Thumbnail

რიბერიმ დაადასტურა! ფრანგს ფლორენციაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანკ რიბერიმ, როგორც იქნა, ახალი კლუბი იპოვა
  • ფრანგი კარიერას სერია A-ში აგრძელებს
  • 36 წლის დრიბლიორი ფლორენციელი ტიფოზების ახალი გმირია

ფრანკ რიბერი ფლორენციაშია და ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერას სერია A-ში აგრძელებს. 36 წლის ფრანგი ფეხბურთელი ფიორენტინას ღირსებას დაიცავს. კლუბმა გამოაქვეყნა პოსტი ‘ტვიტერზე’ ტექსტით: ‘კეთილი იყოს შენი მობრძანება, ლეგენდა’

“ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ამბიციურ, ევროპულ კლუბში 2-წლიანი კონტრაქტი გამეფორმებინა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ოჯახი ჩემთან მყავდეს. მიხარია, რომ ფეხბურთს კიდევ ორი წელი ვითამაშებ უმაღლეს დონეზე,” - უთხრა რიბერიმ Sky Italia-ს.

ცნობილია, რომ ფიორენტინას სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ რიბერისთან მოლაპარაკებები 13 ივლისიდან დაიწყო. დღეს ფრანგი ფლორენციაში ჩავიდა, სადაც ფიორენტინას ტიფოზებმა მას ძალიან ემოციური დახვედრა მოუწყვეს.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ვესაუბრე კლუბის ხელმძღვანელებს და ლუკა ტონისაც, რომელიც ჩემი მეგობარია. მან მითხრა, რომ ფიორენტინა ძალიან მაგარი კლუბია, ფლორენცია კი - მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი,” - განაცხადა რიბერიმ ფლორენციის, ამერიგო ვესპუჩის სახელობის აეროპორტში. შეგახსენებთ, რომ იტალიის ორგზის ჩემპიონმა ფიორენტინამ 2018/2019 წლების სეზონი სერია A-ში მე-16 ადგილზე დაასრულა.

ფრანკ რიბერი მიუნხენის ბაიერნში 2007-დან 2019 წლამდე თამაშობდა და რეკორდმაისტერისთვის 273 მატჩში 86 გოლი გაიტანა. გაირკვა, რომ ბავარიელებმა რიბერის 1+1 წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ ფრანგს 2-წლიანი კონტრაქტი და ძირითად შემადგენლობაში ხშირად თამაში სურდა. რიბერის მიზანია, რომ გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს - ამიტომაც უთხრა ბაიერნს უარი და არჩევანი ფიორენტინაზე შეაჩერა, სადაც ტიფოზები უკვე სიმღერებს უმღერიან...

კომენტარები

ბოლო ამბები