Thumbnail

გოლის შემდეგ სიხარულის გამოხატვა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. ფეხბურთელები ხშირად მათი აღნიშვნით გვახსოვს ხოლმე - ეს მათი სტილის ნაწილი ხდება. ხშირად, თუმცა არა ყოველთვის.

ხანდახან, მოთამაშეები გოლის შემდეგ დემონსტრაციულად უარს ამბობენ სიხარულის გამოხატვაზე. ეს სხვადასხვა მიზეზით ხდება ხოლმე - პატივისცემა ყოფილი გუნდის მიმართ, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, ან სკანდალი გუნდს შიგნით. ამ სტატიაში ნახავთ, იმ ხუთ მოთამაშეს, რომელმაც გოლის შემდეგ სიხარულის გამოხატვაზე უარი თქვეს.

1. კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ

კრიშტიანო რონალდო უმამოდ გაიზარდა, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახში კუნძულ მადეირაზე. მის ცხოვრებაში მამის როლს ორი ადამიანი ასრულებდა - მისი აგენტი ჟორჟე მენდეში და სერ ალექს ფერგიუსონი, კაცი, რომელმაც მისგან დიდი ფეხბურთელი შექმნა. ფერგიუსონი რონალდოს პირველი დიდი მწვრთნელი იყო და მის ხელში იმედისმომცემი თინეიჯერი მსოფლიოში საუკეთესო გოლების მანქანად იქცა. ვისაც ახსოვს რონალდოს პირველი სეზონები მანჩესტერში, დამეთანხმება, რომ იმ მოთამაშეს ამ რონალდოსთან საერთო ბევრი არაფერი აქვს - ეს იყო ძალიან გამხდარი ბიჭი, რომელიც ფლანგზე გამაღიზიანებლად ბევრს ათრევდა ბურთს და თუ არ კარგავდა (რაც ხშირად ხდებოდა), ფლანგის გარღვევას უმისამართო ჩაწოდებით ასრულებდა ხოლმე.

სერ ალექს ფერგიუსონი და რონალდო

ჩემი ძმა მანჩესტერის თავგადაკლული გულშემატკივარია და 2003-2004 წლების სეზონში ზუსტად მახსოვს რონალდოს დანახვაზე რა რეაქცია ჰქონდა. თუმცა, რასაც ვერ ვხედავდით ჩვენ, ხედავდა ფერგიუსონი. მანჩესტერში რონალდო ჩამოყალიბდა, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი, ეს მისი სახლი იყო. სწორედ ამიტომ, როდესაც 7 მანჩესტერული წლის შემდეგ კრიშტიანო რეალთან ერთად „ოლდ ტრაფორდზე“ ჩავიდა, გოლის აღნიშვნა არც განიხილებოდა - მით უმეტეს, რომ ეს ფერგიუსონის ბოლო სეზონი იყო.

2. გაბრიელ ბატისტუტა ფიორენტინას წინააღმდეგ

ბატისტუტა ფიორენტინაში - ეს სპორტული ამბავი არ არის, ეს დიდი სიყვარულის და ერთგულების ისტორიაა. 9 წლის მანძილზე ბატისტუტა ფიორენტინაში იცით როგორ იყო?! თანამედროვე მაგალითი რომ მოვიშველიო, ლევანდოვსკი შალკეში, ან სუარესი ვალენსიაში რომ წარმოიდგინოთ. უფრო სწორედ ვერ წარმოიდგენთ - ბატისტუტა ამ ორივეზე მაგარი ფეხბურთელი იყო, ამ კლასის ფორვარდი დღეს ფეხბურთში ალბათ არც არის!

ჰოდა, ამ კალიბრის მოთამაშემ მთელი დიდი საფეხბურთო კარიერა ფიორენტინას უერთგულა, ოცნებად სკუდეტოს მოგება ჰქონდა, თუმცა ამ ოცნებიდან არაფერი გამოვიდა. კარიერის ბოლოს ბატისტუტამ ბედი დედაქალაქურ რომაში სცადა. ფლორენციელმა გულშემატკივარმა ეს კარგად გაიგო, ბატისტუტა ფლორენციაში დღემდე ღმერთია. რომაში წასვლაც ავანტიურა იყო, რადგან "ჯალორისის" სკუდეტო 80-იანი წლების შემდეგ არ მოეგო. 2001 წელს კი კაპელოს, ტოტის და ბატისტუტას რომა ფიორენტინას მასპინძლობდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თამაში იყო საჩემპიონო რბოლაში - რომას იუვე ფეხდაფეხ მისდევდა. გადამწყვეტი დარტყმა სწორედ ბატისტუტასი იყო, 1:0! რომამ ლიდერობა შეინარჩუნა და სეზონის ბოლოს სულ 2 ქულით გაასწრო იუვეს. ზეიმობს მთელი "ოლიმპიკო", თუმცა ბატისტუტას უბრალოდ არ შეეძლო სიხარული გამოეხატა - ეს მისთვის ძალიან რთული მომენტი გახლდათ.

3. მოჰამედ სალაჰი რომას წინააღმდეგ

მოჰამედ სალაჰს საფეხბურთო სამყაროში ძალიან კარგი ადამიანის სახელი აქვს. აშენებს სკოლებს, ეხმარება ეგვიპტეში გაჭირვებულებს, არაკონფლიქტურია. მისი დადებითი იმიჯის მიუხედავად, მაინც მოულოდნელი იყო, რომ რომასთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გატანილი გოლები მან არ იზეიმა. მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ სალაჰმა რომაში სულ რაღაც 2 სეზონი გაატარა, ხშირად სათადარიგო სკამზეც იჯდა და არც გულშემატკივრის უპირველეს ფავორიტს წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, თავის ყოფილ გუნდს მან მაინც პატივი სცა.

4. გარეთ ბეილი ლევანტეს წინააღმდეგ

ბეილის მიერ გოლის არაღნიშვნას პატივისცემასთან ბევრი არაფერი აქვს საერთო. უფრო უპატივცემულობასთან ასოცირდება. უელსელი უბრალოდ დიდი ხანია მადრიდში ყველაფერზე გაბრაზებულია - ზიდანზე, გულშემატკივარზე, ესპანურ ცხოვრების წესზე და თანაგუნდელებზეც. იმდენად გაბრაზებული, რომ გოლის შემდეგ პროტესტის ნიშნად სიხარულის გამოხატვა არც უფიქრია.

5.ფრენკ ლამპარდი ჩელსის წინააღმდეგ

ფრენკ ლამპარდი ჩელსის სიმბოლოა - კაცი, რომლის წარმოდგენაც ჩელსის ლურჯი ფორმის გარდა შეუძლებელია. ლამპარდმა ტერისთან და დროგბასთან ერთად ამ კლუბის ისტორია შექმნა. ყველა წესით და რიგით, მას კარიერა ჩელსიში უნდა დაესრულებინა, აპლოდისმენტების და ატირებული „სტემფორდ ბრიჯის“ ფონზე. თუმცა სხვაგვარად გამოვიდა. ლამპარდი მოურინიოს გადაეყარა, რომელიც ჩელსიში იმხანად მეორედ მიბრუნდა. როგორ უყვარს მოურინიოს ვეტერანები და ყოფილი კაპიტნები და როგორ სცემს მათ პატივს, ამის შესახებ იკერ კასილიასსაც შეუძლია მოგვითხროს. ლამპარდსაც წასვლა მოუწია და სულ ცოტა ხნით, საჩემპიონო რბოლაში ჩელსის უპირველეს კონკურენტ მანჩესტერ სიტიში აღმოჩნდა.

როცა ჩელსი სიტის ესტუმრა და 1:0-ს უგებდა, პელეგრინიმ, იმ დროს სიტის მწვრთნელმა, მატჩის ბოლო წუთებზე ლამპარდი შეიყვანა. მანაც ის გააკეთა, რაც ყველაზე მეტად ეხერხება - მოედნის სიღრმიდან შეტევაში ჩაერთო და გაიტანა. გოლის აღნიშვნა და სიხარულის გამოხატვა, რა თქმა უნდა, არც უფიქრია.

P.S. ვიქტორ ჰუგო ბენევენტოს წინააღმდეგ

როდესაც ფიორენტინას კაპიტანი დავიდე ასტორი თამაშის წინ სასტუმროში გარდაიცვალა, ეს იტალიური ფეხბურთის ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მომენტი იყო. ფეხბურთი ზეიმის და სიხარულის ისტორიაა, ისტორია, რომელშიც წესით სიკვდილს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

ასტორის გარდაცვალების შემდეგ, პირველივე თამაში „არტემიო ფრანკიზე“ ძალიან ემოციური იყო. სიმბოლური იყო, რომ მატჩის ერთადერთი გოლი ვიქტორ ჰუგომ შეაგდო, იმ კაცმა, რომელიც სწორედ ასტორის ნაცვლად იყო ძირითადში. გოლის აღნიშვნის ჟესტიც სიმბოლური გამოვიდა - სიხარულის გამოხატვის ნაცვლად ბოლო პატივი კაპიტანს.

კომენტარები

ბოლო ამბები