Thumbnail

'ან ახლა, ან არასდროს!' - ჯანო ანანიძის მიზანი მოსკოვის სპარტაკში

  • 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მოსკოვის სპარტაკის საიტს ინტერვიუ მისცა
  • ანანიძე სპარტაკის ლიდერობაზე ფიქრობს, იჯარით წასვლაზე კი ფიქრიც არ სურს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ თავისი კლუბის, მოსკოვის სპარტაკის ოფიციალურ საიტს ინტერიუ მისცა. 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად რუსული კლუბის შიდა ამბებზე ისაუბრა, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო რამდენიმე საკითხსაც შეეხო.

შეგახსენებთ, რომ ჯანომ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით სამარის კრილია სოვეტოვში გაატარა. ფეხბურთელმა ილაპარაკა იმაზე, თუ რა შესძინა ამ პერიოდმა, როგორც ფეხბურთელს:

"რაც მთავარია, სათამაშო პრაქტიკა მივიღე. ფეხბუ0რთელისთვის 30-40 წუთით თამაში ცოტაა. სამარაში კი მოედანზე რეგულარულად გავდიოდი, თუ არ ჩავთვლით ბოლო ტურებს, რომლებიც მცირე დაზიანების გამო გამოვტოვე. საბედნიეროდ, ახლა არაფერი მაწუხებს".

ჯანომ გასული სეზონის მეორე ნახევარი კრილია სოვეტოვში გაატარა

ჯანო ანანიძე სპარტაკს ამ ზაფხულს დაუბრუნდა და ახალ სეზონში ამ გუნდის მაისურით ოთხ მატჩში ითამაშა - სამი შეხვედრა რუსეთის პრემიერლიგაში ჩაატარა, ერთიც - ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შვეიცარიულ თუნთან. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან დაკავშირებულ თავის მიზნებსა და ხშირი ტრავმიანობის მიზეზებზეც ილაპარაკა:    

"მინდა, სპარტაკის ლიდერი ვიყო, მაგრამ ვხვდები იმასაც, რომ ეს ან ახლა უნდა შევძლო, ან - არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია თამაში ისე, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები ელიან. სამწუხაროდ, აქამდე ამაში ხელს ხშირი ტრავმები მიშლიდა. თუკი გამოვითვლით, სპარტაკში გატარებული ათი წელიწადიდან სამი მკურნალობას მოვანდომე. 

ჯანოს კარიერა ხშირმა ტრავმებმა ძალიან დააზარალა

ხშირად წამიკითხავს, თითქოს ჩემი პრობლემების მიზეზი აღნაგობა იყოს. მაგრამ შეხედეთ გარეთ ბეილს რეალში. ის ჩემზე სამჯერ უფრო მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ უფრო დიდ აქვს, მაგრამ უფრო ხშირად იმტვრევა, ვიდრე მე! რეალში გატარებული ექვსი წლის განმავლობაში წელიწადნახევარი ითამაშა. 

შესაძლოა, ჩემი ხშირი ტრავმიანობის მიზეზი ის იყოს, რომ ძალიან ადრე დავიწყე დაკაცებული ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში. პლუს, თავად ვარ დამნაშავე იმაში, რომ თავიდანვე აქტიურად არ ვვარჯიშობდი ტრენაჟორებზე. ახლა ამას გაცილებით ხშირად ვაკეთებ. არ ვამბობ იმას, რომ რობოტივით დაკუნთვაა აუცილებელი, როდესაც ბურთსაც ვეღარ გრძნობ. მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და მყესები ტონუსში იყოს. 

ვხვდები, რომ დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო ყველაფერი, რაც შემიძლია - პასების გაკეთება, გატანა, თამაშის წარმართვა. მეხმარება ის, რომ მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ".

ჯანოს მოსკოვის სპარტაკში დებიუტი ათი წლის წინ ჰქონდა

ჯერჯერობით, რუსული მედია ძალზე კრიტიკულად აფასებს ახალ სეზონში ჯანო ანანიძის თამაშს. დაიწერა კიდეც, რომ შესაძლოა მოსკოველებმა ქართველი ფეხბურთელი იჯარით კიდევ ერთხელ გაუშვან…

"იჯარა სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ხარ. თავის დროზე მე გამიმართლა როგორც მწვრთნელის, ისე გუნდის მხრივ (გულისხმობს იჯარას როსტოვში). ძიუბასთან ერთად მოვიგეთ რუსეთის თასი, მივიღე კარგი გამოცდილება. მაგრამ ახლა სპარტაკში დამკვიდრებაა საჭირო, იჯარაზე კი ფიქრიც არ მსურს".

ანანიძის გუნდი 15 აგვისტოს თუნთან საპასუხო მატჩს გამართავს

ჯანო ანანიძეს ორი გოგონა ჰყავს და როგორც ირკვევა, 26 წლის ფეხბურთელს მესამე შვილის ყოლაც სურს - ვაჟის.

"უმცროსი ორი წლისაა და ჯერჯერობით არაფერი ესმის, აი, უფროსი კი, მეუღლესთან ერთად, ყველა მატჩს ესწრება! ახლა ბიჭიც მინდა…"

კომენტარები

ბოლო ამბები