Thumbnail
  • დავით ზირაქაშვილმა ტოპ 14-ის ვერცხლის მედალი გასახდელში დატოვა
  • ქართველი მორაგბე კარიერის ბოლო სეზონისთვის ემზადება

ფრანგული კლერმონის ქართველმა მორაგბე დავით ზირაქაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მიღებაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ტოპ 14-ის გასულ ფინალში კლერმონელებმა ტულუზთან 18:24 წააგეს, რაც ლეგენდარული "ბორჯღალოსნისთვის" დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა.

"ჯილდოზე უარი მართლა ვთქვი. არ მინდოდა. დამიჯერეთ, ეს ქედმაღლობით არ ყოფილა გამოწვეული. უბრალოდ, მე-2 ადგილისთვის განკუთვნილი მედლები საკმაოდ მომიგროვდა. ინდივიდუალურ სპორტში ვერცხლი დიდ წარმატებად ითვლება, რაგბში კი, ეს მხოლოდ მწარე მოგონებებს აღვიძებს.

ჯერ კიდევ ფინალის მერე, მინდორზევე, საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი ქალბატონი ცდილობდა მედლის გადმოცემას. მაშინ ვუთხარი: 'ბოდიშს გიხდით, ასეთი სახის მედლები სახლში ისედაც ბევრი მაქვს...'. ვფიქრობ, მან ჩემი მოტივაცია გაიგო. ახლაც, ვარჯიშების განახლების შემდეგ, კუთვნილი მედალი გასახდელში დამხვდა, თუმცა, მისთვის ხელი არ მიხლია", - განუცხადა "ზირაქამ" Sports-auvergne-ს.

დავით ზირაქაშვილს საფრანგეთის ტოპ 14 ორჯერ აქვს მოგებული

ქართველი ბურჯი, რომელიც 20 სექტემბერს 36 წლის ხდება, ფრანგული კარიერის მე-16 და უკანასკნელი სეზონისთვის ემზადება. ცხადია, რომ ვეტერანი მორაგბე ბოლო წელსაც მისთვის საყვარელ კლერმონში გაატარებს, სადაც ჯერ კიდევ 2004 წელს ჩაირიცხა და 254 მატჩში 95 ქულის მოგროვება მოასწრო.

"ბოლო სეზონისთვის ჩვეულებრივად ვემზადები. ცხადია, აღნიშნულზე ხშირად ვფიქრობ, თუმცა, არ ვაპირებ, ყოველდღე ამაზე ვისაუბრო. ისევე ვითამაშებ, როგორც – ადრე. ჩემი პერსონალური მიზანი? მსურს, დასკვნითი მატჩები ისე ჩავატარო, რომ ყველამ თქვას, 'ეს ხომ, კიდევ ერთ სეზონს თავისუფლად ითამაშებდა?'. თუმცა, მეტი აღარ იქნება. რომც შემომთავაზონ, კონტრაქტის გაგრძელებას აღარ დავთანხმდები. დროა, იმ ცხოვრების აწყობაზე ვიფიქრო, რომელიც სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ მელის”.

ლეგენდარულმა ბურჯმა სანაკრებო კარიერა 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაასრულა

ცნობისთვის, ზირაქაშვილს "ბორჯღალოსანთა" მაისურით 2003, 2007 და 2015 წლების მსოფლიოს თასებზე უთამაშია, 2010 და 2017 წელს კი საფრანგეთის ტოპ 14-ის ჩემპიონი გახდა (ამასთან, 5 ფინალი აქვს წაგებული). 2010 წელსვე დავითი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენადაც აღიარეს.

კომენტარები

ბოლო ამბები