Thumbnail

'შესაძლოა კარიერა მომავალ წელს დავასრულო' - რონალდო ჯერ მომენტით ტკბება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსის ფორვარდმა პორტუგალიურ ტელეარხთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა
  • 34 წლის ფეხბურთელი კარიერას დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს, მაგრამ საუბრობს
  • პორტუგალიელმა აზრი თანამედროვე ფეხბურთში სატრანსფერო ფასებზეც გამოთქვა

ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიურ ტელეარხ TVI-ს სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. 34 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჯერ არ იცის, როდის დაასრულებს კარიერას, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ნაბიჯი სულაც მომავალ წელს გადადგას.

კრიშტიანო რონალდო ტურინში მეორე სეზონის დასაწყებად ემზადება

"ახლა ამაზე არ ვფიქრობ. შესაძლოა, კარიერა მომავალ წელსაც დავასრულო, მაგრამ ასევე შესაძლებელია, 40 ან 41 წლის ასაკამდე ვითამაშო. არ ვიცი… ყოველთვის ვამბობ, რომ უნდა დატკბე მომენტით და ვაპირებ, ასე გავაგრძელო".

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც ტურინის იუვენტუსამდე მანჩესტერ იუნაიტედისა და მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა, კარიერაში ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სამჯერ - ინგლისის პრემეირლიგა, ორჯერ - ლა ლიგა, ერთხელ - სერია A. რონალდოს, რომელსაც "ოქროს ბურთი" ხუთჯერ აქვს მოპოვებული, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატსა (2016) და უეფას ერთა ლიგაში (2018/19) გაუმარჯვია.

ჟოაო ფელიქსი მადრიდის ატლეტიკოში ბენფიკადან 126 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა

კრიშტიანომ ასევე თანამედროვე ფუხბურთში გაზრდილ სატრანსფერო თანხებზე ილაპარაკა. ფეხბურთელის აზრით, მოთამაშეებზე ფასები გადაჭარბებულია: 

"თანამედროვე ფეხბურთში ძნელია გათვლების გაკეთება. პოტენციალზე დიდი ფსონი კეთდება, საფეხბურთო ინდუსტრია კი დღეს სულ სხვანაირი გახდა, ვიდრე უწინ იყო. თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ჟოაო ფელიქსის ტრანსფერს, დღეს ნებისმიერი ფეხბურთელი, თუნდაც არაფერს წარმოაჩენდეს, 100 მილიონი ღირს. ფეხბურთში ფული სულ უფრო მეტია. დღეს მცველი ან მეკარე შეიძლება 70-80 მილიონი ღირდეს. მე პირადად ამას არ ვეთანხმები, მაგრამ ასეთია სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ და მას პატივი უნდა ვცეთ". 

კომენტარები

ბოლო ამბები