Thumbnail

ევრობასკეტი 2021 | საქართველოს მეტოქეები და კალენდარი შესარჩევ ჯგუფში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფები დაკომპლექტდა
  • საქართველოს მეტოქეები E ჯგუფში და მატჩების კალენდარი ცნობილია

დასრულდა კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის წინასაკვალიფიკაციო ეტაპი და საბოლოოდ გაირკვა ის გუნდები, რომლებიც ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში დარჩენილ ოთხ ადგილს შეავსებენ.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები E ჯგუფში სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია იქნებიან. 

ევრობასკეტ 2021-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირმა სტარტი 2017 წლის შემოდგომიდან აიღო და მასში ევროპის ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდები მონაწილეობდნენ. მათ მოგვიანებით, 2018 წლის შემოდგომიდან, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს პირველი ეტაპიდან ვერგასული გუნდები შეუერთდნენ, 3-21 აგვისტოს კი დასკვნითი ეტაპი გაიმართა, რომელშიც 12 გუნდი 4 ადგილისთვის იბრძოდა. 

ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის შესარჩევში მეორედ გაიყვანს

ჩვენთვის საინტერესო იყო ის ჯგუფი, რომლის გამარჯვებულიც ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს მეტოქე გახდებოდა. შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, მიუნხენში გამართულ ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრაზე, ჯგუფში საქართველოს მეტოქეებად სერბეთი და ფინეთი შეირჩა, ხოლო მესამე ოპონენტი ისლანდიას, შვეიცარიასა და პორტუგალიას შორის უმჯობესი გახდებოდა.

სწორედ ეს სამი გუნდი მონაწილეობდა ევრობასკეტ 2021-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის H ჯგუფში და გუშინ დამთავრებული თამაშების შემდეგ, საუკეთესო გამოვლინდა. ჯგუფში სამივე გუნდმა თანაბარი ქულები და 2-2 მოგებ-წაგება დააგროვა. ყველაფერი ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტა: საუკეთესო გახდა შვეიცარია, რომელმაც ბოლო მატჩში კონკურენტი ისლანდია 24 ქულით დაამარცხა. 

სხვა ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს და ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევი ტურნირის საგზურები მოიპოვეს დანიამ (ჯგუფში ბელარუსს და ალბანეთს აჯობა), რუმინეთმა (სლოვაკეთი, კვიპროსი) და დიდმა ბრიტანეთმა (კოსოვო, ლუქსემბურგი). შესაბამისად, შესარჩევი ტურნირის ჯგუფებმა სრული და შემდეგი სახე მიიღო:

საკვალიფიკაციო ეტაპზე 32 ნაკრები 8 ჯგუფშია გადანაწილებული, ევრობასკეტის საგზურს კი 4 მასპინძლის გარდა, კიდევ 20 გუნდი მოიპოვებს. 

შესარჩევი ეტაპის მატჩები ფიბა-ევროპის მიერ დადგენილ სამ სანაკრებო ფანჯარაში გაიმართება, კალენდარი კი ისეა გაწერილი, რომ დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებს ვერც NBA-ს და ვერც ევროლიგის მოთამაშეები ვერ დაეხმარებიან. 

საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც ევრობასკეტ 2021-ის კიდევ სამი მასპინძელი ქვეყანა - ჩეხეთი, იტალია, გერმანია, შესარჩევ ტურნირში კონკურსის გარეშე თამაშობენ და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე გასულები არიან. 

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევრობასკეტი 2021-ის შესარჩევში

📅 20 თებერვალი, 2020 წელი 🏀 საქართველო V შვეიცარია
📅 23 თებერვალი, 2020 🏀 სერბეთი V საქართველო
📅 27 ნოემბერი, 2020 🏀 ფინეთი V საქართველო
📅 30 ნოემბერი, 2020 🏀 შვეიცარია V საქართველო
📅 18 თებერვალი, 2021 🏀 საქართველო V სერბეთი
📅 21 თებერვალი, 2021 🏀 საქართველო V ფინეთი

კომენტარები

ბოლო ამბები