუს და ფინ რასელის შემადგენლობით სულაც ვარსკვლავურია, რაც ადასტურებს, რომ ბრიტანელები მოახლოებულ მატჩს სერიოზულად ეკიდებიან.

ეს, პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში პირველი დონის ქვეყნის ნაკრებია ჩამოსული. შოტლანდიელებს ამ გაბედული ნაბიჯისთვის უდავოდ მადლობა ეკუთვნით, თუმცა, მინდორზე რომ უშეღავათო ბრძოლა იქნება, ამაზე სტუმართა რაზმიც მოწმობს. თაუნსენდი სწორედ “ბორჯღალოსნებთან” მატჩის შემდეგ დაასახელებს იმ 31-კაციან შემადგენლობას, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს.

“ფიზიკურად ძალიან მძიმე მატჩს ველი, რაც ბიჭებისთვის კარგი გამოცდა უნდა იყოს. საქართველოს კვალიფიციური ნაკრები ჰყავს, რომელიც საკუთარ კედლებში განსაკუთრებით სახიფათო უნდა იყოს. მათ დამატებითი მოტივაციაც აქვთ, რადგანაც ექვს ერში შემოსვლა სურთ და ჩვენთან ბევრი რამის დამტკიცებას ეცდებიან, ზურგს კი 50 ათასამდე ქომაგი გაუმაგრებთ”, - აღნიშნა თაუნსენდმა, რომელმაც საფრანგეთთან ბოლო მატჩთან შედარებით, შემადგენლობაში ერთბაშად 10 ცვლილება განახორციელა.

დღეს შოტლანდიელებმა ავჭალის სარაგბო სტადიონზე ივარჯიშეს

შოტლანდიელთა თავკაცის თქმით, მომავალ მატჩში განსაკუთრებულ ყურადღებას დაცვითი დეტალების დახვეწას დაუთმობს, ამასთან ბიჭებს მძლავრი ქართული შერკინების წინააღმდეგაც გამოცდის.

შემთხვევითი არაა, რომ თაუნსენდმა პირველი ხაზისთვის ალან დელის, სტიუარტ მაკკინალის და ვილემ ნელის გამოცდილი ტრიო შეარჩია, რომელთაც ჯამში 81 სანაკრებო კეპი უგროვდებათ. კაპიტანი სწორედ კვაჭი მაკკინალი იქნება, რომელსაც სამკლაური ნიცაში საფრანგეთთან ტესტის დროსაც ეკეთა, ვიცეკაპიტანი კი ედინბურგელი მეორეხაზელი ჯონ ბარკლია. ის რომელიც ეროვნული გუნდის მაისურით 74-ე თამაშს ჩაატარებს.

სქოთების ერთერთ უმთავრეს ვარსკვლავ გრეიგ ლეიდლოუს ეროვნულ ნაკრებში ზურგს 72 კეპი უმაგრებს

სქოთებს ტრავმის გამო ტრავმირებული გარემარბი ტომი სეიმური დააკლდებათ, რომელსაც დარსი გრემი ჩაანაცვლებს, 23 წლის რორი ჰათჩინსონი კი, შუამარბის პოზიციაზე ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშებს. ცენტრში ის სემ ჯონსონს შეუწყვილდება, რომელსაც “ნარშავების” მაისურით დებიუტი წლევანდელ ექვს ერზე ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებთა თბილისური დაპირისპირება “დინამო არენაზე” 31 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება, 6 სექტემბერს კი, გუნდები ედინბურგის “მარიფილდზე” კიდევ ერთხელ ითამაშებენ.

მსოფლიო თასზე, რომელიც 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდება, საქართველო D ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ითამაშებს, შოტლანდია კი A ჯგუფში ირლანდიას, იაპონიას, რუსეთს და სამოას გაეჯიბრება.

შოტლანდიელთა შერკინებას თბილისში დიდი ჯაფა დაადგება

შოტლანდია “ბორჯღალოსნებთან” მატჩისთვის

15. ბლეირ კინგჰორნი (ედინბურგი, 13 კეპი), 14. დარსი გრემი (ედინბურგი, 5), 13. რორი ჰათჩინსონი (ნორსჰემპტონი, 2), 12. სემ ჯონსონი (გლაზგო, 4), 11. შონ მეიტლენდი (სარასენსი, 41), 10. ფინ რასელი (რასინგი, 44), გრეიგ ლეიდლოუ (კლერმონი, 72); 1. ალან დელი, ლონდონ აირიში, 23), 2. სტიუარტ მაკკინალი (ედინბურგი, 28), 3. ვილემ ნელი (ედინბურგი, 30), 4. ბენ ტულისი (ედინბურგი, 19), 5. გრანტ გილკრისტი (ედინბურგი, 35), 6. ჯონ ბარკლი (ედინბურგი, 73), 7. ჰემიშ უოთსონი (ედინბურგი, 26), 8. მეტ ფაგერსონი (გლაზგო, 4).

სათადარიგოები: 16. გრანტ სტიუარტი (გლაზგო, 1), 17. ჯეიმი ბჰატი (ედინბურგი, 14), 18. ზანდერ ფაგერსონი (გლაზგო, 20), 19. სკოტ კამინგსი (გლაზგო, 2), 20. ჯოშ სტრაუსი (ბლუ ბულსი, 23), 21. ალი პრაისი (გლაზგო, 25), 22. ადამ ჰასტინგსი (გლაზგო, 12), 23. ჰიუ ჯონსი (გლაზგო, 22).

გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

კომენტარები

ბოლო ამბები