Thumbnail
  • დორტმუნდის ბორუსია რეკორდმაისტერის ჰეგემონიის დამხობას შეეცდება
  • რა შანსი აქვს ლუსიენ ფავრის გუნდს ნიკო კოვაჩის ბაიერნის წინააღმდეგ?
  • ლაიპციგს სენსაციის მოხდენა შეუძლია

7 წელია, მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონატს ადვილად იგებს. 7 წელია, რეკორდმაისტერი ამტკიცებს, რომ ბუნდესლიგა მხოლოდ ბაიერნია, დორტმუნდის ბორუსია კი ამაოდ ცდილობს, ხელი შეუშალოს. სანამ ბაიერნი ამ გრანდიოზულ ჰეგემონიას დაამყარებდა, დორტმუნდი ზედიზედ ორჯერ გახდა ჩემპიონი. მომდევნო 7 წელი ცხადად აჩვენებს, როგორ გაბრაზდნენ ამის გამო მიუნხენში. მანამდე, ვოლფსბურგმა (2009) და შტუტგარტმაც (2007) კი შეძლეს ‘ვერცხლის სინის’ დასაკუთრება, 2004-ში ჩემპიონი იყო ბრემენის ვერდერიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბუნდესლიგა მაინც სწორედ მიუნხენის ბაიერნია (29 ჩემპიონობა) და ცოტათი დორტმუნდის ბორუსიაც (ბოლო ათწლეულში).

პარასკევს, გერმანიის 2019/2020 წლების ჩემპიონატი იწყება და თუკი ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელიმე სეზონის წინ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ბაიერნი ვერ იქნებოდა სათანადოდ დომინანტი, სწორედ ახლა, ამ სეზონის წინ. სანამ მიუნხენური გრანდის მთავარი შენაძენები ლუკა ერნანდესი და ივან პერიშიჩი არიან (რიბერის და რობენის წასვლის ფონზე), ნამდვილად აქვს არსებობის უფლება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბაიერნის შანსები, ზედიზედ მე-8 ჩემპიონობა იზეიმოს, შემცირებულია.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

გერმანულ საკლუბო ფეხბურთში როლები იშვიათად, ან საერთოდ არ იცვლება ხოლმე. ვოლფსბურგი (2009) და შტუტგარტი (2007) უჩვეულო გამონაკლისები იყვნენ. ბუნდესლიგას წელსაც ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს: ბაიერნი და დორტმუნდი. მათ გარდა, ჩემპიონობისთვის გაბრძოლება ლევერკუზენს და ლაიპციგს შეუძლიათ. მოდით, ამ 4 გუნდს უფრო კარგად დავაკვირდეთ. როგორ ხვდებიან ისინი ახალ სეზონს? ვინ როგორ გაძლიერდა? რას უნდა ველოდოთ?

ეს ის ბაიერნი აღარ არის?

რა თქმა უნდა, ეს ზუსტად ის ბაიერნია! უბრალოდ, მას მერე, რაც გუნდი ორმა უმნიშვნელოვანესმა ვარსკვლავმა დატოვა (რიბერი და რობენი), რეკორდმაისტერის გულშემატკივრები და გერმანული ფეხბურთის ექსპერტები მიუნხენურ გრანდს ცოტა ალმაცერად უყურებენ. მართალია, ჰოლანდიელისგან და ფრანგისგან ბოლოს სახელებიღა იყო დარჩენილი, მაგრამ მაინც - გუნდში 10 და 7 ნომრები დაკავებული იყო. რობენი და რიბერი ჟღერდა. რა შეიცვალა ზაფხულში და რა შეიძლება შეიცვალოს კიდევ?

შემადგენლობა: პერიშიჩზე არ უნდა გაჩერდნენ!

მსოფლიოს ჩემპიონები ლუკა ერნანდესი (ატლეტიკოდან შეიძინეს) და ბენჟამენ პავარი (შტუტგარტიდან) ბაიერნის უკანა ხაზს ნამდვილად გააძლიერებენ. სამაგიეროდ, რეკორდმაისტერი მატს ჰუმელსმა დატოვა (დორტმუნდში დაბრუნდა) - თუმცა ეს უფრო გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის სურვილი იყო. ჰუმელსის წასვლის შემდეგ, დაცვის ცენტრში კოვაჩი ერნანდესისა და ნიკლას ზიულეს წყვილს მოიაზრებს. გუნდშია ჟერომ ბოატენგიც, რომელსაც ბაიერნი გაყიდვას უპირებდა, მაგრამ მოსამზადებელ შეკრებაზე მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ივან პერიშიჩის სახით, ბაიერნმა გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი მიიღო, რომელსაც, ისევე როგორც კინგსლი კომანს და სერჟ გნაბრის, ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. თუმცა შეტევის ხაზისთვის მხოლოდ პერიშიჩის ყიდვა საკმარისი არ არის. ბაიერნმა ხამეს როდრიგესი არ გამოისყიდა, ლეროი სანეს ტრანსფერი კი ჩაიშალა და ახლა რეკორდმაისტერი ფილიპე კოუტინიოს უმიზნებს. მიუნხენში ჯერ კიდევ ოცნებობენ პაულო დიბალაზეც. ჰამბურგიდან შეძენილი ფიტე არპი ძირითადი შემადგენლობისთვის, რა თქმა უნდა, არ განიხილება. რიბერის და რობენის წასვლის შემდეგ, პერიშიჩის შეძენა დანაკლისის მხოლოდ 30-40 პროცენტით შევსებას ნიშნავს.

ლიდერი: რობერტ ლევანდოვსკი

ბაიერნის მთავარი და ყველაზე შეუცვლელი ფეხბურთელი ისევ რობერტ ლევანდოვსკია. 2014 წლიდან მოყოლებული, პოლონელი ბავარიული გრანდის ნომერ პირველი გოლეადორია. ამასთან, ლევანდოვსკი ტრავმას თითქმის არასდროს იღებს და საგოლე მომენტების აბსოლუტურ უმრავლესობას იყენებს. პოლონელი ბაიერნში უკონკურენტოა.

ბაიერნის გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგეც თამამად ამბობს, რომ გუნდის იერარქიაში ყველაზე წინ სწორედ ლევანდოვსკი და კაპიტანი მანუელ ნოიერი არიან. “მან ბაიერნი გაიცნო, შეიყვარა და ჩვენი შეუცვლელი ლიდერი გახდა. ლევანდოვსკი ბაიერნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა - როგორც ფეხბურთელი და როგორც ლიდერი,” - ამბობს რუმენიგე.

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩის მეორე შანსი

თავის პირველ სეზონში ნიკო კოვაჩმა გერმანიის ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ ბაიერნისთვის ეს არასდროსაა საკმარისი. საბოლოოდ, მიუნხენელებს გასული სეზონი მაინც წარუმატებლად ჩაეთვალათ, რადგან რეკორდმაისტერის მთავარი მიზანი ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება, ან მინიმუმ ფინალში გასვლაა ხოლმე. მაგრამ ბაიერნში სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება არ უყვართ და შეფებმა კოვაჩს მეორე შანსი მისცეს. იუპ ჰაინკესის, კარლო ანჩელოტის და პეპ გვარდიოლას შემდეგ, კოვაჩს ბევრი არ სცემს პატივს. გასულ სეზონში მუდმივად იყო საუბრების იმის შესახებ, რომ ბაიერნი მწვრთნელს შეცვლიდა, მაგრამ ნიკო პოსტზე დარჩა.

ასეა თუ ისე, ნიკო კოვაჩი ფრანც ბეკენბაუერის შემდეგ მეორეა, ვინც ბაიერნთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი ფეხბურთელის რანგშიც მოიგო და მწვრთნელის რანგშიც. და კოვაჩი პირველი ბაიერნელია ისტორიაში, რომელმაც ფეხბურთელის რანგშიც შეასრულა დუბლი (ჩემპიონობა და თასი) და მწვრთნელის რანგშიც.

მიზანი: ჩემპიონობა და თასი მინიმუმია

ბაიერნის მიზანი ყოველი სეზონის წინ უცვლელია: მინიმუმ გერმანიის ჩემპიონობა და თასის მოგება. მორიგი დუბლის შესრულების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ბაიერნში ყველაფერი ნორმალურადაა. მთავარ მიზნად კი ჩემპიონთა ლიგის მოგება რჩება. საინტერესო იქნება, როგორ გადაიტანს რეკორდმაისტერი რიბერისა და რობენის დაკარგვას. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი კონკურენტი დორტმუნდი გაძლიერდა, ბაიერნი ბუნდესლიგაში ისევ ნომერ პირველი ფავორიტია.

დორტმუნდი წელს უფრო ძლიერია!

თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ბორუსიაში მატს ჰუმელსი დაბრუნდა. ბაიერნის ხელმძღვანელებისა და გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვისგან განსხვავებით, გერმანიაში ძალიან ბევრს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ ქვეყნის საუკეთესო ცენტრალური მცველი სწორედ ჰუმელსია! თანაც, მატსი სულაც არ არის ასაკში - ის 30 წლისაა. დავანებოთ თავი ჰუმელსს - ბორუსიამ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან, ბაიერნზე გაცილებით მეტად იაქტიურა!

შემადგენლობა: უფრო მეტი ხარისხიანი ფეხბურთელი

იულიან ბრანდტის (ლევერკუზენიდან), თორგან აზარის (გლადბახიდან) და ნიკო შულცის (ჰოფენჰაიმიდან) სახით, დორტმუნდმა ბუნდესლიგის დონეზე მაღალი კლასის ფეხბურთელები დაიმატა. ამასთან, BVB-ში იჯარით გადავიდა ბარსელონას ნიჭიერი მცველი მატეუ მორეიც, მანამდე განათხოვრების წესით გადაყვანილი პაკო ალკასერი კი სრულფასოვანი დორტმუნდელი გახდა. ბორუსიას დანაკარგიც აქვს: კრისტიან პულიშიჩი ჩელსიშია. გუნდი დატოვა მცველმა აბდუ დიალომაც, თუმცა ეს უკანასკნელი დორტმუნდში დიდად არც გამოირჩეოდა.

შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, დორტმუნდს ახლა უფრო ძლიერი გუნდი გყავს, ვიდრე ერთი წლის წინ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მთავარი მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის განკარგულებაში ახლა უფრო მეტი ხარისხიანი ფეხბურთელია, რაც მას როტაციის საშუალებას მისცემს. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს გადამწყვეტი უპირატესობა საიმისოდ, რომ დორტმუნდმა “ბაიერნი ტახტიდან ჩამოაგდოს”. თავად განსაჯეთ: შვეიცარიელ მწვრთნელს თამამად შეუძლია, სკამზე დასვას ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მარიო გიოტცე და თომას დილეინი არიან.

ლიდერი: მარკო როისი

დორტმუნდის კაპიტანი გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - მარკო როისმა ეს წოდება 100 პროცენტით დაიმსახურა. თუმცა როისი ამ ჯილდოს სიამოვნებით გაცვლიდა გერმანიის ჩემპიონობაზე BVB-სთან ერთად. როისი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს, სეზონის ბოლოს “ვერცხლის სინიც” აღმართოს.

ლუსიენ ფავრის 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში როისს მაქსიმალური თავისუფლება აქვს - მას შეუძლია იყოს ყველგან, სადაც შეტევის ორგანიზება, ან დასრულებაა საჭირო. როისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია - ყველაზე მნიშვნელოვანი დორტმუნდის ბორუსიაში. წინა სეზონში მან 27 მატჩში 17 გოლი გაიტანა და ეს მის დორტმუნდულ კარიერაში ყველაზე წარმატებული სეზონი იყო. ბორუსის მისია ბაიერნის ჰეგემონიის დამხობაა და ამ მისიაში მარკოს მთავარი როლი აქვს. თუ როისი ფორმაში იქნება, BVB-ს ჩემპიონობის კარგი შანსი ექნება.

მწვრთნელი: პერფექციონისტი ლუსიენ ფავრი

2017/2018 წლების ჩაგდებული სეზონის შემდეგ, როცა დორტმუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა, ლუსიენ ფავრმა შეძლო და ბორუსია ისევ ბაიერნის ნომერ პირველ კონკურენტად აქცია. “მან შეძლო და ჩვენს გუნდს ისევ ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ ფეხბურთელებმა მისი დავალებები არა მარტო შეასრულონ, არამედ კარგად გაიგონ, რატომ ითხოვს ლუსიენი მათგან იმას, რასაც ითხოვს,” - აქებს ფავრს BVB-ს გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე.

ლუსიენს განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა აქვს კაპიტან როისთან - სწორედ მან ჩამოაყალიბა მარკო გლადბახში ტოპ-ფეხბურთელად. “მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მიუხედავად ჩემი ასაკისა და გამოცდილებისა, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია,” - ამბობს როისი “კიკერთან” ინტერვიუში. 

მიზანი: ახლა უკვე მხოლოდ ჩემპიონობა!

“ჩვენი გუნდი გაძლიერდა და, შესაბამისად, გაიზარდა შანსი, რომ 2020 წელს გერმანიის ჩემპიონები გავხდეთ,” - ესეც როისის სიტყვებია, რითაც კაპიტანმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ წინა სეზონში მეორე ადგილის შემდეგ, ახლა დორტმუნდის მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა უნდა იყოს. უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი ფავრს როტაციის საშუალებას მისცემს და გუნდს ტრავმებიც ვეღარ დააზარალებს ისე, როგორც აქამდე აზარალებდა. დორტმუნდის ბორუსია ტიტულის კანდიდატია - ბაიერნისთვის გაჩემპიონება ადვილი აღარ იქნება.

ლაიპციგი - ახალგაზრდული გუნდი დიდი ამბიციებით

ლაიპციგს გერმანიის ჩემპიონობა არ მოეთხოვება, მაგრამ ახალგაზრდული, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და თუ მოინდომებს და გაუმართლებს კიდეც, ნამდვილად შეუძლია, რომ ბაიერნი და დორტმუნდი გააბრაზოს.

შემადგენლობა: ვერნერი, პოულსენი და ტალანტები

საქსონიელთა ახალმა სპორტულმა დირექტორმა მარკუს კრიოშემ კლუბის ტრადიციას (დიახ, ლაიპციგს უკვე ტრადიციებიც აქვს) არ უღალატა და გუნდი ახალგაზრდა, განვითარებადი ფეხბურთელებით გააძლიერა. ადემოლა ლუკმანის (21 წლის, ევერტონიდან) სახით, ლაიპციგელებმა დაიმატეს ფეხბურთელი, რომელიც 2018/2019 წლების სეზონის მეორე ნახევარშიც ჰყავდათ იჯარით აყვანილი (ლივერპულიდან) და რომელსაც უკვე დამტკიცებული აქვს, რომ ლაიპციგის გაძლიერება შეუძლია.

განვითარებადი მოთამაშეები არიან კრისტოფერ ნკუკუ (21 წლის, პსჟ-დან), ლუან კანდიდო (18 წლის, პალმეირასიდან) და ჰენეს ვოლფიც (20 წლის, ზალცბურგიდან). გარდა ამისა, ლაიპციგმა ჩელსიდან 18 წლის ნიჭიერი მცველი ითან ამპადუც ინათხოვრა. გუნდს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არ დაუკარგავს. ბრუმა ეინდჰოვენში წავიდა, ემილ სმიტ როუვი არსენალში დაბრუნდა, სათადარიგო მეკარე მარიუს მიულერი კი ლუცერნში გადავიდა.

ლიდერი: ტიმო ვერნერი

ტიმო ვერნერი, რომელსაც კონტრაქტი გაისად უმთავრდება, ახალი ხელშეკრულება კი ჯერაც არ გაუფორმებია, მომავალ სეზონშიც ლაიპციგის მთავარი ძალა იქნება. გერმანიის ნაკრების 23 წლის თავდამსხმელს ბუნდესლიგის 114 მატჩში 61 გოლი აქვს გატანილი - ბუნდესლიგაში სხვა არცერთ ლაიპციგელს არ გაუტანია ამაზე მეტი. წინა სეზონში ვერნერმა, რომლის გადაბირებაზე მიუნხენის ბაიერნში ფიქრობენ, 16 გოლი გაიტანა. მისმა პარტნიორმა თავდასხმაში, იუსუფ პოულსენმა კი - 15.

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი - ახალი რანგნიკი?

ლაიპციგელთა მთავარმა შემოქმედმა, რალფ რანგნიკმა სპორტული დირექტორისა და მწვრთნელის რანგში გუნდი მესამე ადგილზე გაიყვანა. ახლა “პროფესორი რალფი” RB-ს შეფია (Head of Global Soccer), მისი საქმე კი ახალგაზრდა (32 წლისაა!) იულიან ნაგელსმანმა უნდა გააგრძელოს, რომელსაც ჰოფენჰაიმში მოსალოდნელზე გაცილებით დიდი წარმატებები ჰქონდა და რომელიც გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სპეციალისტად მიიჩნევა. მისი მიზანია, რომ რანგნიკის ფილოსფია გააგრძელოს, რაშიც აგრესიული პრესინგი და დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლა იგულისხმება. ნაგელსმანი ლაიპციგში 3-5-2 ტაქტიკურ სქემას ამკვიდრებს, თუმცა 4-2-2-2-იც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვარიანტად რჩება.

“მისი დავალებები ყოველთვის ეფექტიანია. ჩვენთვის გასაგებ ენაზე გვესაუბრება და შესანიშნავი მოტივატორია. ნაგელსმანის მთავარი მოთხოვნაა, რომ თითოეული ჩვენგანი მთელი მატჩის განმავლობაში მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს,” - განაცხადა იბრაჰიმა კონატემ “კიკერთან” ინტერვიუში.

მიზანი: ოფიციალურად ისევ საუკეთესო ოთხეული

“ჩვენი მიზანია, რომ რაღაც მაგარი ავიღოთ - მეტალი ან ოქრო!” - განაცხადა ნაგელსმანმა ლაიპციში წარდგენისას. დიდი ხანია, გერმანიაში სიტყვა ჩემპიონობას ბაიერნის და დორტმუნდის გარდა ვერსად ახსენებენ და ასეა ლაიპციგშიც. გერმანელი ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ნაგელსმანის ფორმაციის ლაიპციგმა დიდი სენსაცია მოახდინოს. თავის დროზე, ჩემპიონობას ხომ არც ვოლფსბურგისგან და შტუტგარტისგან ელოდა ვინმე, მაგრამ ასეთები გერმანიაში ძალიან იშვიათად ხდება. საქსონიელთა ოფიციალური მიზანი კი ისევ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, რაც ვერნერს და კომპანიას არ უნდა გაუჭირდეთ.

ბოშის ჰოლანდიური ლევერკუზენი

ლევერკუზენი რომ გერმანიის ჩემპიონი გახდეს, არანკლები სენსაცია იქნება, ვიდრე ვოლფსბურგის, ან შტუტგარტის, უფრო ადრე კი (1998 წელს) კაიზერსლაუტერნის ჩემპიონობა იყო.

შემადგენლობა: ახლები ჰოფენჰაიმიდან

იულიან ბრანდტის სახით, ლევერკუზენის ბაიერი ბოლო წლების ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. “ფარმაცევტებმა” მალევე წარადგინეს მისი შემცვლელი კერემ დემირბაი, რომელიც ბაიერში ჰოფენჰაიმიდან გადავიდა და რომელიც იდეალურად ავსებს იმ სიცარიელეს, რაც ბრანდტის დორტმუნდში წასვლით გაჩნდა. ლევერკუზენმა ასევე ჰოფენჰაიმიდან გადაიბირა ნადიემ ამირიც, რომელსაც ნახევარდაცვაში ფლანგზეც შეუძლია თამაში და ცენტრშიც. კარგი ფეხბურთელები არიან მუსა დიაბი და დაილი სინკგრავენიც.

ლიდერი: კაი ჰავერტცი

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლევერკუზენის მთავარი წარმატება კაი ჰავერტცის შენარჩუნებაა. ეს უკანასკნელი გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. მან თინეიჯერის რანგში შეძლო სეზონში 17 გოლის გატანა და ბუნდესლიგაში უკვე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტალანტი. ჰავერტცს აქვს კარგი პასი, მოედნის ხედვა, სისწრაფე და საგოლე ალღოც.

მას ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში - საყრდენი ნახევარმცველობა, ცენტრალური ნახევარმცველობა, გამთამაშებლობა და გარემარბობაც კარგად გამოსდის. ფაქტია, რომ ამ სეზონში ლევერკუზენის თითქმის ყველა შეტევის ხარისხი 20 წლის კაი ჰავერტცზე იქნება დამოკიდებული.

მწვრთნელი: ბოში შემტევი ფეხბურთის მოყვარულია

პეტერ ბოში ლევერკუზენს შეძლებისდაგვარად ჰოლანდიურ ფეხბურთს ათამაშებს. 4-3-3 ტაქტიკით, ბაიერი წინა სეზონში, უმეტესად ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ბევრი შეცდომებით. პირველი წრე მე-9 ადგილზე დაასრულა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში მოუმატა და საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ბოშის ლევერკუზენმა ჩემპიონობისთვის თუნდაც გაიბრძოლოს, მაგრამ თვალსასეირო ფეხბურთს ისევ ითამაშებს.

55 წლის მწვრთნელის მიზანია, გუნდი უფრო მოქნილი იყოს შეტევაში. ბოშმა მოსამზადებელ პერიოდში რამდენჯერმე გამოსცადა 3-4-2-1 სქემა, მაგრამ ალბათ მაინც 4-3-3-ის ერთგული იქნება.

მიზანი: ჩემპიონთა ლიგის საგზური

ლევერკუზენი ყველა პოზიციაზე კარგადაა დაკომპლექტებული, მაგრამ მხოლოდ 20 წლის კაი ჰავერტცი უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლისთვის საკმარისი ვერ იქნება. თუმცა, წინა სეზონში მე-4 ადგილის დაკავების შემდეგ, ლევერკუზენის ფანები ახლა უფრო მეტს ითხოვენ.

კომენტარები

ბოლო ამბები