Thumbnail
  • საბურთალო 0:2 არარატ-არმენია
  • საქართველოს ჩემპიონი სომხურ გუნდთან ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა
  • გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ევროპალიგაზე გამოსვლა ასე დაასრულა

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონმა საბურთალომ გულშემატკივარს იმედი გაუცრუა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხური არარატ-არმენიას ბარიერი რომ დაეძლია, შემდეგ საკვალიფიკაციო პლეი ოფში ლუქსემბურგის დუდელანჟთან მოუწევდა თამაში და გაჩნდა იმის იმედი, რომ თბილისური გუნდი ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გააღწევდა, მაგრამ...  

საბურთალომ წელს ევროთასებზე სამივე საშინაო მატჩი წააგო

ერთი კვირის წინ, ერევანში გამართულ პირველ მატჩში მოპოვებული გამარჯვების (2:1) შემდეგ, საბურთალოელებმა პლეი ოფისკენ ნაბიჯი გადადგეს და "მიხეილ მესხზე" გამართულ საპასუხო დაპირისპირებაშიც თამაში თავიდანვე ლაღად და თამამად დაიწყეს, სომხები კი დაბნეულები ჩანდნენ. 

უკვე პირველ წუთებში სტუმართა კართან სახიფათო მომენტები ლუკა ლაკვეხელიანმა და გიორგი კოხრეიძემ შექმნეს. და თითქოს, ყველაფერი ქართული გუნდის სასიკეთოდ უნდა წარმართულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

კოხრეიძის მომენტი

მე-10 წუთზე ფურდიელ ნარსინგჰი შეტევის მარჯვენა ფლანგზე ჯერ კოხრეიძეს, შემდეგ კი ლაკვეხელიანს გასცდა და საჯარიმოში ჩააწოდა. იქ ლევან კაკუბავასთან ბრძოლაში ანტონ კობიალკომ იმარჯვა და ახლო მანძილიდან ბურთი ომარ მიგინეიშვილის კარში გადაგზავნა. 

0:1 კობიალკო (10')

ეს ანგარიში საბურთალოსთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ კიდევ მისაღები იყო. ჭიაბრიშვილის შეგირდებმაც იმავე ტემპში გააგრძელეს თამაში, როგორც დაიწყეს - გახსნილად და თამამად, ერთ ეპიზოდში კი მეტისმეტად რისკიანად ითამაშა თბილისური გუნდის მეკარე ომარ მიგინეიშვილმა. 

მიგინეიშვილის რისკიანი თამაში

საბურთალო იერიშებს დიდწილად შეტევის მარცხენა ფლანგიდან აგებდა და სომხური გუნდის კართან სიმწვავესაც ქმნიდა, თუმცა ეპიზოდის გოლით დასრულებას ვერ ახერხებდა. 

საბურთალოს იერიში

33-ე წუთზე გიორგი გაბედავას ჰქონდა ძალიან ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ არარატ-არმენიის მეკარემ ბრწყინვალე სეივი შემოგვთავაზა. ეს პირველ ტაიმში საბურთელოელების ყველაზე რეალური შანსი იყო ანგარიშის გასათანაბრებლად.

გაბედავას მომენტი

მასპინძელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ტაიმი პირველის სცენარით დაიწყო, მაგრამ შემდეგ სტუმრები ნელ-ნელა გათამამდნენ და მიგინეიშვილს კარს შეუტიეს. 55-ე წუთზე ძალიან სახაფითოდ გორ მალაკიანი ურტყამდა, ბურთი კი საბურთალოს კარს მცირე მანძილით აცდა.

არარატ-არმენიას მომენტი

არარატ-არმენიას მინიმუმ გოლი ჰქონდა გასატანი და სამწუხაროდ, მიზანს მიაღწია კიდეც. 66-ე წუთზე გიორგი რეხვიაშვილმა საბურთალოს საჯარიმოში შეჭრილი ანტონ კობიალკო წესების დარღვევით შეაჩერა, რისთვისაც არბიტრიმა 11-მეტრიანი უყოყმანოდ და სამართლიანად დანიშნა.

ომარ მიგინეიშვილმა პეტროს ავეტისიანის დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა - 0:2. ეს ანგარიში კი უკვე სომხებს ნამდვილად აძლევდა ხელს.

0:2 ავეტესიანი (67')

ახლა რთულ მდგომარეობაში უკვე საბურთალო აღმოჩნდა. ჭიაბრიშვილის შეგირდებს მინიმუმ გოლი სჭირდებოდათ, რათა თამაში დამატებით დროში გადაეყვანათ. საბურთალოელთა მწვრთნელმა მოედანზე ლევან ყენია, ოგნენ როლოვიჩი და თორნიკე გორგიაშვილი შეუშვა.

76-ე წუთზე მიზანთან ახლოს გიორგი რეხვიაშვილი იყო. სანდრო ალთუნაშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, საბურთალოს მცველი თავით ურტყამდა, მაგრამ ბურთმა მცირე მანძილით ჩაუქროლა დმიტრი აბაკუმოვის კარს.

რეხვიაშვილის თავური

აქედან მოყოლებული, საბურთალო შტურმზე გადავიდა, არარატ-არმენიამ კი მთელი გუნდით კარის უსაფრთხოებაზე დაიწყო ზრუნვა. მე-80 წუთზე ნიკა მალის ძლიერი დარტყმის შემდეგ სომხების კარი ხარიხამ იხსნა.

მალის გასროლა და ხარიხა

ბოლო წუთებში მოედანზე ფეხურთელებიც წაკინკლავდნენ. არბიტრმა ყვითელი ბარათებით ნიკა მალი და მაილსონ ლიმა დააშოშმინა.

საბურთალო უტევდა, ცდილობდა გატანას, მაგრამ ვერაფერს გახდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი რეხვიაშვილმა კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

არჩათვლილი გოლი

თამაში აქ დასრულდა. ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში სომხური გუნდი ითამაშებს, საქართველოს ჩემპიონმა საბურთალომ კი თავისი პირველი ევროსეზონი თბილისში ასე სამარცხვინოდ დაასრულა.

საბურთალო 0:2 არარატ-არმენია

გოლები: 0:1 კობიალკო (10'), 0:2 ავეტესიანი (67').

საბურთალო (4-3-3): მიგინეიშვილი - მარგველაშვილი, კაკუბავა (69' გორგიაშვილი), რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი - მალი, ალთუნაშვილი, ტერა - დიასამიძე (58' ყენია), გაბედავა (60' როლოვიჩი), კოხრეიძე.

არარატ-არმენია (4-3-3): აბაკუმოვი - პაშოვი, მენესესი, გუზი, ახენტეჰი - ამბარცუმიანი (56' ავეტესიანი), კოჯო, მალაქაინი (70' ანტონოვი) - ნარსინგჰი, კობიალკო (80' დამჩევსკი), მაილსონ ლიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები