Thumbnail

რატომ წააგო საბურთალომ - სისტემური მარცხის 5 ძირითადი ფაქტორი

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ეს წაგება გამორჩეულად მტკივნეული და დამაფიქრებელია
  • ქართულ კლუბს ასეთი შანსი, შესაძლოა, ძალიან დიდხანს აღარ ჰქონდეს
  • საქართველოს ჩემპიონი საკუთარ თავთან დამარცხდა
  • POPSPORT.COM-ის ანალიზი მატჩის შემდეგ

გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის საბურთალოს მარცხზე წერა ადამიანურად რთულია. ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს წაგებით ვერ გააკვირვებ, თუმცა გუშინდელი მარცხი გამორჩეულად მტკივნეული იყო. ერთია, როდესაც ზაგრების დინამოსთან, ან ფეიენოორდთან აგებ, უფრო მაღალი კლასის გუნდებთან, რომლებსაც, გულწრფელად ვთქვათ, თუ სასწაული არ მოხდა, ფეხბურთში ვერ უნდა მოვუგოთ და მეორეა წაგება არარატ არმენიასთან - გუნდთან, რომელიც ფეხბურთს ალბათ კიდევ უფრო უარესად თამაშობს, ვიდრე ჩვენ.

საბურთალოს მხარეზე ყველა ფაქტორი იყო: გასვლაზე კომფორტული ანგარიშით მოგებული თამაში, უფრო დაბალი კლასის მეტოქე (სომხურ გუნდებს თუნდაც მინისენსაცია წლებია, არ მოუხდენიათ, ისინი ევროტურნირებზე ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ მეტოქეებად მიიჩნევიან) და იოლი გზა ევროპალიგისკენ. საბურთალოს ისტორიული შანსი ჰქონდა, რომ ევროპალიგის ძირითად ეტაპზე გასულიყო - შესაძლოა, ქართულ გუნდს ასეთი მარტივი კონკურენტები კიდევ ბევრი წელი არ ჰყავდეს.

საბურთალოს მარცხი მხოლოდ ერთი გუნდის მარცხი არ არის, ეს მთელი ქართული ფეხბურთის კატასტროფაა. ამ ფაქტორების მიუხედავად, საბურთალოს წაგება მხოლოდ ერთ რამეს გვეუბნება: ჩვენ საკუთარ თავთან დავმარცხდით! ამ ეტაპზე ქართული გუნდები მზად არ არიან, თუნდაც მათთვის ყველაზე მოსახერხებელი სცენარი სათავისოდ გამოიყენონ.

1. მარცხი საკუთარ თავთან

შეუძლებელია, საბურთალოს თამაში მოგწონებოდა, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, გამარჯვების მიუხედავად, არარატ არმენია კიდევ უარეს ფეხბურთს თამაშობდა. ირონიულად გამეღიმა, როდესაც მატჩის შემდეგ არარატის მწვრთნელმა ამაყად გამოაცხადა, რომ მისი გუნდი ორივე ტაიმის მანძილზე მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობდა - მაღალი კლასის ფეხბურთი, პირადად მე, გუშინ საერთოდ ვერ ვნახე.

მთელი მატჩის მანძილზე ვერაფრით დავინახე, სომხური გუნდი გოლის გატანას როგორ აპირებდა. თუმცა, მათ მხარეზე ერთი ფაქტორი იყო: როდესაც დაბალი კლასის გუნდს ეთამაშები, ყოველთვის შეგიძლია გქონდეს იმის იმედი, რომ მეტოქე შეცდომას თავისით დაუშვებს. ასეც მოხდა: ორივე გოლის შემთხვევაში, არარატ არმენიას სამსახური საქართველოს ჩემპიონმა გაუწია. პირველი გოლის შემთხვევაში ძალიან მარტივ ორკაციან შეტევას საბურთალომ ხელი ვერაფრით შეუშალა - მიუხედავად იმისა, რომ რიცხვობრივი უპირატესობა დაცვაში სწორედ მათ მხარეს იყო.

პირველი გოლი საბურთალოს კარში

კიდევ უფრო უარესი იყო მეორე გოლის შემთხვევა. ბურთს საბურთალო მეტოქის ნახევარზე ფლობდა, უტევდა და ამ დროს კოხრეიძემ შეასრულა გადაცემა უკან, რომლითაც მთელი თავისი გუნდი მოჭრა - ეს იყო იმ ტიპის პასი, რომელიც ფეხბურთში არ კეთდება, უბრალოდ არასწორი გადაცემაა! მეტოქემ კონტრშეტევა დაიწყო, საბურთალოს მცველებს რიცხვობრივი უპირატესობა ჰქონდათ - მათ მხოლოდ ორი კაცი უტევდათ, თუმცა დაცვამ ვერ წაიკითხა გადაცემის მიმართულება, არადა შეტევას მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლებოდა ჰქონოდა გაგრძელება. ამას რეხვიაშვილის ვარდნა მოჰყვა. არცთუ ისე აუცილებელ სიტუაციაში შესრულებული ვარდნა, რომელიც პენალტით დასრულდა. რეხვიაშვილს ცოტა შანსი ჰქონდა ბურთს მიწვდენოდა, მეტოქეს დასარტყმელად იდეალური პოზიცია არ ჰქონდა და მახვილი კუთხისკენ მოძრაობდა. მოკლედ, ეს იყო პენალტი, რომელიც არ უნდა მიგვეღო. საერთო ჯამში გამოვიდა, რომ ორივე გოლის გატანაში მეტოქეს ჩვენ თვითონ დავეხმარეთ!

მეორე გოლი საბურთალოს კარში

2. სისტემური მარცხი 

გიორგი ჭიაბრიშვილმა თამაშის მერე სრული პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და ასეთი ფრაზაც თქვა: „არ ვიმსახურებ საქართველოს ჩემპიონს ვწვრთნიდეო.“ მე მგონია, რომ პირიქითაა! ეს არ არის მარცხი, რომელიც ცალკეულ პირებს უნდა დავაბრალოთ. ეს რეალურ პრობლემებზე თვალის დახუჭვა იქნება. ზემოთ კოხრეიძე და რეხვიაშვილი ვახსენე - მოედანზე თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ, რეხვიაშვილი დაცვის ლიდერი იყო, კოხრეიძემ კი თავისი ინდივიდალური ქმედებებით რამდენჯერმე გაამწვავა თამაში. არც გიორგი ჭიაბრიშვილია ყველაზე უარესი მწვრთნელი საქართველოში. პირიქით, საქართველოს ჩემპიონი თავისი კლასით აბსოლუტურად არ არის ის გუნდი, რომელიც გიორგი ჭიაბრიშვილის კომპეტენციას აღემატება.

საით მიმყავს საუბარი: საბურთალოს ადგილზე, ნებისმიერი ქართული გუნდი შეიძლება აღმოჩენილიყო - ასეთია დღეს ქართული ფეხბურთის რეალური დონე. ამიტომ, ამ წაგებამ სისტემურ პრობლემებზე უნდა დაგვაფიქროს.

საბურთალო მეტოქეზე მეტს ფლობდა ბურთს, მეტი საგოლე მომენტი შექმნა, სათამაშო უპირატესობაც ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც წააგო - ჩვენ დღეს იმის კლასი არ გვაქვს, რომ უპირატესობა გოლებად გარდავქმნათ.

3. ფუნდამენტური პრობლემები

საბურთალოს თამაშმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ის ფუნდამენტური პრობლემები, რომლის ფონზეც თუნდაც საშუალო შედეგის ჩვენება წარმოუდგენელი ამოცანაა. მოედანზე საბურთალოს რიგებში ვერ ვნახე ვერცერთი კარგი ათლეტი; ფეხბურთელებს/გუნდს არ აქვს საკმარისი ტაქტიკური განათლება, შედეგად გუნდური დინამიკა და მოძრაობა არ არსებობს. ჩვენ ძალიან ნელ ფეხბურთს ვთამაშობთ! საბურთალოს არცერთ ეტაპზე არ უცდია პრესინგის თამაში, ან რაიმე სხვა იმ კომპონენტის გამოყენება, რომელიც სინქრონულ გუნდურ მოძრაობას მოითხოვს; შეტევაში გუნდი მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის, ან მეტოქის შეცდომის იმედად იყო - პოზიციური შეტევა და ბურთის მოძრაობა ან საერთოდ არ არსებობდა, ანაც იმდენად ნელი იყო, რომ მეტოქეს საფრთხეს ვერ უქმნიდა.

საერთო ჯამში, ქართული გუნდები ევროთასებზე ისე გამოიყურებიან, თითქოს ეზოში თამაშობდნენ. ეს ფეხბურთელების ბრალი არ არის - ფუნდამენტური შეცდომები ჯერ კიდევ მათი აღზრდის ეტაპზეა დაშვებული - ანუ იმ ასაკში, როდესაც ათლეტიზმი ყალიბდება და როდესაც ელემენტარული ტაქტიკური ცოდნა უნდა შეიძინონ და გუნდური თამაშის პრინციპებს დაეუფლნენ.

4. სტილი, რომელიც არ ერგება საშინაო მატჩებს

წლევანდელ ევროტურნირებზე საბურთალო გასვლაზე უკეთ თამაშობდა, ვიდრე სახლში - თბილისში საქართველოს ჩემპიონმა სამივე მატჩი დათმო. ამას თავისი მიზეზი აქვს. გუშინაც საბურთალომ 3-5-2 (მატჩის დიდი ნაწილი 3-6-1 სქემით ითამაშა). კაკუბავა, რეხვიაშვილი და მარგველაშვილი დაცვის ცენტრში იდგნენ. ფლანგებს მთლიანად აკონტროლებდნენ მალი და ლაკვეხელიანი. მოედნის ცენტრში საბურთალოს ერთდროულად 4 მოთამაშე ჰყავდა - ტერა და ალთუნაშვილი უფრო დაცვით ამოცანებზე იყვნენ კონცენტრირებულები, კოხრეიძე და დიასამიაძე კი - უფრო შეტევაზე. თავდასხმაში გამოკვეთილ ფორვარდად გაბედავა თამაშობდა. 

მწვრთნელის ჩანაფიქრი აშკარა იყო: დაცვის დროს განაპირა მცველები ცენტრალური მცველების ხაზზე იწევდნენ და საბურთალოს ერთდროულად 5 მცველი ჰყავდა, სამი ცენტრალური მცველი კი იმისთვის იყო საჭირო, რომ მეტოქეს კონტრშეტევების დროს სივრცე არ დარჩენოდა - არარატ არმენიას ხომ სულ მცირე 2 გოლი ჰქონდა გასატანი.

აქცენტი გაკეთდა მოედნის შუა ხაზზეც, სადაც ერთდროულად ოთხი მოთამაშე იყრიდა თავს - ჭიაბრიშვილმა აქცენტი ბურთის დაჭერაზე გააკეთა. საბურთალის ტექნიკური მოთამაშეები ჰყავს და გუნდი აქცენტს ბურთის ფლობასა და კომბინაციურ თამაშზე აკეთებს, თუმცა ისინი ათლეტიზმსა და გაბარიტებში მოიკოჭლებენ.

გასვლაზე თამაშის დროს, როცა ძირითადად მეორე ნომრად თამაშობ, მათთვის უფრო იოლია სივრცის მონახვა და თავისი მოთამაშეების ტექნიკის გამოყენება. საშინაო შეხვედრის დროს კი გუნდს მეტოქის კომპაქტური დაცვის წინააღმდეგ პოზიციური შეტევა უჭირს - არც ბურთის გათამაშებაა იმ დონეზე, მეტოქეს პრობლემა რომ შეუქმნას და ფლანგებიდან ჩაწოდებებით შეტევის დროს კი, საბურთალოს მასა და გაბარიტები არ ჰყოფნის. ასე იყო გუშინაც: საბურთალოს ჩაწოდებები ძირითადად ადრესატის გარეშე იყო, მაშინაც კი, როცა ბურთი სახიფათო ზონაში მიდიოდა.

5. სისწრაფის და ემოციის პრობლემა

როდესაც მთელი წელი საქართველოს ჩემპიონატში ერთ სისწრაფეზე თამაშობ, შემდეგ, თუნდაც არარატ არმენიას დონის გუნდთან სისწრაფის ოდნავ მომატებაც კი ჭირს და ამ დროს შეცდომების ალბათობა იმატებს. პირველ რიგში აზროვნების სისწრაფეს ვგულისხმობ.

იგივე ხდება ემოციის, ზეწოლის, მართვის დროსაც. ჭიაბრიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, რომ თბილისში თამაში საბურთალოს იმიტომაც უჭირს, რომ გულშემატკივრისგან დამატებით მოლოდინსა და შესაბამისად ზეწოლას გრძნობს. ეს ზოგადად ქართული გუნდების და ნაკრების პრობლემაა - მსგავსი რამ ფეხბურთელებისგან პირადადაც ბევრჯერ მსმენია. გულშემატკივრის მოლოდინი და ტრიბუნების ზეწოლა ფეხბურთელის პროფესიის ბუნებრივი თანმხლებია, თუმცა სხვა შემთხვევაა ქართული ფეხბურთი. როცა სეზონის დიდ ნაწილს ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაშობ, შემდეგ უცებ ძალიან რთულია მზად აღმოჩნდე თუნდაც მინიმალური ზეწოლისათვის გულშემატკივარის მხრიდან. სისწრაფის და დაძაბულობის ზრდა მაშინვე იწვევს სათამაშო დონის კიდევ უფრო დაცემას. 

ისევ დასაწყისში დავბრუნდები - თუ ჩემპიონატის დონე არ ამაღლდა და ფუნდამენტური პრობლემები არ გადაიჭრა, საქართველოს ჩემპიონმა ნებისმიერ დროს შეიძლება თავისზე დაბალი კლასის გუნდთან წააგოს.

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები