Thumbnail
  • იურგენ კლოპი გერმანიაში წლის მწვრთნელი გახდა
  • მთელი საფეხბურთო გერმანიის სურვილია, რომ მან ნაკრები ჩაიბაროს
  • რას აპირებს იურგენი მომავალში და რა შანსი აქვთ მის მსურველებს

გერმანულმა ჟურნალმა SPORT BILD-მა იურგენ კლოპი წლის მწვრთნელად დაასახელა. 52 წლის სპეციალისტის დაჯილდოვების შემდეგ, ჰამბურგში შეკრებილი სტუმრები მის მომავალზე მსჯელობდნენ.

გაზეთ “ბილდის” სპორტულმა რედაქტორმა, მათიას ბრიუგელმანმა იურგენს ასეთი კითხვა დაუსვა: “ლივერპულთან კონტრაქტი 2022 წელს გიმთავრდებათ. გერმანიაში ყველას აინტერესებს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმა: გერმანიის ნაკრები, მიუნხენის ბაიერნი, დორტმუნდში დაბრუნება თუ ლივერპული კარიერის ბოლომდე?”

კლოპის პასუხი: “რა კარგი თანმიმდევრობაა - ჯერ გერმანიის ნაკრები, მერე ბაიერნი, მერე დორტმუნდში დაბრუნება და ბოლოს ლივერპული ცხოვრების ბოლომდე. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არაფერი ვიცი. მართლა არანაირი გეგმა არ მაქვს.”

გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის მომგებმა მწვრთნელმა ერთი მოულოდნელი რამ თქვა: “ყველაფერი შესაძლებელია - ისიც კი, რომ საერთოდ თავი დავანებო მწვრთნელობას. ოღონდ, ჯერ მართლა არ ვიცი, როგორ მოვიქცევი. უბრალოდ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ მართლაც ასე მოხდა, მერე არავის გაუკვირდეს.”

გერმანიაში იმედი აქვთ, რომ ლივერპულის შემდეგ, კლოპი გერმანიის ნაკრებს ჩაიბარებს. აი, რას ფიქრობენ ჩვენი გერმანელი კოლეგები:

► გერმანიის ნაკრები: ქვეყნის მთავარი საფეხბურთო პოსტი კლოპის სამწვრთნელო კარიერის იდეალური გაგრძელება იქნებოდა. იურგენს შეუძლია, რომ გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატი მოაგებინოს და ამით თავისი სახელი სამუდამოდ უკვდავყოს. ბუნდესგუნდის ყველა ფანი ოცნებობს იმაზე, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი, რომელსაც კონტრაქტი ზუსტად 2022 წლამდე აქვს, სწორედ კლოპმა შეცვალოს. ბუნდესმწვრთნელობა იურგენისთვის ნაკლებ სტრესს და მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ამის ალბათობა 60 პროცენტია.

► კარიერის დასრულება: ცნობილია, რომ იურგენს ძალიან უნდა, თავის მეუღლე ულასთან ერთად მსოფლიო მოიაროს. მართალია, ფეხბურთი ძალიან უყვარს, საქმეს უმაღლეს დონეზე აკეთებს და უდიდეს სიამოვნებას იღებს, მაგრამ ოცნებობს ბევრ თავისუფალ დროზეც. ალბათობა: 20 პროცენტი.

► ლივერპულში კარიერის ბოლომდე: კლოპმა მაინცსა (2001-2008) და დორტმუნდში (2008-2015) 7-7 წელი იმუშავა. ლივერპულთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს და ისე გამოვა, რომ სწორედ 2022-ში შეუსრულდება მას ‘ენფილდზე’ მუშაობის 7 წელი. კლოპმა მერსისაიდელებს უკვე მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა, ახლა კი სურს, რომ ლივერპულის ფანებს ინგლისის ჩემპიონობის ოცნება აუსრულოს. როგორც კი ინგლისის ჩემპიონი გახდება, დიდი ალბათობით, გუნდიდან წავა. შანსი იმისა, რომ სამწვრთნელო კარიერის ბოლომდე ‘ენფილდზე’ დარჩეს, მხოლოდ 10 პროცენტია.

► დორტმუნდში დაბრუნება: BVB-ს შეფები ოცნებობენ, რომ იურგენი ერთ მშვენიერ დღეს ბორუსიაში დააბრუნონ. ეს ალბათ ოცნებად დარჩება. ალბათობა: 5 პროცენტი.

► ბაიერნი: მიუნხენურ გრანდს კლოპის დანიშვნა ადრეც სურდა, მაგრამ მაშინ იურგენმა რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებს უარი შეუთვალა და ამით ძალიან გაანაწყენა არა მარტო ისინი, არამედ ბაიერნის ფანებიც. გერმანელი ექსპერტების აზრით, მხოლოდ 5 პროცენტია იმის შანსი, რომ კლოპმა მომავალში ბაიერნი ჩაიბაროს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები