Thumbnail

გოლებიც იქნება - ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი აღმოჩენაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსული მედია 18 წლის ქართველის ნიჭიერებასა და შესაძლებლობებზე ისევ წერს
  • ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ჩემპიონატის შვიდ აღმოჩენას შორის დაასახელეს

ყაზანის რუბინის ქართველი ლეგიონერი, 18 წლის ზურიკო დავითაშვილი იმ შვიდ მოთამაშეს შორის დასახელდა, რომლებიც რუსეთის პრემიერლიგის სასტარტო 5 ტურის შემდეგ, მედიისა და ქომაგებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცნენ.

ყაზანის რუბინს, რომლის ღირსებას დავითაშვილის გარდა, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი იცავენ, ამჟამად 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. განვლილ ხუთ ტურში ზურიკო დავითაშვილი შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა, თუმცა ახალგაზრდა ქართველის თამაშით ყველა აღტაცებულია და რუბინის მთავარი მწვრთნელიც ზურიკოს მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში აყენებს, ბოლო სამ მატჩში კი შეუცვლელად ათამაშებს.

დავითაშვილი და კვარაცხელია მომავალი მატჩისთვის ემზადებიან

დავითაშვილი სეზონის შვიდ აღმოჩენას შორის "რია სპორტმა" დაასახელა. აი, რას წერს საიტი:

"ზაფხულში, სამი ქართველი ფეხბურთელის: დავითაშვილის, კვარაცხელიას და მიქელთაძის სახით გაძლიერება, რუბინზე აშკარად დადებითად აისახა. ჯერჯერობით, უფრო დიდ სათამაშო დროს ზურიკო იღებს, რომელიც ყოველ ტურში მოედანზე საწყისი წუთებიდან გადის.

ნახევარმცველმა სწრაფად შეძლო ტექნიკური ფეხბურთელის სახელის მოპოვება. ის თანაგუნდელებზე ხშირად ამწვავებს თამაშს, წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით კი ლიგის ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორისაა. დავითაშვილს დარტყმაც კარგად აქვს დაყენებული.

ჯერჯერობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა, მაგრამ ასეთი მონაცემებისა და მწვრთნელის ნდობის წყალობით, დიდი ხნით ლოდინი ალბათ არ დაგვჭირდება. რუბინს ძალიან წაადგება ზურიკოს გოლები, რათა კვლავაც მოახერხოს ქულების მოპოვება ზედიზედ ორი წაგების შემდეგ".

ყაზანის რუბინი რუსეთის პრემიერლიგაში მე-6 ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე 18 აგვისტოს, ტულის არსენალთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები