Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები
  • 32 გუნდი 8 ჯგუფში გადანაწილდა
  • ბარსელონას წელსაც საკმაოდ რთული ჯგუფი შეხვდა
  • ყველაზე მეტად მანჩესტერ სიტის გაუმართლა

დღეს, მონაკოში მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 32 გუნდი, ტრადიციულად, 8 ჯგუფში გადანაწილდა. პირველ კალათში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გამარჯვებულები, ასევე 6 მოწინავე ქვეყნის ჩემპიონები იყვნენ, მომდევნო სამ კალათში კი გუნდები უეფას საკლუბო რეიტინგების მიხედვით მოხვდნენ. ტოპ-გრანდებთან ერთად, ყველაზე ძლიერთა შორის იყო რუსეთის ჩემპიონი სანკტ პეტერბურგის ზენიტი. ისეთი კლუბები კი, როგორებიცაა მილანის ინტერი და ვალენსია, მესამე კალათში აღმოჩნდნენ.

📋 წილისყრა ტრადიციული პრინციპით გაიმართა და გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

📌 A ჯგუფი: პსჟ, რეალი, ბრიუგე, გალათასარაი.

📌 B ჯგუფი: ბაიერნი, ტოტენჰემი, ოლიმპიაკოსი, ცრვენა ზვეზდა.

📌 C ჯგუფი: მანჩესტერ სიტი, შახტარი, დინამო ზაგრები, ატალანტა.

📌 D ჯგუფი: იუვენტუსი, ატლეტიკო, ლევერკუზენი, მოსკოვის ლოკომოტივი.

📌 E ჯგუფი: ლივერპული, ნაპოლი, ზალცბურგი, გენკი.

📌 F ჯგუფი: ბარსელონა, დორტმუნდი, ინტერი, სლავია.

📌 G ჯგუფი: ზენიტი, ბენფიკა, ლიონი, ლაიპციგი.

📌 H ჯგუფი: ჩელსი, აიაქსი, ვალენსია, ლილი.

ძალიან საინტერესო იქნება პარი სენ-ჟერმენისა და მადრიდის რეალის, ასევე იუვენტუსისა და ატლეტიკოს დუელები - დიეგო სიმეონესა და კრიშტიანო რონალდოს იმ ჟესტების გათვალისწინებით, რაც წინა სეზონის მერვედფინალში ვნახეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გრანდებიდან ყველაზე მეტად მანჩესტერ სიტის გაუმართლა.

არ გაუმართლა ბარსელონას - კატალონიური გრანდი დორტმუნდის ბორუსიასთან და მილანის ინტერთან ერთად მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ბარსა და ინტერი შარშანაც ერთ ჯგუფში იყვნენ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 17/18 სექტემბერს გაიმართება. რაც შეეხება ფინალს, სადაც მოხვედრაზე ყველა კლუბი ოცნებობს - ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის გადამწყვეტი მატჩი 2020 წლის 30 მაისს, სტამბოლში, ‘ათათურქზეა’ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები