Thumbnail

ნეიმარის ტრანსფერი რეალში - პერესმა უკვე ბანკიდან სესხი გამოიტანა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალი ნეიმარის ტრანსფერისთვის თანხას ბანკიდან იმ კვირაში მიიღებს
  • ფორვარდი კი ბარსაში დაბრუნებისთვის ნაკლებ ხელფასზეც თანახმაა
  • პსჟ-ში ამბობენ, რომ ბრაზილიელის ტრანსფერის საქმეში წინსვლა არაა

რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ერთ-ერთი ესპანური ბანკისგან კრედიტი აიღო. ესპანურ მედიის ინფორმაციით, თანხა მადრიდულ კლუბს პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის შესაძენად სჭირდება.

თანხა რეალის ანგარიშზე უახლოეს დღეებში დაჯდება. უკვე მომავალ კვირაში კი პერესი აპირებს, პარიზულ კლუბთან 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკება განაახლოს. სავარაუდოდ, მადრიდელები პარიზელებს ნეიმარის სანაცვლოდ 100-120 მილიონ ევროს, პლუს, ერთ ან ორ თავიანთ მოთამაშეს შესთავაზებენ.

თავად ბრაზილიელს კატალონიურ გრანდში დაბრუნება უფრო სურს

ბრაზილიელის აგენტს პინი ზახავის რეალთან უკვე ჰქონდა კონტაქტი და აღნიშნა კიდეც, რომ მისი კლიენტი მზადაა, მადრიდში გადაბარგება განიხილოს, თუკი კლუბები მოლაპარაკებას შეძლებენ. დაიწერა ისიც, რომ “სამეფო კლუბმა” ნეიმარს ხუთწლიანი კონტრაქტი, 40 მილიონი ევროს ოდენობის წლიური ხელფასით შესთავაზა.

რეალი ესპანეთში ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც მედია ნეიმარის მომავალს უკავშირებს. არ არის გამორიცხული, ამ ზაფხულს ფორვარდი თავის ყოფილ კლუბში, ბარსელონაშიც დაბრუნდეს. როგორც ჩანს, თავად ბრაზილიელს ეს პერსპექტივა უფრო ხიბლავს, თუმცა მოლაპარაკება ჩიხშია შესული. ბოლო ინფორმაციით, თავად ნეიმარი კატალონიაში დაბრუნებისთვის მზადაა, ხელფასის 38 მილიონიდან 23 მილიონ ევრომდე დაკლებასაც დათანხმდეს.

ლეონარდო არ გამორიცხავს, რომ ნეიმარი ისევ პარიზში დარჩეს 

პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო კი კლუბიდან ფორვარდის შესაძლო წასვლაზე ასეთ კომენტარს აკეთებს:

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის პსჟ-ის ფეხბურთელია და კონტრაქტით კიდევ სამი წელიწადი ამ გუნდში უნდა ითამაშოს. უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი, გამოვასწოროთ ბევრი რამ. ნეიმარი უშვებდა შეცდომებს, თუმცა ახლა მართლა ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი და ჭკვიანი ბიჭია, მოედანზე კი ბრწყინვალე მოთამაშე. არის დისკუსია მის მომავალზე, მაგრამ ამ საკითხში წინსვლა არაა".

ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში ბარსელონადან 2017 წლის ზაფხულში, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 2018/19 წლების სეზონში ფორვარდმა კლუბის მაისურით ჩატარებულ 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები