Thumbnail
  • ბორჯღალოსნების მესამეხაზელი აფრიკელებთან მატჩში დაშავდა
  • ტრავმები აწუხებთ მერაბ შარიქაძეს და მერაბ კვირიკაშვილსაც
  • შოტლანდიის ნაკრები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გიორგი ცუცქირიძე მოახლოებულ მსოფლიო თასს გამოტოვებს. ამ სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური ავრცელებს.

ფრანგული ორიაკის ქართველი ლეგიონერისთვის დანავსული 27 აგვისტოს გამართული მატჩი გამოდგა, რომელშიც “ბორჯღალოსნებმა” სამხრეთაფრიკულ საუზერნ კინგსს 24:20 სძლიეს, ცუცქირიძე კი თამაშის სტარტიდან მალევე დაშავდა.

ქართველმა მესამეხაზელმა მინდორი სხვათა დახმარებით დატოვა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მან წვივის მცირე ძვლის მოტეხილობა მიიღო. გიორგის უკვე ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია და წინ რეაბილიტაციის პერიოდი ელის, თუმცა, უკვე გადაწყვეტილია, რომ მოახლოებულ მსოფლიო თასზე ვერ ვიხილავთ.

მერაბ შარიქაძე სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

აღნიშნული მატჩის პირველივე ტაიმში დაშავდა ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძეც, რომლის საკითხი ასევე გაურკვეველია, თუმცა კი, “ბუკასთან” დაკავშირებით, სამედიცინო შტაბი მაინც იმედიანად არის.

შარიქაძეს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სკანირება და ამ ეტაპზე ცნობილია, რომ იგი თბილისში შოტლანდიასთან გასამართ მატჩს გამოტოვებს. მერაბი “ბორჯღალოსნების” შეკრებაზე რჩება და სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ შესაბამის პროცედურებს გაივლის, რათა მსოფლიო თასისთვის მზადყოფნაში იყოს.

სამხრეთაფრიკელებთან მატჩის განაცხადში არ ყოფილა ვეტერანი “ბორჯღალოსანი” მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც ასევე დაშავებულია. “მეკო” მისთვის მე-5 მსოფლიო თასზე თამაშს უმიზნებს, თუმცა, შესაძლოა, ტრავმამ მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალოს.

მეტოქე #თბილისშია, შოტლანდია 🏴󠁧󠁢󠁳󠁣󠁴󠁿 უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა 🔥 31 აგვისტოს, ყველა დინამოზე #ბორჯღალოსნების...

Posted by Georgian Rugby on ოთხშაბათი, 28 აგვისტო, 2019

შეგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეებს მოსამზადებელ ციკლში მორიგი ტესტი 31 აგვისტოს, თბილისის "დინამო არენაზე" შოტლანდიასთან ელით და წინასწარი ინფორმაციით, “ბორჯღალოსნების” თავკაცი მილტონ ჰეიგი ოთხწლეულის უთავრეს ტურნირზე წასაყვან შემადგენლობას სწორედ ამის შემდეგ დაასახელებს. ცნობისთვის, “ნარშავები” თბილისს გუშინ ღამით უძლიერესი რაზმით ესტუმრნენ.

2019 წლის მსოფლიო თასს 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში იაპონია უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრებს კი თამაში D ჯგუფში მოუწევს, სადაც მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი ეყოლება. “ბორჯღალოსნები” სასტარტო მატჩს 23 სექტემბერს ქალაქ ტოიოტაში უელსთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები