Thumbnail
  • მარიო მანჯუკიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი ბაიერნია
  • მიუნხენელთა ლეგენდა ხორვატის ტრანსფერს მიესალმება
  • შტეფან ეფენბერგის აზრით, კოუტინიოს ტრანსფერი რისკი იქნება

მიუნხენის ბაიერნის ქომაგებს მარიო მანჯუკიჩი დღემდე განსაკუთრებით უყვართ. ხორვატმა თავდამსხმელმა ბავარიულ გრანდთან ერთად, 2013 წელს ყველაფერი მოიგო და გარდა ამისა, რეკორდმაისტერის ფანებს თავი თავდაუზოგავი მონდომებით დაამახსოვრა.

მანჯუკიჩი 2015 წლიდან იუვენტუსში თამაშობს, მანამდე კი მადრიდის ატლეტიკოში იმედები ვერ გაამართლა. ხორვატი თავდამსხმელი უკვე 33 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაშობს. თუმცა, იუვეს ახალ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის მარიო არ სჭირდება. ‘გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, მანჯუკიჩის გადაბირებისთვის ბრძოლაში ყველაზე მეტად მიუნხენის ბაიერნი და დორტმუნდის ბორუსია აქტიურობენ, ფავორიტი კი - რა თქმა უნდა, ბაიერნია.

მანჯუკიჩი ბაიერნში 2012-2014 წლებში თამაშობდა - 54 მატჩი, 33 გოლი

რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა უკვე გადაიბირა თანამემამულე ივან პერიშიჩი, ახლა კი მანჯუკიჩი სურს - რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად, რომელიც ბაიერნის ერთადერთი ნომინალური ცენტრფორვარდია. მანჯუკიჩს იუვენტუსთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

მარიოს შესაძლო ტრანსფერს ბაიერნის ლეგენდა, შტეფან ეფენბერგი გამოეხმაურა: “მას უდიდესი გამოცდილება აქვს, კარგად იცნობს ბუნდესლიგას და ნიკო კოვაჩს. ამასთან, მარიო თითქმის არასდროსაა ტრავმირებული, ყოველთვის უდიდესი მონდომებით თამაშობს და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. მე იგი ყოველთვის ძალიან მომწონდა და ვაფასებდი. ჩემი აზრით, მისი ხელში ჩაგდების შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება,” - განაცხადა 51 წლის ეფენბერგმა t-online.de-სთან ინტერვიუში.

სამაგიეროდ, ეფე სკეპტიკურად უყურებს ფილიპე კოუტინიოს შესაძლო ტრანსფერს: “კოუტინიომ არც გერმანული ფეხბურთი იცის, არც ნიკო კოვაჩს იცნობს და არც გერმანულად ლაპარაკოვს. გარდა ამისა, ის ბოლოს ესპანურ გრანდში სათადარიგო ფეხბურთელი იყო. ესპანეთის ჩემპიონატის 38 მატჩიდან კოუტინიომ 90 წუთი მხოლოდ 8 შეხვედრაში ითამაშა, მხოლოდ 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ცხადია, ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ბაიერნისთვის კოუტინიოს ტრანსფერი რისკი იქნება,” - ამბობს ეფე, რომელმაც 2001 წელს ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები