Thumbnail
  • ნეიმარის სპექტაკლი ამ დღეებში უნდა დასრულდეს
  • ბრაზილიელს ბარსელონა ურჩევნია, პსჟ-ს კი რეალთან გარიგება

ზუსტად ისე, როგორც 2 წლის წინ, ახლაც დღე ისე არ გავა, რომ წამყვანმა სპორტულმა გამოცემებმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე არ დაწერონ. ფაქტია, ბრაზილიელს პარი სენ-ჟერმენიდან წასვლა სურს და ფაქტია ისიც, რომ აღარც პარიზულ კლუბს სურს ისეთი სუპერვარსკვლავის შენარჩუნება, რომელსაც თვითონ უნდა პსჟ-ში თამაში. კიდევ ერთი ფაქტი: ნეიმარისთვის ბარსელონა და რეალი იბრძვიან. როგორც ჩანს, 27 წლის ბრაზილიელის ბედი დღეს-ხვალ გადაწყდება.

სამშაბათს, პარიზში ბარსას და პსჟ-ს წარმომადგენლები შეხვდნენ და პირველი მოლაპარაკებები გამართეს. ესპანური მედიის ცნობით, პარიზული გრანდი ბარსასგან ორ ფეხბურთელს და გარკვეულ თანხას ითხოვს. კატალონიელები კი ფრანგებს მხოლოდ ფილიპე კოუტიონიოს და 70-80 მილიონ ევროს სთავაზობენ.

ამავდროულად, მოლაპარაკებების დასაწყებად რეალიც მზადაა. ‘მარკას’ ცნობით, მადრიდელებმა ნეიმარს განსაკუთრებით მიმზიდველი შეთავაზება მოუმზადეს . ამასთან, ‘სამეფო კლუბი’ მზადაა, პსჟ-ს 200 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა, პარიზელებისთვის ეს საკმარისი არ არის. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ნეიმარს ბარსელონაში გადასვლა ურჩევნია, მაგრამ თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რეალშიც სიამოვნებით წავა. მისთვის მთავარია, რომ პსჟ დატოვოს.

‘მუნდო დეპორტივო’ წერს, რომ ნეიმარის ამბავი ამ კვირის ბოლომდე გადაწყდება. პარასკევს, ლივერპულში ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) შეხვედრაა, მანამდე კი ბარსას პრეზიდენტი ბარტომეუ პსჟ-ს ბოს ალ-ხელაიფის შეხვდება. მათი შეხვედრის მიზეზი, რა თქმა უნდა, ნეიმარია.

მართალია, ალ-ხელაიფის ურჩევნია, რომ ნეიმარი რეალში გაყიდოს, მაგრამ რაკი თვითონ ბრაზილიელი ბარსელონას ანიჭებს უპირატესობას, კატალონიურ გრანდს დღევანდელი მდგომარეობით უკეთესი შანსი აქვს. ალ-ხელაიფის კი ძალიან უნდა, რომ ნეიმარის ამბავი ძალიან მალე დასრულდეს. პსჟ-ს ფანები ბრაზილიელს უკვე აგინებენ და რაც მალე მოიშორებენ მას პარიზელები, ყველასათვის უკეთესია.

წაიკითხე‘ნეიმარ, გა**ვი!’ - პსჟ-ს ფანებს ბრაზილიელი ყელში ამოუვიდათ

ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, თუ პსჟ და ბარსა ვერ შეთანხმდებიან, პსჟ რეალთან უფრო გამონახავს საერთო ენას. მადრიდელებს აუცილებლად სურთ კიდევ ერთი სუპერვარსკვლავის შეძენა და, შესაძლოა, ნეიმარში 222 მილიონიც კი გადაიხადონ.

ვნახოთ, ეს სპექტაკლი წესით ამ დღეებში უნდა დასრულდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები