Thumbnail
  • საქართველოს ჩემპიონები დღეს შინ არარატ-არმენიასთან არ უნდა დამარცხდნენ
  • საკვალიფიკაციო პლეი ოფში გია ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე უკვე ცნობილია 
  • ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ასეთი შანსი ქართულ კლუბს აქამდე არ ჰქონია

უეფას ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში საბურთალოს სავარაუდო მეტოქე უკვე გაირკვა. თუკი საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი არარატ-არმენიასთან საპასუხო შეხვედრას სასურველი ანგარიშით დაასრულებს, ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, ლუქსემბურგის დუდელანჟის ბარიერიღა დარჩება გასავლელი.

ცნობილია, რომ ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის პირველ მატჩს დუდელანჟი სტუმრად 22 აგვისტოს ჩაატარებს, საპასუხოს კი - 29 აგვისტოს. 

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, არარატ-არმენიასთან სტუმრად 2:1 გაიმარჯვა, დღეს, 14 აგვისტოს კი, საპასუხო შევედრაში ამ უპირატესობის შენარჩუნება სჭირდება. ქართულ-სომხური გუნდების დაპირისპირება "მიხეილ მესხზე" 20:00 სთ-ზე დაიწყება.

რაც შეეხება ლუქსემბურგის გუნდს, დუდელანჟს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ესტონური კალიუ ჰყავდა. ლუქსემბურგელებმა პირველ მატჩში შინ ანგარიშით 3:1 მოიგეს, 13 აგვისტოს, სტუმრად ტალინში კი მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს - 1:0. აღსანიშნავია, რომ ესტონელები 34-ე წუთიდან კაცნაკლულები თამაშობდნენ.

📺 დუდელანჟის გოლი კალიუსთან 

დუდელანჟმა, რომლის ღირსებას ერთ დროს საბურთალოს ამჟამინდელი ფეხბურთელი ლევან ყენია იცავდა, ევროპალიგაში გამოსვლა მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც მაკედონიურ შკენდიას ორი მატჩის ჯამში აჯობა (2:1, 1:1). 

საქართველოს ჩემპიონებმა ევროთასებზე გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს, სადაც ტირასპოლის შერიფს აჯობეს (3:0, 1:3), მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ზაგრების დინამოსთან დამარცხდნენ (0:2, 0:3) და ევროპალიგაზე გადაინაცვლეს.

კომენტარები

ბოლო ამბები