Thumbnail
  • ფლაშინგ მედოუს მე-6 და მე-9 კორტებზე ქართველები ითამაშებენ
  • მსოფლიოს მე-3 ჩოგანთან შეხვედრის პერსპექტივა

ორშაბათიდან წლის ბოლო დიდი სლემის, ამერიკის ღია პირველობის ($28 619 350 საპრიზო ფონდი) ძირითადი ბადე იწყება. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ერთეულთა შორის ძირითად ბადეში ორი ქართველი იასპარეზებს (მესამე - ოქსანა კალაშნიკოვა - წყვილთა ძირითად ბადეშია) - ვაჟებში მსოფლიოს მე-18 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ქალებში კი მსოფლიოს 202-ე ჩოგანი მარიამ ბოლქვაძე.

ბასილაშვილი კარიერაში პირველად განთესეს US OPEN-ზე (მე-17), ხოლო ბოლქვაძე კარიერაში პირველადაა ძირითად ბადეში. ამისთვის მას საკვალიფიკაციოში სამი მეტოქის დამარცხება მოუწია, რომელთაგანაც ერთ-ერთი, ჰიზერ უოტსონი (101) იქ მერვე ნომრად იყო განთესილი.

მარიამ ბოლქვაძე დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში პირველად ითამაშებს

ფლაშინგ მედოუს კორტებზე ორივე ერთდროულად გავა, დილის 11-ზე (ჩვენი დროით 19:00-ზე). ნიკა მე-6 კორტზე უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) შეხვდება, ხოლო მე-9 კორტზე მარიამი ითამაშებს, მისი მეტოქე ამერიკელი ბერნარა პერაა (69). იმ შემთხვევაში თუ ბოლქვაძე მორიგ სენსაციას შემოგვთავაზებს და პერასაც დაამარცხებს, მე-2 წრეში მისი მეტოქე ან მე-3 ნომრად განთესილი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა (3) იქნება ან მისი თანამემამულე ტერეზა მარტინცოვა (139)

ქულები და საპრიზო 

ბასილაშვილი მეორე კვირაა, ნიუ იორკში ვარჯიშობს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შარშან ამერიკის ღია პირველობაზე საუკეთესოდ იასპარეზა და მხოლოდ მერვედფინალში დამარცხდა 4 სეტში რაფაელ ნადალთან. ახლა ნიკას რეიტინგში ეს 180 ქულა დასაცავი აქვს. მართალია, მათი დაკარგვით შესაძლოა, სულაც არ დაქვეითდეს რეიტინგში, მაგრამ წინსვლისთვის მან უთუოდ გამარჯვებებზე უნდა იფიქროს. 

საკვალიფიკაციო ბადის მოგებისთბის მარიამმა უკვე მიიღო 40 ქულა. პირველი წრის გავლისთვის ჩოგბურთელებს 10-10 ქულა შეემატებათ. 

პირველ წრეში მონაწილეობის საპრიზო ფონდი $58 000-ია. მეორე წრეში გასული კი $100 000-ს მიიღებს. წყვილთა ბადის წილისყრა ჯერ არ გამართულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები