Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი V მარტონ ფუჩოვიჩი
  • ქართველი ჩოგბურთელისთვის სტატისტიკა არასახარბიელოა

ნიუ იორკში დიდი სლემის წლის ბოლო ტურნირის, ამერიკის ღია პირველობის (საპრიზო ფონდი - $28 619 350) საკვალიფიკაციო ბადის მატჩები უკვე მიმდინარეობს, ორშაბათიდან კი ძირითადი ბადის თამაშებიც დაიწყება. ვაჟ ჩოგბურთელთა ერთეულებში წილისყრა გაიმართა, რომელმაც მე-17 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს დააპირისპირა. 27 წლის ფუჩოვიჩი მსოფლიოს 65-ე ჩოგანია. 

თანატოლთა დაპირისპირებაში ქართველს ცუდი სტატისტიკა აქვს - 7 ურთიერთშეხვედრიდან ნიკამ მხოლოდ 2-ში გაიმარჯვა: 2015 წლის უიმბლდონის ფინალურ საკვალიფიკაციო წრეში - 6:4, 6:4, 3:6, 6:2 და წლეულს რომის მასტერსზე - 6:1, 7:6. ბასილაშვილი 5-ჯერ დამარცხდა: 2013 წელს სტამბოლის მცირე ტურნირზე, 2014 წელს მონპელიეში და სამჯერ ATP-ის ტურზე: წლეულს როტერდამში, მონაკოს მასტერსზე და შტუტგარტში. 

წლეულს ყველაზე ხშირად ბასილაშვილი სწორედ ფუჩოვიჩს უპირისპირდება - 4 თამაში (1 მოგება, 3 წაგება). 

გამარჯვების შემთხვევაში, ნიკას ტომაშ ბერდიხისა (ჩეხეთი, 101) და ჯერაც უცნობი ჩოგბურთელის (საკვალიფიკაციო ბადიდან) მატჩის გამარჯვებული შეხვდება. 

მე-3 წრის სავარაუდო მეტოქეები არიან: მე-11 ნომრად განთესილი ფაბიო ფონინი (იტალია, 11), მასპინძელი რეილი ოპელკა (42), ესპანელი ხაუმე მუნარი (97) და კიდევ ერთი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ბადიდან.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი ბადის იმ მეოთხედშია, სადაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩია (სერბეთი). ასე რომ, იდეალურ შემთხვევაში, ნიკა 1/4 ფინალში ნოლეს დაუპირისპირდება. 

ქართველს 180 ქულა აქვს დასაცავი, რომელიც მან მერვედფინალში თამაშისთვის (მარცხი 4 სეტში რაფაელ ნადალთან) მიიღო. ამისთვის მან პირველი სამი წრე უნდა გაიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქულები დააკლდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები