Thumbnail

ერთი დებიუტანტი და სამი ლაიპციგელი - გერმანიის ნაკრების ახალი შემადგენლობა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იოახიმ ლიოვმა მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
  • გერმანიის ნაკრებში ფრაიბურგის თავდამსხმელს დებიუტი ექნება

გერმანიის ნაკრები სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ მატჩს გამართავს - 6 სექტემბერს ბუნდესგუნდი ჰამბურგში ჰოლანდიას უმასპინძლებს, 9 სექტემბერს კი - ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.

ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა დღეს გუნდის შემადგენლობა დაასახელა. 59 წლის იოგის გერმანიის ნაკრებში ერთი დებიუტანტი ჰყავს - ეს არის ფრაიბურგის ახალგაზრდა თავდამსხმელი ლუკა ვალდშმიდტი, რომელსაც ბუნდესლიგის ამ სეზონში უკვე 2 გოლი აქვს გატანილი. ვალდშმიდტი აქამდე გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა.

ლუკა ვალდშმიდტი

ლეროი სანეს, იულიან დრაქსლერისა და თილო კერერის სახით ლიოვს სამი წამყვანი ფეხბურთელი ტრავმირებული ჰყავს. სამაგიეროდ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ტონი კროოსი გამოჯანმრთელდნენ და ნაკრებშიც დაბრუნდნენ. ბუნდესგუნდის სიაშია ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველი ემრე ჯანიც, რომელიც გერმანიის ნაკრებში ბოლოს 2018 წლის ოქტომბერში იყო გამოძახებული.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ ჩვენ გუნდის გაახალგაზრდავება დავიწყეთ და ამ გზას ვაგრძელებთ. ჰოლანდიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან საკმაოდ რთული მატჩები გველის. პირადად მე ემოციურ და მძაფრ მატჩებს ველოდები. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგი სტარტი ავიღეთ და იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ.” - განაცხადა ლიოვმა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებს ჯგუფში სამივე თამაში მოგებული აქვს.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნდ ლენო (არსენალი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)

მცველები: მათიას გინტერი (გლადბახი), მარსელ ჰალსტენბერგი, ლუკას კლოსტერმანი (ორივე ლაიპციგი), ნიკო შულცი (დორტმუნდი), ნიკლას შტარკი (ჰერტა), იოზუა კიმიხი, ნიკლას ზიულე (ორივე ბაიერნი), ჯონათან თა (ლევერკუზენი)

ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი, მარკო როისი (ორივე დორტმუნდი), ემრე ჯანი (იუვენტუსი), სერჟ გნაბრი, ლეონ გორეტცკა (ორივე ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), კაი ჰავერტცი (ლევერკუზენი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ტონი კროოსი (რეალი)

თავდამსხმელები: ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), ლუკა ვალდშმიდტი (ფრაიბურგი)

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები