Thumbnail

ახალი გამოწვევა, რობენის მემკვიდრე - ბაიერნმა კოუტინიო წარადგინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მიუნხენის ბაიერნმა ბარსელონადან იჯარით დამატებული ბრაზილიელი წარადგინა
  • 27 წლის ნახევარმცველი ბავარიელთა ღირსებას 10-ნომრიანი მაისურით დაიცავს
  • ფილიპე კოუტინიოს გერმანულ კლუბთან ერთად დიდი მიზნების მიღწევა სურს

მიუნხენის ბაიერნმა 27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად წარადგინა. ბარსელონას ფეხბურთელი, რომელიც ბავარიულ კლუბში იჯარით გადავიდა, ბაიერნის ღირსებას 10-ნომრიანი მაისურით დაიცავს. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში 10-ნომრიანი მაისურით ბაიერნში არიენ რობენი გამოდიოდა. ჰოლანდიელმა კლუბი გასული სეზონის ბოლოს დატოვა.

"ჩემთვის ეს ტრანსფერი არის ახალი გამოწვევა ახალ ქვეყანაში, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში. მართლა მოუთმენლად ველი ჩემს დებიუტს კლუბში. ბაიერნის მსგავსად, მეც დიდი მიზნები მაქვს და დარწმუნებული ვარ, ახალ თანაგუნდელებთან ერთად შევძლებ მათ მიღწევას”, - აქვეყნებს კოუტინიოს ნათქვამს ბაიერნის პრესსამსახური.

კლუბები ფინანსური დეტალების გახმიანებას ერიდებიან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოუტინიო ბაიერნში იჯარით ერთ სეზონს გაატარებს და 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, კატალონიელები კი მასში 15-20 მილიონ ევროს მიიღებენ. ბარსელონასა და ბაიერნს შორის არსებობს შეთანხმებაც, რომლის თანახმად, საიჯარო ვადის ამოწურვის შემდეგ, ბავარიელებს ნახევარმცველის ტრანსფერის გამოსყიდვა 120 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელსაც ინტერში, ვასკო და გამასა და ესპანიოლშიც უთამაშია, ბარსელონაში 2018 წლის დასაწყისში, ლივერპულიდან გადავიდა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი ტრანსფერი კატალონიელებს 145 მილიონ ევრო დაუჯდათ. კოუტინიომ ბარსას რიგებში 76 მატჩში ითამაშა, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 11 საგოლე პასი. 

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები